Thumbnail

10 ვიდეოთამაში, რომელთა შემოსავალი 10 მილიარდზე მეტია

გოჩა ვანაძე პროფილის ფოტო
გოჩა ვანაძე

ვიდეოთამაშები, არაჩვეულებრივ გასართობთან ერთად, წარმატებული ბიზნესიცაა. მათი მწარმოებელი კომპანიების მოგება ხშირად ასტრონომიურ რიცხვებს აღწევს. ჩვენს სტატიაში სწორედ იმ პოპულარული ვიდეოთამაშების შესახებ ვისაუბრებთ, რომელთა შემოსავალმაც 10 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა.  

10. Warcraft

სტრატეგიული სიმულატორების კლასიკად აღიარებული თამაში 1994 წლიდან გამოდის. ამერიკულმა კომპანიამ Blizzard Entertainment ამ პროდუქტის წყალობით 11,2 მილიარდი აშშ დოლარი შემოსავალი მიიღო, საიდანაც 9 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი სერიის ყველაზე წარმატებულმა თამაშმა World of Warcraft მოიტანა.

9. FIFA

ყველაზე პოპულარული სპორტული სიმულატორი 1993 წელს გამოვიდა და პირველი იყო, რომელსაც ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის ლიცენზია ჰქონდა. მას შემდეგ ამერიკული კომპანია Electronic Arts ყოველწლიურად თამაშის ახალ ვერსიებს გვთავაზობს. ამ ხნის განმავლობაში მან ავტორებს 11,4 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი შემოსავალი მოუტანა.  

8. CrossFire

2007 წელს პერსონალური კომპიუტერებისთვის შექმნილი ონლაინ თამაში შუთერების კატეგორიას განეკუთნება. მისი ავტორი სამხრეთკორეული კომპანია Smilegate გახლავთ, რომელსაც პროდუქტმა 12 მილიარდი აშშ დოლარი შემოსავალი მოუტანა. აღსანიშნავია, რომ ამ თამაშს მსოფლიო მასშტაბით რეკორდული რაოდენობა, 660 მილიონი ადამიანი თამაშობს.

7. Street Fighter

აღმოსავლური ორთაბრძოლების მოყვარულთა საყვარელი თამაში 1987 წელს იაპონურმა კომპანიამ Capcom შექმნა. დროთა განმავლობაში მან სათამაშო ავტომატებიდან კონსოლებზე გადაინაცვლა და ავტორებს 12 მილიარდი აშშ დოლარი შემოსავალი მოუტანა, რომელიც ძირითად სერიის მეორე ნაწილმა The World Warrior გამოიმუშავა.

6. Dungeon Fighter Online

ეს მოქმედებითი როლური ონლაინ თამაში 2005 წელს პერსონალური კომპიუტერებისთვის გამოვიდა. მისი შემქმნელი კიდევ ერთი სამხრეთკორეული კომპანია Neople გახლავთ. ყველა დროის ერთ-ერთმა ყველაზე მაღალშემოსავლიანმა გასართობმა მედია პროდუქტმა საერთო ჯამში 13.4 მილიარდი აშშ დოლარი გამოიმუშავა.

5. Space Invaders

ეს ეპოქალური არკადული ვიდეოთამაში შორეულ 1978 წელს იაპონურმა კორპორაციამ Taito გამოუშვა. ის თავდაპირველად სათამაშო აპარატებისთვის შეიქმნა, თუმცა მალე კონსოლებს, ახალი საუკუნიდან კი სმარტფონებსაც მოარგეს. ამ დრომდე სერიამ ავტორებს 19.9 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი შემოსავალი მოუტანა.

4. Pac-Man

ეს კლასიკური არკადული ვიდეოთამაში 1980 წელს იაპონურმა კომპანიამ Namco შექმნა და მისი საოცარი პოპულარობის წყალობით 14.1 მილიარდი აშშ დოლარი შემოსავალი მიიღო. დროთა განმავლობაში ის ბევრ პლატფორმას მოარგეს, თუმცა სათამაშო აპარატებისთვის შექმნილი ვერსია ყველაზე წარმატებული გამოდგა.

3. Call of Duty

ამერიკული კომპანია Activision-ის მიერ 2003 წელს გამოშვებული Call of Duty შუთერის ჟანრის კლასიკად მოიაზრება. პერსონალური კომპიუტერებისთვის შექმნილი ვიდეოთამაში დღეს თითქმის ყველა კონსოლსა თუ მობილურ საოპერაციო სისტემაზეა მორგებული. სერიის სხვადასხვა ნაწილმა მის ავტორებს 18 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი შემოსავალი მოუტანა.

2. Pokémon

იაპონურმა კომპანიამ Nintendo ეს როლური ვიდეოთამაში გაყიდვაში 1996 წელს ჩაუშვა. დროთა განმავლობაში მის საფუძველზე არნახულად პოპულარული სატელევიზიო ანიმე სერიალი, მხატვრული და ანიმაციური ფილმები, სათამაშოები, კომიქსები, წიგნები და თემატური პარკი შეიქმნა, მწარმოებელთა შემოსავალმა კი 19.5 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა.

1. Super Mario

1981 წელს გამოსული ეს ლეგენდარული პლატფორმერი პოპულარობას დღემდე არ კარგავს. მის სხვადასხვა სერიაზე საავტორო უფლებებს კომპანია Nintendo ფლობს, რომელმაც ვიდეოთამაშისა და მისი თანხმლები პროდუქტების საშუალებით 32.4 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო.

კომენტარები

ბოლო ამბები