Thumbnail

NASA-ს 7 საუკეთესო აპლიკაცია სმარტფონებისთვის

გოჩა ვანაძე პროფილის ფოტო
გოჩა ვანაძე

აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტო (NASA) საგანმანათლებლო საქმიანობაშიც არის ჩართული, რომლის ფარგლებშიც, უამრავ სხვა პროექტთან ერთად, შემეცნებით და გასართობ აპლიკაციებზეც მუშაობს.

ჩვენს სტატიაში სწორედ იმ გამორჩეული აპლიკაციების შესახებ ვისაუბრებთ, რომლებიც თქვენი სმარტფონებისთვის NASA-ს მიერ ან მისი დაკვეთით შეიქმნა.

7. Space Science Investigations: Plant Growth

ამ სიმულაციურ თამაშში საერთაშორისო კოსმოსური სადგურს ესტუმრებით, სადაც თქვენი ამოცანა უწონადობაში მანევრირების შესწავლა და მცენარეების გაზრდასთან დაკავშირებულ სამეცნიერო ექსპერიმენტში მონაწილეობა იქნება. მისი მეშვეობით კოსმოსში მცენარეთა ზრდის თავისებურებების შესახებ ბევრ საინტერესო ინფორმაციას მიიღებთ, მსგავსი ექსპერიმენტების ზოგად მნიშვნელობაზეც შეიტყობთ და კარგადაც გაერთობით.

ნახეთ აპლიკაცია:  iOS  Android

6. NASA Visualization Explorer

ეს აპლიკაცია NASA-ს მიერ დედამიწის, მზის, მთვარის, პლანეტებისა და სამყაროს კვლევის შესახებ ინფორმაციის მიღების იდეალური საშუალებაა. მუდმივად განახლებადი კატალოგი ქრონოლოგიურად და კატეგორიების მიხედვით არის დალაგებული. თქვენ საშუალება გექნებათ, გაეცნოთ კოსმოსური ხომალდების მისიებისას შეგროვებულ მონაცემებს, ნახოთ უნიკალური ვიზუალიზაციები, ანიმაციები და სურათები.

ნახეთ აპლიკაცია:  iOS  Android

5. Space Images

NASA-ს რეაქტიული ძრავების ლაბორატორიის (JPL) ეს საგანმანათლებლო აპლიკაცია კოსმოსის, ვარსკვლავებისა და პლანეტების მაღალი გარჩევადობის ფოტოსურათებსა და ვიდეოებს გთავაზობთ. მომხმარებლებს მათი შეფასება და სხვებისთვის გაზიარებაც შეუძლიათ. მასალა კატეგორიების მიხედვით არის დახარისხებული და მოკლე აღწერები ახლავს. სურვილის შემთხვევაში კი, შესაბამის ლინკზე გადასვლით, დამატებით ინფორმაციასაც მიიღებთ.

ნახეთ აპლიკაცია:  iOS  Android

4. Rocket Science: Ride 2 Station

ამ საგანმანათლებლო-გასართობი აპლიკაციით მრავალჯერადი გამოყენების კოსმოსური ხომალდებით Crew Dragon და Starliner სიმულირირებული კომერციული მისიების დაგეგმვასა და განხორციელებას შეძლებთ. ის მოხმარებლებს ასტრონავტების შერჩევის, რაკეტის აგებისა და გაშვების, ეკიპაჟიანი კაფსულის დედამიწის ორბიტაზე გაყვანის, შემდეგ კი მისი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურთან მიერთების საშუალებას აძლევს.

ნახეთ აპლიკაცია:  iOS  Android

3. Spacecraft AR

NASA-ს რეაქტიული ძრავების ლაბორატორიის (JPL) მიერ შექმნილი კიდევ ერთი აპლიკაცია დამატებითი რეალობის (AR) ტექნოლოგიაზეა დაფუძნებული. ის მზის სისტემის პლანეტების საკვლევ კოსმოსურ აპარატებს პირდაპირ თქვენს ოთახში გააჩენს. ამისთვის მხოლოდ სმარტფონის კამერით სწორი ზედაპირის დაფიქსირებაა საჭირო, რის შემდეგაც ეკრანზე მარსის როვერის ან იუპიტერისკენ გაგზავნილი ზონდის სამგანზომილებიან მოდელს დაინახავთ.

ნახეთ აპლიკაცია:  iOS  Android

2. ISS Live Now

ეს აპლიკაცია საშუალებას მოგცემთ, დაინახოთ დედამიწა ისე, როგორც მას ჩვენი პლანეტის ორბიტაზე მყოფი ასტრონავტები ხედავენ, თვალი ადევნოთ საერთაშორისო კოსმოსური სადგურის გადაადგილებას, უყუროთ 24-საათიან პირდაპირ ეთერს და NASA-ს ტელეარხს, რომელიც საინტერესო გადაცემებს, დოკუმენტურ ფილმებს, ინტერვიუებსა და სააგენტოს მისიების შესახებ უახლეს ინფორმაციას გთავაზობთ.

ნახეთ აპლიკაცია:  iOS  Android

1. Earth-Now

ამ აპლიკაციით დედამიწის თანამგზავრების მიერ მოწოდებულ უახლეს მონაცემებს შეიტყობთ. ჰაერის ტემპერატურის, ატმოსფეროში სათბურის აირების კონცენტრაციის, ოზონის შრის მდგომარეობისა და ზღვის დონის ცვლილებების შესახებ ვიზუალიზებული ინფორმაციის მიღების გარდა, მისი საშუალებით სატელიტების სამგანზომილებიან მოდელებსაც დაათვალიერებთ და მათი მუშაობის პრინციპს გაეცნობით.

ნახეთ აპლიკაცია:  iOS  Android

კომენტარები

ბოლო ამბები