Thumbnail

პალეონტოლოგებმა დედამიწის ისტორიაში ყველაზე საშიში ადგილი გამოავლინეს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

აშშ-ის დეტროიტის, ჩიკაგოსა და მონტანას, დიდი ბრიტანეთის პორტსმუტისა და ლესტერის, მაროკოს კასაბლანკასა და კანადის მაკგილის უნივერსიტეტებში და პარიზის ბუნებათმცოდნეობის მუზეუმში მომუშავე მეცნიერებმა საჰარას უდაბნოს ცარცული პერიოდის ნიადაგის ფენებში შემორჩენილი ნამარხების შესწავლისას დაასკვნეს, რომ მტაცებელი ცხოველების სიმრავლის გამო, ეს ტერიტორია დედამიწის ისტორიაში ყველაზე საშიში ადგილი იყო.

► NASA-მ საჰარაში მდებარე უძველესი გიგანტური ტბის ფოტო გაავრცელა

პალეონტოლოგთა მიერ გამოცემაში ZooKeys გამოქვეყნებული კვლევა სამხრეთ-აღმოსავლეთ მაროკოში მდებარე კემ კემის ჯგუფის სახელით ცნობილ უძველეს გეოლოგიურ ქანებში არსებული ხერხემლიანების ნაშთების ყველაზე საფუძვლიანი მიმოხილვაა. 100 მილიონი წლის წინ მთელი ეს რეგიონი მდინარეებით იყო დაფარული და იქ წყალსა და ხმელეთზე მცხოვრები ცხოველების უამრავი სახეობა ბინადრობდა. მათ შორის, ყველა დროის ყველაზე დიდი ხორცისმჭამელი დინოზავრები, მფრინავი რეპტილიები და ნიანგის მსგავსი მტაცებლები.

სამხრეთ-აღმოსავლეთ მაროკოს ტერიტორიაზე ოდესაღაც კარხაროდონტოზავრები და ნიანგის მსგავსი მტაცებლები ბინადრობდნენ. სურათი: Davide Bonadonna

სწორედ კემ კემის ჯგუფშია აღმოჩენილი კარხაროდონტოზავრის ნამარხი. უზარმაზარი დინოზავრის სიგრძე დაახლოებით 8 მეტრი იყო, მისი კბილების ზომა კი 20 სანტიმეტრს აღწევდა. 

"ჩვენი პლანეტის ისტორიაში ეს უდავოდ ყველაზე საშიში ადგილი იყო. დროში მოგზაური ადამიანი იქ მოხვედრის შემთხვევაში ცოცხალი ნამდვილად ვერ გადარჩებოდა", - აცხადებს დეტროიტის მერსის უნივერსიტეტის ბიოლოგიის ასისტენტ-პროფესორი, ნიზარ იბრაჰიმი.

აღნიშნული არეალი წყლის მდიდარი ეკოსისტემით გამოირჩეოდა. მილიონობით წლის წინ დამშრალ მდინარეებში დიდი რაოდენობით სხვადასხვაგვარი თევზი ბინადრობდა, რომლებიც ბევრად დიდი ზომის იყვნენ, ვიდრე თანამედროვე სახეობები. მეცნიერთა თქმით, გიგანტურ ტეროპოდთა პოპულაციისთვის საკვების ერთ-ერთ მთავარ წყაროს სწორედ ისინი წარმოადგენდნენ.

► ქარვაში ყველაზე პატარა დინოზავრის თავის ქალა აღმოაჩინეს

მკვლევრები აცხადებენ, რომ მათი ნაშრომი აფრიკაში დინოზავრების ხანის სრულყოფილი შესწავლის საშუალებას იძლევა და კიმ კიმის ჯგუფში ორ, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ ნიადაგის ფორმაციას გამოკვეთს, რომლებშიც პრეისტორიული ცხოველების დიდი რაოდენობის ნამარხებია შემონახული.

კომენტარები

ბოლო ამბები