Thumbnail

მთვარის ნატეხი 2 მილიონ გირვანქა სტერლინგად იყიდება

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ლონდონში მდებარე კრისტის სააუქციონო სახლი მსურველებს მთვარიდან მოფრენილ ერთ-ერთ ყველაზე დიდი ზომის მეტეორიტს 2 მილიონ გირვანქა სტერლინგად სთავაზობს.

საჰარის უდაბნოში აღმოჩენილი NWA 12691-ის სახელით ცნობილი მეტეორიტი 13.5 კილოგრამს იწონის და დედამიწაზე ჩამოვარდნილ მთვარის ნატეხებს შორის სიდიდით მეხუთეა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ისინი ციური სხეულის ზედაპირს კომეტის ან ასტეროიდის შეჯახების შედეგად გამოეყვნენ, რის შემდეგაც ჩვენს პლანეტაზე აღმოჩნდენ.

NWA 12691-ის სახელით ცნობილი მეტეორიტი, რომელიც საჰარის უდაბნოში ჩამოვარდა. ფოტო: Christie's

მთვარისგან ჩამოტეხილი ქვების უმეტესობა საჰარას უდაბნოში ჩამოცვივდა. ამ ტერიტორიაზე სულ ოცდაათამდე მეტეორიტია ნაპოვნი, რომელთა შესწავლამ ცხადყო, რომ ისინი დედამიწის თანამგზავრის ერთი და იმავე, შეჯახების შედეგად დაზიანებულ ადგილს გამოეყო. ჩვენს პლანეტაზე არსებული მთვარის გრუნტის საერთო წონა დაახლოებით 650 კილოგრამს შეადგენს, საიდანაც 400 კილოგრამი NASA-ს მიერ 1960-70-იან წლებში განხორციელებული "აპოლოს" პროგრამის ფარგლებშია ჩამოტანილი. ეს მეცნიერებს ქვების ქიმიური და იზოტოპური შემადგენლობის ანალიზისა და მათი წარმომავლობის დადგენის საშუალებას აძლევს.

► მეცნიერებმა მთვარის დეტალური გეოლოგიური რუკა შეადგინეს

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სააუქციონო სახლის წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ იშვიათი ობიექტით არა მხოლოდ კოლექციონერები, არამედ საბუნებისმეტყველო მუზეუმებიც დაინტერესდებიან. მსურველებისთვის მთვარიდან ჩამოვარდნილი კიდევ 13 მეტეორიტი იქნება ხელმისაწვდომი, რომელთა საერთო ღირებულება 1.4 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.

კომენტარები

ბოლო ამბები