Thumbnail

დიდი ბრიტანეთის მოსახლეობას სამედიცინო პროდუქციას დრონებით მიაწვდიან

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

დიდი ბრიტანეთის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინიციატივით, COVID-19-ის პანდემიის გამო მოქმედი კარანტინის დროს, ქვეყნის შორეულ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას კორონავირუსის დასადგენ ტესტებსა და სხვა სამედიცინო პროდუქციას დრონებით მიაწვდიან. პროექტის მიზანი ადამიანებს შორის კონტაქტის მაქსიმალური შეზღუდვა და დაავადების გავრცელების რისკის შემცირებაა.

მოცემული დროისთვის, დიდი ბრიტანეთის ცაში დრონის ფრენა მხოლოდ მისი ოპერატორის თვალთახედვის ფარგლებშია ნებადართული. სააგენტოს მიერ წარმოდგენილი გეგმა მოქმედი შეზღუდვების შემსუბუქებასა და სპეციალური საჰაერო დერეფნების შექმნას ითვალისწინებს. საფრენი აპარატები წინასწარ განსაზღვრულ ზონებში გადაადგილებას იმ შემთხვევაში შეძლებენ, თუ ოპერატორები უსაფრთხოების სტანდარტებს დააკმაყოფილებენ და დაამტკიცებენ, რომ ფრენისას დრონის მართვასა და ხმელეთზე მშვიდობიანად დაშვებას შორი მანძილიდანაც ახერხებენ.

კომპანია Windracers-ის დრონი, რომელიც უაიტის კუნძულზე მდებარე წმინდა მარიამის სახელობის საავადმყოფოს სამედიცინო დანიშნულების  პროდუქციით მოამარაგებს. ფოტო: Mail Online

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებით, შერჩევისას უპირატესობა სახელმწიფო ჯანდაცვის სამსახურების, საავადმყოფოების, სამთავრობო უწყებების, პოლიციის, სახანძრო და გადაუდებელი დახმარების ცენტრების მიერ წარმოდგენილ განაცხადებს მიენიჭება, თუმცა დაწესებულება სხვა აპლიკაციებსაც განიხილავს. 

კომპანია Windracers-ის დრონმა საუთჰემპტონიდან უაიტის კუნძულამდე გაჭრილი საჰაერო დერეფნით პირველი ფრენა უკვე წარმატებით განახორციელა. ეს აპარატები ათწუთიან რეისებს დღეში ოთხჯერ შესრულებენ და ქალაქ ნიუპორტის წმინდა მარიამის სახელობის საავადმყოფოს სამედიცინო დანიშნულების პროდუქციით მოამარაგებენ. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ავტორიზებული კიდევ ერთი კომპანია Skyports კი დრონების საშუალებით კორონავირუსის დასადგენ ტესტებს დასავლეთ შოტლანდიის დასახლებებს მიაწვდის.

კარანტინში მყოფი პატრონის ნაცვლად, ძაღლს დრონი ასეირნებს

დრონების მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ კორონავირუსის პანდემიამ თანამედროვე ტექნიკის მსგავსი მიზნებისთვის გამოყენების პროცესი დააჩქარა, რაც დაავადების გავრცელების რისკის აღმოფხვრასა და ტვირთების მიწოდების გაიაფებასთან ერთად, ჰაერში მავნე გამონაბოლქვის შემცირებასაც შეუწყობს ხელს.

კომენტარები

ბოლო ამბები