Thumbnail

10 თანამედროვე ქართული გამოგონება და ინოვაცია

ქართველი მეცნიერები ინოვაციური იდეების ნაკლებობას არასდროს უჩიოდნენ. დავით კაკაბაძის სამგანზომილებიანი კინოპროექტორი, ბორის რჩეულიშვილის ვიდეომაგნიტური ჩამწერი, ვიქტორ სულაქველიძის ლაზერული პისტოლეტი, ალექსანდრე ქართველიშვილის ავიაგამანადგურებლები, ვლადიმერ ბექაურის უპილოტო საბრძოლო აპარატები, ალექსანდრე ნადირაძის საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტები, ელგუჯა მეძმარიაშვილის კოსმოსური რეფლექტორი - ეს გასულ საუკუნეში მოღვაწე ქართველი ინჟინრებისა და მათი გამოგონებების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია.

ინტერნეტისა და გლობალიზაციის ეპოქაში ქართველ მეცნიერებსა თუ გამომგონებლებს ორიგინალური იდეების რეალიზაცია კიდევ უფრო გაუადვილდათ, რის შედეგადაც თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული არაერთი უნიკალური სერვისი და პროდუქტი ვიხილეთ. მაშ ასე, წარმოგიდგენთ ბოლო პერიოდის ათ საინტერესო ქართულ ინოვაციურ პროექტსა და გამოგონებას.

10. 3D პრინტერით დამზადებული ქვევრი

ქართული ღვინის ქვევრში დაყენების ტრადიცია სულ მცირე 8 ათას წელს ითვლის. თუმცა, არცთუ იშვიათია შემთხვევები, როდესაც ჭურჭელში წუნის აღმოჩენის გამო, სასმელი საუკეთესო საგემოვნო თვისებებს კარგავს. 2018 წელს ნიკა გუჯეჯიანმა, გიორგი მამასახლისმა და დავით მიზანდარმა პროექტით QvevriXYZ ამ პრობლემას ორიგინალური გადაწყვეტა მოუფიქრეს.

მათი იდეა ქვევრის 3D პრინტერით დაბეჭდვას გულისხმობს. ეს მეთოდი ძერწვის ხანგრძლივ პროცესს რამდენიმე საათამდე ამცირებს და მას უნაკლოს ხდის. თიხის ჭურჭლის ციფრული მაკეტი მეთუნე ოსტატების მრავალსაუკუნოვანი გამოცდილების გათვალისწინებით შეიქმნა. ნიდერლანდელი დიზაინერისა და კერამიკოსის, ოლივიე ვან ჰერპტის დახმარებით კი პირველი 3D ქვევრები დამზადდა. პროექტმა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) 100 ათას ლარიანი გრანტი მოიპოვა, რომელიც 1000 და 1500-ლიტრიანი ჭურჭლის დასამზადებლად საჭირო 3D პრინტერის აგებას მოხმარდება. 

9. ელექტრონული მაღაზია Homemarket

ლევან ალექსიშვილს ორიგინალური სავაჭრო პლატფორმის შექმნის იდეა 2015 წელს დაებადა, ოთხი წლის შემდეგ კი ქართულ ბაზარზე Homemarket გამოჩნდა. ამ ონლაინ მარკეტში შეგიძლიათ უსწრაფესად შეარჩიოთ, შეიძინოთ და უკონტაქტოდ მიიღოთ ყველაფერი ის, რასაც მაღაზიაში რეალური შესყიდვის დროს ყიდულობთ. საქონელი დახურულ საწყობში ინახება, სადაც მხოლოდ ჰიგიენის დაცვის სპეციალური საშუალებებით აღჭურვილი თანამშრომლები დაიშვებიან. 

სპეციალური პლანშეტი, რომელიც მაცივარზე მაგრდება, მომხმარებლებს დახლებს შორის მოგზაურობისა და მრავალფეროვანი საკვების, სასმლის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა თუ სხვა საქონლის შერჩევის საშუალებას სახლიდან გაუსვლელად აძლევს. შესაკვეთად მხოლოდ თითის რამდენიმე მოძრაობაა საჭირო, კომპანიის კურიერები კი შენაძენს არაუგვიანეს ერთ საათში მოგიტანენ. 

8. ჭკვიანი ბეჭედი Cnick

დავით კვიციანმა, გიორგი მიქაცაძემ და კობა ცერცვაძემ ჭკვიანი ბეჭდის შექმნა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ისინი მაღაზიის სალაროსთან, სპორტდარბაზის კართან თუ უნივერსიტეტის შესასვლელთან საფულეში სწორი ელექტრონული ბარათის ძებნამ დაღალა. NFC ტექნოლოგიის ბეჭედში ჩამონტაჟების გზით ამ ბარათების გაერთიანების იდეამ გამომგონებლებს GITA-ს 100 ათას ლარიანი გრანტი მოუტანა.

ხისგან დამზადებული, ძვირფასი ქვით გაფორმებული Cnick-ის სხვადასხვა მოდელი განსხვავებული ფუნქციებითაა აღჭურვილი. მათ უმეტესობას პირადი ინფორმაციის, მაგალითად, მომხმარებლის სამედიცინო ისტორიის შენახვა, რამდენიმე ლინკის დამახსოვრება და ბილეთად თუ ელექტრონულ გასაღებად ქცევა შეუძლია, ზოგიერთი კი საბანკო გადახდებისთვისაც გამოიყენება.

7. ონლაინ სამედიცინო ეკოსისტემა EKIMO

ეს ონლაინ სამედიცინო ეკოსისტემა 2019 წელს შეიქმნა. ინოვაციური სერვისის მომხმარებლებს სხვა პაციენტების შეფასებებისა თუ ბიოგრაფიული ცნობების საფუძველზე სხვადასხვა პროფილის ექიმის ელექტრონულად შერჩევა, მასთან კონსულტაციის დაჯავშნა და ტელეფონით გასაუბრება შეუძლიათ.

ამის გარდა, EKIMO დანიშნულების მოთხოვნის, მედიკამენტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღების, აფთიაქებში ფასების გადამოწმებისა და როგორც სამკურნალო, ასევე თავის მოვლის საშუალებების ონლაინ შეძენის საშუალებას იძლევა. მუდმივად განახლებადი პლატფორმა უამრავ სადაზღვევო კომპანიას, აფთიაქსა და კლინიკას აერთიანებს, რაც სხვადასხვა სამედიციო მომსახურების ერთ სივრცეში მიღებას ხდის შესაძლებელს.

6. წყლის საქაჩი სისტემა Ireksoni

პირველი ავტონომიური ტუმბო, რომელიც წყლის საქაჩად მხოლოდ ჰიდრავლიკური დარტყმის ძალას იყენებდა, ფრანგმა მეცნიერმა ჟოზეფ მიშელ-მონგოლფიემ 1796 წელს შექმნა. 2009 წელს კი ქართველმა გამომგონებელმა, იოსებ ნარჩემაშვილმა ამ დანადგარის გაუმჯობესებული, გაცილებით მძლავრი და გამძლე ანალოგი დაამზადა, შემდეგ საკუთარი ქმნილებაც დახვეწა და უნივერსალური ტუმბო სახელად Ireksoni დააპატენტა.

ეს ჰიდრავლიკური ტუმბო არ მოიხმარს ელექტროენერგიასა და საწვავს, არ საჭიროებს საპოხ საშუალებებს და აქვს ერთადერთი ცვეთადი ნაწილი - სარქველის რეზინები, რაც მის ექსპლუატაციას იაფსა და ეკოლოგიურად უსაფრთხოს ხდის. ამ დროისთვის "ირეკსონი" სასმელ და სარწყავ წყალს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მდებარე რამდენიმე დასახლებულ პუნქტს აწვდის.

5. ინოვაციური ავტოასისტენტი Caru

ავტოსერვისის ონლაინ პლატფორმა, რომელიც ნიკა აბაშიძემ 2018 წელს შექმნა, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართული სტარტაპია. Caru-ს განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ მისი მომსახურებით სარგებლობისას ავტომფლობელებს მანქანის შეკეთებაში დროის ხარჯვა თავად აღარ უწევთ.

დაზიანებული ტრანსპორტი კლიენტის ნაცვლად ხელოსანთან ვებგვერდზე წინასწარ შერჩეულ ასისტენტს მიჰყავს, რომელიც საჭიროების შემთხვევაში უიშვიათეს სათადარიგო ნაწილებსაც პოულობს, ყველა სხვა შესაძლო პრობლემასაც აგვარებს და მანქანას პატრონთან უმოკლეს დროში აბრუნებს. ადგილობრივი მომხმარებლების გულის მოგების შემდეგ, 2020 წლის მარტში კომპანია უკრაინის ბაზარზეც გავიდა და მზადაა იქაური ავტომოყვარულების კომფორტზე იზრუნოს.

4. ინტერნეტ ბრაუზერი Stack

Stack 2018 წელს შექმნილი პირველი ქართული ინტერნეტ ბრაუზერია, რომლის შექმნის იდეაც გიორგი ლალიაშვილსა და გუნდის დანარჩენ წევრებს მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც გააცნობიერეს, რომ მათ საჭიროებებს არსებული პროგრამები ვერ აკმაყოფილებდნენ. ინოვაციური მიდგომა მომხმარებელს ყველა სასურველი ვებ-აპლიკაციის ერთ ეკრანზე განთავსებისა და თითოეულზე პარალელურ რეჟიმში მუშაობის საშუალებას აძლევს, რაც ინფორმაციის გაცვლის პროცესს განსაკუთრებით სწრაფსა და მოსახერხებელს ხდის.

დაუღალავ შრომას GITA-ს 100 ათას ლარიან გრანტი, საერთაშორისო პარტნიორების დაინტერესება, ავსტრიულ-ამერიკული სტარტაპ აქსელერატორის, 360Lab-ის კონკურსში გამარჯვება და მილიონი ევროს ოდენობით დაფინანსების მოპოვება მოჰყვა. ამ ეტაპზე პროგრამა მხოლოდ "მაკინტოშის" ოპერაციულ სისტემასთანაა თავსებადი, თუმცა უახლოეს მომავალში ის ხელმისაწვდომი "ვინდოუსის" მომხმარებლებისთვისაც გახდება.

3.  ონლაინ ზარის პლატფორმა LiveCaller

2019 წელს ნიკა გაბუნიამ, გიგა გოცირიძემ და გიორგი ჩადუნელმა საკუთარი სტარტაპისთვის GITA-ს 100 ათას ლარიანი გრანტი მიიღეს. LiveCaller-ის დამფუძნებლებმა მარკეტინგის, დეველოპინგისა და კომუნიკაციების სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილების გამოყენებით შექმნეს პროგრამა, რომელიც სავაჭრო თუ სხვა სახის მომსახურების მომწოდებელი კომპანიის ვებგვერდს ებმის და მის კლიენტებს ადმინისტრაციასთან უსწრაფესად დაკავშირების საშუალებას აძლევს.

მომხმარებელს კითხვების დასასმელად ონლაინ ზარის ან ელექტრონული მიმოწერის ფუნქციის გამოიყენება შეუძლია. ქართულმა სტარტაპმა რამდენიმე დიდი კორპორაციის, მათ შორის უმსხვილესი ინტერნეტ მაღაზიის, Amazon-ის ყურადღებაც მიიპყრო და დამატებით 40 ათასი დოლარის დაფინანებაც მოიპოვა. ამ დროისთვის LiveCaller-ის სერვისით უკვე არაერთი კომპანია სარგებლობს.

2. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სისტემა TTM 

ავტომობილის სიჩქარის დინამიური რეგულირების ჭკვიანი მოწყობილობის შექმნის იდეა ვახტანგ იაშვილს, დიმიტრი აბაშიძესა და გიორგი ესვანჯიას 2018 წელს, ქვეყანაში ავტოკატასტროფების რიცხვის ზრდაზე ფიქრისას გაუჩნდათ. მათი გამოგონება მანქანის მაქსიმალურ სიჩქარეს გზის მიმდინარე მონაკვეთზე დადგენილი წესის შესაბამისად ავტომატურად არეგულირებს.

TTM სიჩქარის ლიმიტის შესახებ ინფორმაციას ავტომობილის ადგილმდებარეობის მიხედვით ადგენს, რის შემდეგაც მას გადადგილების რეალურ სიჩქარეს ადარებს, გადაჭარბების შემთხვევაში კი მძღოლს ხმოვანი და მანათობელი სიგნალებით აფრთხილებს და აჩქარების პედალს თიშავს. საკუთარი პროდუქტის საერთაშორისო სტანდარტებზე მოსარგებად კომპანიამ GITA-ს 100 ათას ლარიანი გრანტი მიიღო და ამჟამად მსოფლიო ბაზარზე გასასვლელად ემზადება.

1. მეხანძრის ჭკვიანი სპეცაღჭურვილობა Elven Fire Heavy

ამერიკელი მილიარდერის, ილონ მასკის მიერ მარსზე პილოტირებადი მისიის გაშვების იდეის გაჟღერებისთანავე ვამეხ ხერხეულიძემ, გიორგი გაბარაშვილმა და ლადო წიბახაშვილმა კომპანია Elven Technologies დააფუძნეს და ასტრონავტის კოსტიუმის შექმნაზე დაიწყეს მუშაობა. თუმცა, მას შემდეგ, რაც ქსოვილების ცეცხლგამძლე კომბინაცია აღმოაჩინეს, მათ მეხანძრეებისთვის განკუთვნილი სპეცაღჭურვილობის დამზადება დაიწყეს.

სამოსის გარე შრე ცეცხლგაუმტარია და მაღალი ტემპერატურის მიმართ განსაკუთრებული მედეგობით გამოირჩევა. ის ასევე წყალგაუმტარია, რაც მეხანძრეს დამატებით წყლის ცხელი ორთქლისგან იცავს. კოსტუმის შიდა შრეში, რომელიც უშუალოდ კანს ეხება, გაგრილების სისტემაა ჩადგმული, რომელიც საჭიროების შემთხვევაში 4-6 საათიან დაცვას უზრუნველყოფს. პროტოტიპზე მუშაობა 2020 წლის ბოლოს დასრულდება, რის შემდეგაც ის გამოსაცდელად ქართველ მეხანძრეებს გადაეცემათ.

კომენტარები

ბოლო ამბები