Thumbnail

NASA მთვარის კრატერში გიგანტური რადიოტელესკოპის აგებას გეგმავს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნულმა სააგენტომ (NASA) ინოვაციური პროექტების განსახორციელებლად გამოყოფილი გრანტების ჩამონათვალი გამოაქვეყნა. ერთ-ერთი იდეა, რომლის შემდგომი დამუშავებისთვისაც ორგანიზაციამ დაფინანსება გასცა, მთვარის კრატერში გიგანტური რადიოტელესკოპის აგებას ითვალისწინებს.

პროექტის მიხედვით, რადიოტელესკოპი დედამიწის თანამგზავრის უკანა მხარეს მდებარე 3-დან 5 კილომეტრამდე დიამეტრის კრატერში განთავსდება. რადიოტელესკოპის დიამეტრი 1 კილომეტრი იქნება, რაც მას მზის სისტემაში ყველაზე დიდ ამგვარ მოწყობილობად აქცევს. 

"ამ რადიოტელესკოპით კოსმოლოგიაში უდიდეს სამეცნიერო აღმოჩენებს გავაკეთებთ. ადრეულ სამყაროზე დაკვირვებას 10-50 მეტრის სიგრძის (6-30 მეგაჰერცი სიხშირის) ტალღების დიაპაზონში შევძლებთ, რომელიც ამ დრომდე გამოკვლეული არ არის. ტელესკოპის აგების გეგმა ჯერ შემუშავების ადრეულ სტადიაზეა, მაგრამ ეს საოცარი პროექტია, რომლის განხორციელებასაც უახლოესი წლების განმავლობაში მთელი მსოფლიო დააკვირდება. თუ ყველაფერი გამოგვივა, ის ისტორიაში შევა", - განაცხადა NASA-ს რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიის თანამშრომელმა, რობოტოტექნიკის სპეციალისტმა, საპტარში ბანდიოპადჰაიამ.

მთვარის კრატერის რადიოტელესკოპი (LCRT). ფოტო: NASA

მოცემული დროისთვის ყველაზე დიდ ერთთეფშიან რადიოტელესკოპად 500-მეტრიანი აპერტურის მქონე სფერული ტელესკოპი (FAST) ითვლება, რომელიც ჩინეთის გუიჯოუს პროვინციაში მდებარეობს. NASA-ს პროექტის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, მთვარზე აგებული რადიოტელესკოპის დიამეტრი მასზე ნახევარი კილომეტრით მეტი იქნება.

მთვარის კრატერის რადიოტელესკოპი (LCRT) დაკვირვებას იმ სიგრძის ტალღებზე შეძლებს, რომლებიც დედამიწის ახლომდებარე თუ ატმოსფერული კომუნიკაციებისა და გრძელი რადიოტალღების ამრეკლავი იონოსფეროს გამო, ჩვენს პლანეტაზე განთავსებული რადიოტელესკოპებისთვის ხელმისაწვდომი არ არის. მის მონტაჟი რობოტი როვერების DuAxel საშუალებით მოხდება, რომლებიც კრატერში მავთულის ბადეს გაშლიან, შემდეგ კი კონსტრუქციის ცენტრში მიმღებს ჩამოკიდებენ. ავტომატიზებული პროცესი ადამიანების უშუალო მონაწილეობას არ ითვალისწინებს.

იდეის ავტორები მისი შემდგომი დამუშავებისთვის NASA-სგან 125 ათას აშშ დოლარს მიიღებენ. 9 თვის შემდეგ, მოწონების შემთხვევაში, პროექტი დამატებით 500 ათასი დოლარით დაფინანსდება, მის სრულყოფაზე მუშაობა კი კიდევ 2 წელს გასტანს. საბოლოო ეტაპზე კი, პროექტის დასასრულებლად 2 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის გრანტი გაიცემა. 

კომენტარები

ბოლო ამბები