Thumbnail

მზის სისტემის პლანეტების პირველი კოსმოსური ფოტოსურათები

გოჩა ვანაძე პროფილის ფოტო
გოჩა ვანაძე

შეუძლებელია, მზის სისტემის პლანეტებიდან რომელიმეს ფოტო ან გრაფიკული მოდელი ერთხელ მაინც არ გქონდეთ ნანახი. მსგავსი სურათები განცვიფრებას იწვევს და კაცობრიობის პროგრესზეც გვაფიქრებს, მაგრამ საინტერესოა, როგორი იყო ადამიანების პირველი ნაბიჯები ამ ციური სხეულების შესწავლის გზაზე.

ჩვენს სტატიაში მზის სისტემის პლანეტების ისტორიულ ფოტოსურათებს შემოგთავაზებთ, რომლებიც ავტომატურმა პლანეტათაშორისმა სადგურებმა და სხვა საფრენმა აპარატებმა კოსმოსიდან გადაიღეს.

8. ვენერა

ამ სურათის გადაღება აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) მიერ გაშვებულმა კოსმოსურმა ზონდმა 1974 წლის 5 თებერვალს შეძლო. წარმატებული მისიები ვენერაზე ადრეც განხორციელებულა, საბჭოთა აპარატები პლანეტის ზედაპირზეც კი დაეშვნენ, თუმცა მისი ფოტოზე აღბეჭდვა პირველად სწორედ Mariner 10-მა მოახერხა.

ფოტო: NASA

7. მერკური

პირველი ავტომატური კოსმოსური ზონდი, რომელმაც 1974 წლის 29 მარტს მერკურიმდე მიაღწია, ასევე Mariner 10 გახლდათ. საფრენი ტრაქტორიიდან პლანეტის ზედაპირის, ტემპერატურისა და მაგნიტური ველის შესწავლასთან ერთად, აპარატმა არაერთი ფოტოსურათის გადაღებაც შეძლო, რომელთაგან NASA-ს სპეციალისტებმა ეს გამოსახულება ააწყვეს.

ფოტო: NASA

6. დედამიწა

დედამიწის პირველი ფოტო კოსმოსიდან ჯერ კიდევ 1946 წლის 24 ოქტომბერს გადაიღეს. ამერიკელი მეცნიერებისა და სამხედროების მიერ ნიუ მექსიკოს უდაბნოდან გაშვებულმა V2-ის ტიპის რაკეტამ, რომელზეც 35-მილიმეტრიანი კამერა იყო დამონტაჟებული, ჩვენი პლანეტა ფირზე 105 კილომეტრის მანძილიდან აღბეჭდა.

ფოტო: White Sands Missile Range

5. მარსი

მარსის პირველი სურათი NASA-ს ავტომატური პლანეტათაშორისი სადგურის, Mariner 4-ის ტელეკამერამ 1965 წლის 14 ივლისს გადაიღო. ეს ასევე კოსმოსური აპარატის მიერ ახლო მანძილიდან სხვა პლანეტის ფოტოზე აღბეჭდვისა და გამოსახულების დედამიწაზე გადაცემის პირველი შემთხვევა იყო. აღსანიშნავია, რომ სურათის მიღებას 8 საათზე მეტი დრო დასჭირდა.

ფოტო: NASA

4. იუპიტერი

იუპიტერის ეს სურათი 1973 წლის 6 ნოემბერს NASA-ს ავტომატურმა კოსმოსურმა ზონდმა, Pioneer 10-მა გადაიღო. პლანეტის ატმოსფეროს შემადგენლობის, მასისა და მაგნიტური ველის შესახებ მონაცემების შეგროვების გარდა, აპარატმა მუდმივი ანტიციკოლონური შტორმის, დიდი წითელი ლაქის ამსახველი გამოსახულებაც გვისახსოვრა.

ფოტო: NASA

3. სატურნი

ეს სურათი 1979 წლის 26 აგვისტოს Pioneer 11-მა გადაიღო. სატურნსა და მის რგოლებთან ერთად, მასზე პლანეტის თანამგზავრი ტიტანია გამოსახული. NASA-ს მიერ 1973 წლის აპრილში გაშვებულმა ზონდმა, ასტეროიდთა სარტყელის, იუპიტერისა და სატურნის შესწავლის შემდეგ, მზის სისტემა დატოვა და ახლა არწივის თანავარსკვლავედისკენ მიემართება.

ფოტო: NASA

2. ურანი

ურანი პირველად ფოტოზე NASA-ს კიდევ ერთმა კოსმოსურმა აპარატმა, Voyager 2-მა 1986 წლის 14 იანვარს აღბეჭდა. 12 კილომეტრის მანძილიდან გადაღებულ სურათზე ამ ციურ სხეულს სხვა გიგანტი პლანეტებისთვის დამახასიათებელი ღრუბელთა ზოლებისა და ატმოსფერულ შტორმების გარეშე ვხედავთ.

ფოტო: NASA

1. ნეპტუნი

Voyager 2 იყო პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი კოსმოსური აპარატი, რომელმაც მზის სისტემის ყველაზე შორეულ პლანეტამდე მიაღწია. მას ამისთვის 12 წელი დასჭირდა. ზონდის მიერ 1989 წლის 20 აგვისტოს გადაღებულ სურათზე ნეპტუნის დიდი შავი ლაქაცაა გამოსახული, ანტიციკლონური შტორმი, რომელიც 1994 წელს გაქრა.

ფოტო: NASA

კომენტარები

ბოლო ამბები