Thumbnail

COVID-19-ის ვაქცინა, შესაძლოა, სექტემბერში იყოს ხელმისაწვდომი

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ოქსფორდის უნივერსიტეტთან არსებული ედვარდ ჯენერის სახელობის ინსტიტუტში მომუშავე მეცნიერთა განცხადებით, COVID-19-ის ვაქცინის რამდენიმე მილიონი დოზა, შესაძლოა, მიმდინარე წლის სექტემბერში იყო ხელმისაწვდომი. დაწესებულებამ, რომელსაც მწვავე რესპირატიორული სინდრომის, მალარიისა და ებოლას საწინააღმდეგო პრეპარატებზე მუშაობის გამოცდილება აქვს, ახალი კორონავირუსის ვაქცინის ადამიანებზე გამოცდის უფლება მიიღო.

ინსტიტუტში შექმნილი ვაქცინა უკვე წარმატებით გამოსცადეს მაიმუნებზე, თუმცა მეცნიერები აღნიშნავენ, რომ პრიმატების იმუნიტეტი ჩვენისგან განსხვავდება, ამიტომ დადებითი შედეგის მიუხედავად, ჯერჯერობით უცნობია, ექნება თუ არა მედიკამენტს მსგავსი ეფექტი ადამიანებშიც.

ამის გასარკვევად, 6 ათასი შერჩეული კანდიდატის ვაქცინაცია იგეგმება, რომელთაგან 1100-მა ცდის პირველ ფაზაში მონაწილეობა უკვე მიიღო. პროცესის დასაჩქარებლად, მეცნიერები კვლევის მეორე და მესამე ეტაპის გაერთიანებას აპირებენ და საბოლოო პასუხის მიღებას უახლოეს მომავალში ელიან.

ოქსფორდის უნივერსიტეტთან არსებული ედვარდ ჯენერის სახელობის ინსტიტუტში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობენ. ფოტო: Oxford University

ინსტიტუტმა ვაქცინის შესაქმნელად მიმართა ტექნოლოგიას, რომელიც უკვე ნაცნობი ვირუსის გენეტიკური კოდის ცვლილებას ითვალისწინებს. ტრადიციულად ვაქცინაციისას ვირუსის შესუსტებული ვერსია გამოიყენება, რომელიც იმუნური სისტემის საპასუხო რეაქციას იწვევს, თუმცა ამ შემთხვევაში მეცნიერებმა სხვა ვირუსი შეცვალეს, რათა მისი უარყოფითი ეფექტები განეიტრალებულიყო, შემდეგ კი ის COVID-19-ის გამომწვევ კორონავირუსს დაამსგავსეს. ინიექციისას ვირუსის უწყინარ ასლს ადამიანის იმუნური სისტემის გააქტიურება შეუძლია, რომელიც მიზანში ამოღებულ ვირუსს კლავს და ორგანიზმის დაცვას უზრუნველყოფს.

COVID-19-ის აქამდე ცნობილ სიმპტომებს დაავადების 6 ახალი ნიშანი დაემატა

აღსანიშნავია, რომ ოქსფორდის უნივერსიტეტის გარდა, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემუშავებაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში კიდევ არაერთი დაწესებულება მუშაობს. მათ შორისაა ორი ამერიკული კომპანია Moderna და Inovio, რომლებიც ცდებს უკვე აწარმოებენ და საკუთარი პრეპარატის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის დამტკიცებას ცდილობენ.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, COVID-19 ჩინეთის ქალაქ უხანში 2019 წლის 8 დეკემბერს გავრცელდა. თუმცა, არაოფიციალური ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ხუბეის პროვინციაში ჯერ კიდევ 17 ნოემბერს აღინიშნა. მოცემული დროისთვის მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 3 მილიონს აჭარბებს. აქედან 1 მილიონზე მეტი ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილთა რიცხვი კი 230 ათასს აღემატება.

კომენტარები

ბოლო ამბები