Thumbnail

Apple-მა iPhone SE სერიის მეორე თაობის სმარტფონი გამოუშვა

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

კომპანია Apple-მა iPhone SE სერიის მეორე თაობის სმარტფონი გამოუშვა. ბიუჯეტური ტელეფონის ეკრანი 4,7 დუიმია, რაც მას ერთ-ერთ ყველაზე მცირე ზომის მოდელად აქცევს.

ალუმინისა და მინისგან დამზადებული პანელის მქონე, უსადენო დამტენით აღჭურვილი სმარტფონი IP67 სტანდარტითაა დაცული, რაც იმას ნიშნავს, რომ 1 მეტრამდე სიღრმეზე წყალში ჩაძირვისას ის 30 წუთის განმავლობაში არ დაზიანდება.

ახალი iPhone SE-ის გაუმჯობესებულ ფუნქციონირებას უსწრაფესი პროცესორი A13 Bionic განაპირობებს, რომელიც ასევე iPhone 11 და 11 Pro მოდელებშია ჩაშენებული.

სმარტფონი ერთი 12-მეგაპიქსელიანი, 5X ზუმის მქონე კამერითაა აღჭურვილი, რომელიც 4K გარჩევადობის ვიდეოს გადაღებას უზრუნველყოფს. სელფის კამერა კი 7-მეგაპიქსელიანია.

Apple-ს iPhone SE სერიის მეორე თაობის სმარტფონი. ფოტო: Apple

სმარტფონის ელემენტის ტევადობა 1,821 mAH-ია, ოპერატიული მეხსიერება 3GB, ფასის მიხედვით ზრდადი შიდა მეხსიერება კი 64GB, 128GB და 256GB მოცულობისაა.

2020 წლის iPhone SE-ის გარე დიზაინი iPhone 8-ის მსგავსია. მისი საშუალებით ვიდეოების ყურება 13 საათის, აუდიო ჩანაწერების მოსმენა კი 40 საათის განმავლობაშია შესაძლებელი. 

ახალი iPhone SE-ს ღირებულება ამერიკის შეერთებული შტატებში 399 დოლარი, დიდ ბრიტანეთში კი 419 გირვანქა სტერლინგი იქნება. სმარტფონის წინასწარი შეკვეთები 17 აპრილიდან დაიწყება. ის მომხმარებლებს 24 აპრილიდან მიეწოდება. კომპანია პროდუქტს 40-ზე მეტ ქვეყანაში გაყიდის.

კომენტარები

ბოლო ამბები