Thumbnail

ტუნისის ქუჩებში კარანტინის გასაკონტროლებლად რობოტი პოლიციელები პატრულირებენ

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ჩრდილოეთ აფრიკაში მდებარე ტუნისის რესპუბლიკის პოლიცია კორონავირუსის გამო დაწესებული კარანტინის გასაკონტროლებლად რობოტებს იყენებს. ჭკვიანი მანქანები ჯერჯერობით მხოლოდ ქვეყნის დედაქალაქის ქუჩებში პატრულირებენ და საგანგებო მდგომარეობის დროს გარეთ მოსიარულე ადამიანებს ამოწმებენ.

ჩინეთში COVID-19-ით დაავადებულ პაციენტებზე რობოტები ზრუნავდნენ

ტუნისის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტექნოლოგიური კომპანია Enova Robotics-ის მიერ წარმოებული რობოტების გამოყენება მოსახლეობის მიერ კარანტინის წესების დაცვის კონტროლისა და ვირუსის გავრცელების თავიდან ასარიდებლად გადაწყვიტა. PGuard-ის სახელით ცნობილ მოწყობილობას პოლიციელები დისტანციურად მართავენ და მისი საშუალებით ქუჩაში შემჩნეულ ადამიანებს პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ჩვენებასთან ერთად ახსნა-განმარტებასაც სთხოვენ.

რობოტი პოლიციელი ტუნისის ქუჩებში პატრულირებს. ფოტო: Khaled Nasraoui

რობოტი პოლიციელი ხმის გამაძლიერებლებით, ინფრაწითელი და თერმული კამერებით, ტელემეტრიული სისტემითა და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიური მოწყობილობებითაა აღჭურვილი. 220 კილოგრამზე მეტი წონის აპარატს 8 საათის განმავლობაში უწყვეტად მუშაობა შეუძლია. მისი ღირებულება 100-დან 140 ათას აშშ დოლარამდეა.

იაპონიაში შექმნეს რობოტი, რომელსაც ტკივილის გამოხატვა შეუძლია

Enova Robotics-ის განცხადებით, კომპანიის მიერ წარმოებული კიდევ ერთი რობოტი ტუნისის საავადმყოფოს გადაეცემა. მისი საშუალებით COVID-19-ით დაავადებული პაციენტები ნათესავებთან კომუნიკაციას შეძლებენ. აპრილის ბოლოსთვის კი კორონავირუსით ინფიცირებულთა გამოსავლენად განკუთვნილი რობოტის გამოშვებაც იგეგმება.

ტუნისში კომენდანტის საათი 17 მარტიდან მოქმედებს, კარანტინი კი 22 მარტს გამოცხადდა. ამჟამად ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 700-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, გარდაცვლილია 34 ადამიანი, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 43-ს აღწევს.

კომენტარები

ბოლო ამბები