Thumbnail

ნახეთ: პენტაგონმა ამოუცნობი მფრინავი ობიექტების ამსახველი 3 ვიდეო გამოაქვეყნა

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

პენტაგონმა თავის ოფიციალურ ვებგვერდზე ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების პილოტების მიერ გადაღებული სამი ვიდეო გამოაქვეყნა, რომლებშიც ამოუცნობი მფრინავი ობიექტებია აღბეჭდილი. აღნიშნული მასალა პირველად გასაჯაროვდა მას შემდეგ, რაც წინა წლებში ინტერნეტსივრცეში არაოფიციალურად გავრცელებულმა კადრებმა საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. მათი ავთენტურობა ამ დრომდე დადასტურებული არ იყო.

"აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ამ ვიდეოებს აქვეყნებს იმისთვის, რათა გაბათილდეს ნებისმიერი არასწორი წარმოდგენა იმის შესახებ, არის თუ არა გავრცელებული კადრები ნამდვილი და შეიცავდა თუ არა ისინი რამეს დამატებით იმის გარდა, რაც მათში ნაჩვენებია. ვიდეოებში ასახული ფენომენის წარმომავლობა დღემდე უცნობია", - განაცხადა დეპარტამენტის სპიკერმა, სიუ გაფმა.

პენტაგონის მიერ გავრცელებული ერთ-ერთი ვიდეო 2004 წელსაა გადაღებული. მასში ორი პილოტის მიერ სამხედრო სწავლების ფარგლებში წყნარი ოკეანის თავზე განხორციელებადი ფრენისას დაფიქსირებულ დაახლოებით 12 მეტრის სიგრძის ამოუცნობ ობიექტს ვხედავთ.

პილოტები მისი მიმართულებით საბრძოლო კრეისერმა გაგზავნა, რომელიც ამოუცნობ მფრინავ ობიექტს რამდენიმე კვირის განმავლობაში ადევნებდა თვალყურს. თვითმფრინავების მიახლოვებისას ობიექტმა სწრაფი აღმასვლა დაიწყო და სანამ გაქრებოდა, მათ შორის არსებული მანძილი ერთ წუთზე ნაკლებ დროში დაფარა. ერთ-ერთი პილოტის თქმით, ასეთი აჩქარება მას არასდროს უნახავს.

 

დანარჩენი ორი ვიდეო 2015 წლითაა დათარიღებული. მათგან ერთ-ერთი ჰაერში სწრაფად მოძრავ ობიექტს ასახავს, რომელიც ქარის საწინააღმდეგო მიმართულებით გადაადგილების დროს ბრუნვას იწყებს. იმავე წელს დაფიქსირებული მეორე, თეთრი შეფერილობის ობიექტი კი წყნარი ოკეანის ზედაპირთან ახლოს დაფრინავს და წინა შემთხვევის მსგავსად, მოკლე დროში დიდი მანძილის დაფარვას ახერხებს. ვიდეოებში პილოტების საუბარიც ისმის, რომლის დროსაც ისინი ნანახით გაოცებას გამოხატავენ. 

გამოქვეყნებულ მასალაში ასახულ სამივე მოვლენას პენტაგონი "ამოუცნობ საჰაერო ფენომენად" ახასიათებს. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ თავდაცვის დეპარტამენტის მიერ გასაჯაროებული ვიდეოები არ ამჟღავნებს არანაირ საიდუმლო შესაძლებლობებს ან სისტემებს და არ უშლის ხელს არცერთ სამომავლო გამოძიებას, რომლის მიზანიც ამ ობიექტების შესწავლა იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები