Thumbnail

Twitter-მა თანამშრომლებს პანდემიის შემდეგაც სახლიდან მუშაობის უფლება მისცა

თამარ ხმიადაშვილი პროფილის ფოტო
თამარ ხმიადაშვილი

Twitter-მა თავის თანამშრომლებს სახლიდან მუშაობის უფლება კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის შემდეგაც მისცა. კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯეკ დორსიმ მათ ამის შესახებ ელექტრონული ფოსტის საშუალებით აცნობა. გამონაკლისი მხოლოდ ისეთი შემთხვევები იქნება, როდესაც სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულება ოფისში ყოფნას საჭიროებს. ამასთანავე, სახლში კომფორტული სამუშაო გარემოს მოსაწყობად კომპანია თითოეულ თანამშრომელს 1000 აშშ დოლარს გამოუყოფს.

დორსის თქმით, კომპანიის ოფისების გახსნა და საქმიანი მოგზაურობები, ცალკეული გამონაკლისების გარდა, სექტემბრამდე არ იგეგმება. 2021 წლამდე გაუქმებულია ასევე ღონისძიებები, რომლებიც საზოგადოების თავშეყრას ითვალისწინებს.

"გასულმა თვეებმა აჩვენა, რომ დისტანციურად მუშაობა კარგად გამოგვდის. თუ ჩვენს თანამშრომლებს, რომლებსაც სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულება სახლიდან შეუძლიათ, სურთ, ეს სამუდამოდ ასე განაგრძონ, ჩვენ მათ ამის საშუალებას მივცემთ. თუმცა, თუ დასაქმებულები კომფორტულ ოფისში დაბრუნებას მოინდომებენ, მზად ვართ, ისინი უსაფრთხოების ყველა საჭირო ზომის დაცვით მივიღოთ", - აცხადებენ კომპანიაში.

Twitter-ის სათაო ოფისი აშშ-ის ქალაქ სან ფრანცისკოში. ფოტო: Patricia Chang

Twiter ერთ-ერთი პირველი იყო იმ კომპანიებს შორის, რომლებმაც კორონავირუსის პანდემიის გამო, მარტის დასაწყისში, თანამშრომლებს სახლიდან მუშაობის უფლება მისცეს. მისი მესვეურები აცხადებენ, რომ დისტანციურ მუშაობაზე გადასვლას ისედაც გეგმავდნენ და COVID-19-მა ეს პროცესი უბრალოდ დააჩქარა.

Twitter ჯეკ დორსის, ნოა გლასის, ბიზ სტოუნისა და ევან უილიამსის მიერ 2006 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში დაარსებული სოციალური ქსელია. პლატფორმაზე რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეზღუდული მოცულობის ტექსტების - ტვიტების გავრცელება შეუძლიათ. მას ყოველთვიურად 300 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. მსოფლიოში რეიტინგით მეოთხე ვებგვერდს განცხადებების გასაკეთებლად ხშირად იყენებენ პოლიტიკოსები და სხვა საჯარო ფიგურები.

კომენტარები

ბოლო ამბები