Thumbnail

COVID-19-ის აქამდე ცნობილ სიმპტომებს დაავადების 6 ახალი ნიშანი დაემატა

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა თავის ოფიციალურ ვებვერდზე COVID-19-ისთვის დამახასიათებელი სიმპტომების ჩამონათვალს დაავადების კიდევ 6 ნიშანი დაუმატა. ამით მათი რაოდენობა 9-მდე გაიზარდა.

დღემდე ყველაზე საყურადღებო სიმპტომებად ტემპერატურის მომატება, მშრალი ხველა და სუნთქვის გაძნელება მიიჩნეოდა, თუმცა კორონავირუსით ინფიცირებულთა უკეთ შესწავლამ სხვა ინდიკატორებიც გამოკვეთა. ახალი მონაცემების მიხედვით, COVID-19-ის ნიშანი შეიძლება იყოს ასევე ციება, კანკალი, კუნთების ან თავის ტკივილი, ყელის ანთება და ყნოსვისა და გემოს უეცარი დაკარგვა.

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი მოქალაქეებს მოუწოდებს, ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომის აღმოჩენის შემთხვევაში, დაუყონებლივ მიმართონ ექიმს. განსაკუთრებით კი მაშინ, თუ სუნთქვა უძნელდებათ, გულმკერდის არეში მუდმივი ტკივილი ან სიმძიმის შეგრძნება აწუხებთ, გამოფხიზლება უჭირთ და სახის ან ტუჩების სილურჯე აღენიშნებათ.

დაავადების სიმპტომები კორონავირუსით ინფიცირებიდან 2-14 დღის გასვლის შემდეგ შეიძლება გამოვლინდეს, საშუალო საინკუბაციო პერიოდად კი 5 დღეა მიჩნეული. აღსანიშნავია ისიც, რომ ხშირად დაავადება უსიმპტომოდაც მიმდინარეობს, რა დროსაც ადამიანებს მისი გავრცელება შეუძლიათ. ამიტომ ეპიდემიოლოგები პანდემიის დროს სახლში დარჩენას გვირჩევენ.

► ახალი კვლევა მოწმობს, რომ მზის სხივები კორონავირუსს სწრაფად ანადგურებს

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, COVID-19 ჩინეთის ქალაქ უხანში 2019 წლის 8 დეკემბერს გავრცელდა. თუმცა, არაოფიციალური ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ხუბეის პროვინციაში ჯერ კიდევ 17 ნოემბერს აღინიშნა. მოცემული დროისთვის მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 3 მილიონს აჭარბებს. აქედან 888 ათასი ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილთა რიცხვი კი 207 ათასს აღემატება.

კომენტარები

ბოლო ამბები