Thumbnail

2070 წელს დედამიწის მოსახლეობის მესამედმა, შესაძლოა, გაუსაძლის სიცხეში იცხოვროს

თამარ ხმიადაშვილი პროფილის ფოტო
თამარ ხმიადაშვილი

ნიდერლანდების ვაგენიგენის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერთა ვარაუდით, 2070 წელს დედამიწის მოსახლეობის მესამედს ცხოვრება გაუსაძლის სიცხეში მოუწევს. აშშ-ის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის გამოცემაში გამოქვეყნებული კვლევის ავტორთა თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ატმოსფეროში ნახშირბადის გაფრქვევის მაჩვენებლები არ შემცირდება, ექსტრემალურად მაღალი ტემპერატურა, რომელიც ახლა მხოლოდ საჰარის უდაბნოს ნაწილში აღინიშნება, ჩვენი პლანეტის ტერიტორიის დაახლოებით 20 პროცენტზე გავრცელდება.

► მეტეოროლოგთა ვარაუდით, 2020 წელი ისტორიაში ყველაზე ცხელი იქნება

ყველაზე ცუდი პროგნოზით, რომელიც უშვებს, რომ ჰაერში მავნე ნივთიერებების ემისია კიდევ უფრო გაიზრდება, ხუთი ათწლეულის შემდეგ უკიდურესად ცხელ რეგიონებში 3,5 მილიარდი ადამიანი იცხოვრებს, შედარებით ოპტიმისტური და რეალობასთან ახლოს მყოფი გათვლებით კი მათი რიცხვი 2 მილიარდს შეადგენს. 

"ანთროპოგენური ფაქტორების გამო კლიმატის ცვლილების შედეგად საშუალო წლიური ტემპერატურის 1°C-ით მომატების შემთხვევაშიც კი, მილიარდამდე ადამიანი სიცოცხლისთვის შეუსაბამო პირობებში აღმოჩნდება", - აცხადებს ვაგენიგენის უნივერსიტეტის ეკოლოგი, მარტენ შეფერი. 

მეცნიერთა ვარაუდით, 2070 წელს დედამიწის მოსახლეობის მესამედი გაუსაძლის სიცხეში იცხოვრებს. ფოტო: PNAS

მეცნიერთა ვარაუდით, მომდევნო 50 წელიწადში ტემპერატურა იმაზე მეტად შეიცვლება, ვიდრე უკანასკნელი 6 ათასწლეულის განმავლობაში. თითქმის მთელი ბრაზილია, ახლო აღმოსავლეთი და ინდოეთი, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთი, ავტრალიისა და ხმელთაშუაზღვისპირა ევროპის ნაწილი სიცოცხლისთვის გამოუსადეგარ ტერიტორიად იქცევა, რაც მილიონობით ადამიანის ემიგრაციას გამოიწვევს. ის, თუ რამდენ ადამიანს შექმნება საფრთხე, სათბურის აირების გაფრქვევის შემცირებასა და დედამიწის მოსახლეობის ზრდის ტემპებზე იქნება დამოკიდებული.

დღეისთვის დედამიწის მოსახლეობა 7.8 მილიარდს აღემატება და ყოველწლიურად 1.1 პროცენტით იზრდება. მკვლევართა ვარაუდით, ზრდის ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში, 2100 წლისთვის ჩვენს პლანეტაზე მცხოვრები ადამიანების რაოდენობა 10.9 მილიარდს გადააჭარბებს. აღსანიშნავია ისიც, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო ბევრ ქვეყანაში დაწესებული კარანტინის შედეგად ჰაერში მავნე ნივთიერებების ემისია შემცირდა, თუმცა ატმოსფეროში სათბურის აირების კონცენტრაცია კვლავინდებურად მაღალი რჩება.

კომენტარები

ბოლო ამბები