Thumbnail

როგორ ცხოვრობს ჩინეთის ქალაქი უხანი კარანტინის გაუქმების შემდეგ

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

COVID-19-ით დაავადების ახალი შემთხვევების მკვეთრი კლების გამო, ჩინეთმა 8 აპრილს ხუბეის პროვინციის 11-მილიონიან დედაქალაქში 76 დღის განმავლობაში მოქმედი კარანტინი გააუქმა. პანდემიის თავდაპირველი ეპიცენტრი ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება, თუმცა კორონავირუსის ხელახალი გავრცელების თავიდან ასაცილებლად იქ გარკვეული შეზღუდვები ისევ მოქმედებს.

► უხანის საავადმყოფოებიდან კორონავირუსით ინფიცირებული ყველა პაციენტი გაეწერა

ქალაქ უხანში აღდგა ტრანსპორტის მოძრაობა, ეტაპობრივად იხსნება საგანმანათლებლო დაწესებულებები, მოქალაქეებს კი სამსახურეობრივი საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა მიეცათ. ამის მიუხედავად, ძალაში რჩება ისეთი პრევენციული ღონისძიებები, როგორიცაა დამცავი ნიღბის ტარება, ტემპერატურის შემოწმებები და მასობრივი თავყრილობების აკრძალვა. მოსახლეობის მიერ სოციალური დისტანციის დაცვას პოლიცია მკაცრად აკონტროლებს. ხუბეის პროვინციიდან გასვლისა და მის ტერიტორიაზე შემოსვლის უფლებაც მხოლოდ ჯანმრთელ და ინფიცირებულებთან კონტაქტის არმქონე პირებს აქვთ. ეს მათ სმარტფონებში სავალდებულო წესით ჩაწერილი აპლიკაციით კონტროლდება. 

► ჩინეთში კარანტინში მყოფ მოქალაქეებს სახლში დამონტაჟებული კამერებით აკონტროლებენ

წარმოება განაახლეს მსხვილმა კომპანიებმაც. სამსახურში დაბრუნებულ თანამშრომლებს განსხვავებული სამუშაო გარემო დახვდათ. მაგალითისთვის, Lenovo-ს საწარმოში დასაქმებულები ვალდებულნი არიან, ტემპერატურა დღეში სულ მცირე ოთხჯერ მაინც გაიზომონ და ანგარიში საკუთარ ხელმძღვანელს წარუდგინონ. შეგროვებულ მონაცემებს საგანგებოდ შექმნილი სისტემა აანალიზებს. შეხვედრებისთვის განკუთვნილ ოთახებში იქ მხოლოდ 3 ადამიანი დაიშვება, კაფეტერიაში მაგიდები ერთმანეთისგან წინაღობებითაა გამოყოფილი, მარაგების გადასაზიდად რობოტებს იყენებენ, ხოლო ლიფტების ნაცვლად კიბეებით სარგებლობენ.

უხანი კარანტინის გაუქმების შემდეგ

ქალაქ უხანის გარეუბანში მდებარე Lenovo-ს საწარმოს კაფეტერია. მაგიდების თავზე ვკითხულობთ: ხელების დაბანა ჯანმრთელობის საწინდარია; ლანჩის დასრულებისთანავე დატოვეთ ტერიტორია; არ ისაუბროთ, სწრაფად მიირთვით.
ფოტო: Gilles Sabrie

უხანი კარანტინის გაუქმების შემდეგ

დამცავ კოსტიუმში გამოწყობილი მოგზაური ჰანკოუს რკინიგზის სადგურზე.
ფოტო: Gilles Sabrie

უხანი კარანტინის გაუქმების შემდეგ

ბანკში მისული მომხმარებელი თავის რიგს დაწესებულების გარეთ ელოდება.
ფოტო: Gilles Sabrie

უხანი კარანტინის გაუქმების შემდეგ

ბიანდანშანის სასაფლაოს შესასვლელი. სასაფლაოების ტერიტორიაზე შეზღუდული რაოდენობით მოქალაქეები დაიშვებიან, რომლებსაც იქ დიდი ხნით გაჩერების უფლება არ აქვთ.
ფოტო: Gilles Sabrie

უხანი კარანტინის გაუქმების შემდეგ

ქალაქ უხანში მდებარე კომპანიის Welhel Photoelectric თანამშრომელი საწარმოს ტერიტორიაზე სადეზინფექციო ხსნარს ასხამს.
ფოტო: Gilles Sabrie

უხანი კარანტინის გაუქმების შემდეგ

ქალაქ უხანში მცხოვრებ მამაკაცს COVID-19-ზე ტესტირება სამედიცინო დაწესებულების გარეთ უტარდება. 
ფოტო: Gilles Sabrie

უხანი კარანტინის გაუქმების შემდეგ

ქალაქ უხანის სავაჭრო ცენტრმა მუშაობა განაახლა, თუმცა ის ამ დრომდე დაცარიელებულია. 
ფოტო: Gilles Sabrie

იმის მიუხედავად, რომ უხანში მდებარე სავაჭრო ცენტრები და რესტორნები უკვე ამუშავდა, მოსახლეობა პოტენციურად ხალხმრავალ ადგილებს თავს არიდებს, რის გამოც ეს დაწესებულებები ამ დრომდე ცარიელია. გაიხსნა მეტროც, თუმცა ამ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოსარგებლე ადამიანების რაოდენობა მკვეთრადაა შემცირებული. გაზრდილია მოთხოვნა კომპიუტერულ ტექნიკაზე, რომელიც სახლიდან მუშაობის საშუალებას იძლევა. მოიმატა ავტომანქანების გაყიდვებმაც.  

მდგომარეობის გამოსწორების მიუხედავად, ჩინეთში ეპიდემიის მეორე ტალღას ელიან. ადრინდელი სცენარის გამეორების თავიდან ასაცილებლად, ქვეყნის ხელისუფლებამ დამატებითი რეგულაციებიც დააწესა, რომლებიც ძალაში 1 ივნისიდან შევა. მათ შორისაა ტრანსპორტით გადაადგილებისას ჭამის აკრძალვა. შეზღუდვები შეეხო საკვებ დაწესებულებებსაც, რომლებიც სტუმრებს საერთო ჭურჭელში მოთავსებული კერძების ნაცვლად, ინდივიდუალურ პორციებს შესთავაზებენ.

ჩინეთში სკოლის მოსწავლეები დისტანცირებისთვის სპეციალურ ქუდებს ატარებენ

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, COVID-19 ჩინეთის ქალაქ უხანში 2019 წლის 8 დეკემბერს გავრცელდა, არაოფიციალური ინფორმაციით კი კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ხუბეის პროვინციაში ჯერ კიდევ 17 ნოემბერს აღინიშნა. საერთო ჯამში დაავადებულთა რიცხვმა ქვეყანაში 82 ათასს გადააჭარბა, 4600-ზე მეტი ადამიანი კი გარდაიცვალა. თუმცა, აშშ-ის დაზვერვის სამსახურმა თეთრ სახლს წარუდგინა ანგარიში, რომლის მიხედვით ჩინეთი ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რეალურ რაოდენობას მალავს. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი კორონავირუსის თავდაპირველი ეპიცენტრიდან გაჟღერებულ რიცხვებს "შემსუბუქებული" უწოდა.

კომენტარები

ბოლო ამბები