Thumbnail

ახალი კვლევა მოწმობს, რომ გარდატეხის ასაკი ძაღლებსაც აქვთ

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

დიდი ბრიტანეთში მდებარე ნიუკასლის, ნოტინგემისა და ედინბურგის უნივერსიტეტებში მომუშავე მეცნიერებმა ძაღლებზე დაკვირვებისას დაასკვნეს, რომ მათ, ადამიანების მსგავსად, გარდატეხის ასაკთან დაკავშირებული პრობლემური ქცევა ახასიათებთ. ნაშრომი, რომელიც გამოცემაში Biology Letters გამოქვეყნდა, ამ ფაქტის პირველი ემპირიული მტკიცებულებაა.

ხელოვნური ინტელექტი ძაღლის ყეფას გადაგითარგმნით

ძაღლები სქესობრივად 8 თვის ასაკში მწიფდებიან, რა დროსაც მათ ორგანიზმში ჭარბი რაოდენობის ჰორმონები გამოიყოფა. იცვლება ასევე მათი ანატომიური მახასიათებლები. იმის გასარკვევად, თუ როგორ აისახება ეს პერიოდი ადამიანის ოთხფეხა მეგობრის ქცევაზე, მკვლევრებმა ლაბრადორის, ოქროსფერი რეტრივერისა და ორი ჯიშის ნაჯვარი 69 ლეკვი შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ ამ ასაკში ძაღლები განსაკუთრებულად დაუმორჩილებლები ხდებიან და არ ასრულებენ პატრონის მითითებებს, ანუ იქცევიან ისე, როგორც გარდატეხის ასაკში მყოფი მოზარდები საკუთარ მშობლებთან.

"ეს ძაღლისთვის ძალზე მნიშვნელოვანი პერიოდია. ამ დროს ისინი ხშირად საცხოვრებელ ადგილს იცვლიან, რადგან პატარა, საყვარელი ლეკვები აღარ არიან, პატრონები კი ამჩნევენ, რომ თავისი ოთხფეხა მეგობრების გაკონტროლება და გაწვრთნა უჭირთ. მათ უნდა იცოდნენ, რომ ამ ასაკში ძაღლები, მოზარდი ადამიანების მსგავსად, გარკვეულ გარდატეხის ეტაპს გადიან, რომელიც მალე ჩაივლის", - აცხადებს კვლევის ერთი ავტორი, ნიუკასლის უნივერსიტეტის ლექტორი, ლუსი ეშერი. .

ლუსი ეშერი თავის ძაღლთან, მართასთან ერთად. ფოტო: Glen Asher-Gordon

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ გარდატეხის ასაკში მყოფი ცხოველები დროულად მხოლოდ უცნობის მიერ გაცემულ დაჯდომის ბრძანებაზე რეაგირებენ, პატრონის მოწოდებას კი შედარებით გვიან პასუხობენ. უფრო მასშტაბურმა დაკვირვებამ კი, რომელშიც მონაწილეობა 285-მა ლეკვმა მიიღო, ცხადყო, რომ ამ დროს მათი გაწვრთნა უცხოებს ბევრად უადვილდებათ.

ქვიზი: გამოიცანი ძაღლის ჯიში ფოტოს მიხედვით

მკვლევრების აზრით, ეს მიგნება, შესაძლოა, თავად ჩვენი ფსიქიკის შესწავლაში დაგვეხმაროს და აქამდე უცნობი დეტალები გამოკვეთოს. ისინი ძაღლის პატრონებს მოუწოდებენ, თავი შეიკავონ ურჩობის გამო ცხოველის დასჯისგან, გაითვალისწინონ მათი მდგომარეობა და ოთხფეხა მეგობრებს ემოციურად არ ჩამოშორდნენ, რადგან ეს ვითარებას მხოლოდ გაამწვავებს.

კომენტარები

ბოლო ამბები