Thumbnail

SpaceX-მა დედამიწის ორბიტაზე 60 ახალი თანამგზავრი გაუშვა

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ილონ მასკის კომპანიამ SpaceX პროექტ Starlink-ის ფარგლებში კოსმოსში 60 ახალი თანამგზავრი გაუშვა. ამით დედამიწის ორბიტაზე გაყვანილი მიკროსატელიტების რაოდენობამ 422-ს მიაღწია, თუმცა უახლოეს მომავალში ორი მათგანის მოხსნა იგეგმება.

რაკეტა Falcon 9, რომლის პირველ, მრავალჯერადი გამოყენების საფეხურს უკვე სამ ფრენაში აქვს მონაწილეობა მიღებული, ფლორიდაში მდებარე კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრიდან დაიძრა და თანამგზავრები პლანეტის დაბალ ორბიტაზე წარმატებით გაიყვანა. ეს მისთვის რიგით 84-ე გაშვება იყო, რითიც Falcon-მა რეკორდი დაამყარა და ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე ხშირად გამოყენებად რაკეტად იქცა.

► ამერიკელი ასტრონავტები SpaceX-ის ხომალდით კოსმოსში მაისში გაფრინდებიან

ფრენის დასრულებისას საფრენი აპარატი ატლანტის ოკეანეში სპეციალურ ხომალდზე დაეშვა, რაც მისთვის დედამიწაზე წარმატებით დაბრუნების უკვე 51-ე შემთხვევაა. აღსანიშნავია, რომ წინა მცდელობისას რაკეტის საფეხური დანიშნულების ადგილს ასცდა და წყალში ჩაიძირა.

ილონ მასკის კომპანიის ამოცანა დედამიწის ორბიტაზე ხელოვნურ თანამგზავრთა თანავარსკვლავედის შექმნაა, რომლის დანიშნულებაც პლანეტის ნებისმიერი წერტილიდან მაღალი სიჩქარის ინტერნეტთან წვდომის უზრუნველყოფა იქნება. პროექტის პირველ ეტაპზე მათი რაოდენობა 1584-ს მიაღწევს, მომავალში კი ჩვენი პლანეტის ორბიტაზე 42 ათასი ხელოვნური თანამგზავრის განთავსებას იმედოვნებენ.

► ნახე, რა გადაიღო ჰაბლის კოსმოსურმა ტელესკოპმა შენს დაბადების დღეს

2020 წელს პროექტ Starlink-ის ფარგლებში კომპანია SpaceX-ს სულ 24 გაშვება აქვს დაგეგმილი. ამის შემდეგ კანადასა და ამერიკის შეერთებული შტატების ჩრდილოეთ ნაწილში სწრაფ ინტერნეტს პირველი მომხარებლები მიიღებენ. 2021 წლიდან კი ქსელში თითქმის მთელი დანარჩენი მსოფლიო ჩაერთვება.

კომენტარები

ბოლო ამბები