Thumbnail

კანადის ზოოპარკი ბამბუკის დეფიციტის გამო ორ პანდას ჩინეთში დააბრუნებს

თამარ ხმიადაშვილი პროფილის ფოტო
თამარ ხმიადაშვილი

კანადაში მდებარე ქალაქ კალგარის ზოოპარკმა ორი გიგანტური პანდის ჩინეთში დაბრუნება გათვალისწინებულ დროზე ადრე გადაწყვიტა. ამის მიზეზი კორონავირუსის პანდემიის გამო მათი ძირითადი საკვების, ბამბუკის მოწოდებასთან დაკავშირებული პრობლემები გახდა.

"ჩვენთვის ამ გადაწყვეტილების მიღება ძალზე რთული იყო, თუმცა ყველაფერი ცხოველების კეთილდღეობისთვის კეთდება. ვფიქრობთ, რომ პანდებისთვის ახლა ყველაზე უსაფრთხო ისეთი ადგილია, სადაც ბამბუკი ბევრი და ადვილად ხელმისაწვდომია", - აცხადებს კალგარის ზოოპარკის ხელმძღვანელი, კლემან ლანტიე.

გიგანტური პანდები სახელად და მაო და ერ შუნი კანადაში 2014 წელს, ამ ქვეყანასა და ჩინეთს შორის გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში აღმოჩნდნენ. ტორონტოს ზოოპარკში ხუთი წლის გატარების შემდეგ, 2018 წლის მარტში ისინი კალგარიში გადმოიყვანეს, სადაც 2023 წლამდე უნდა დარჩენილიყვნენ. თუმცა, კორონავირუსის პანდემიის მიზეზით გაუქმებული ფრენების გამო, ჩინეთიდან საკმარისი ბამბუკის იმპორტირება ვეღარ ხერხდება.

და მაო და ერ შუნი კალგარის ზოოპარკში 2018 წლიდან ბინადრობენ. ფოტო: Vince Talotta

კალგარის ზოოპარკის წარმომადგენელთა თქმით, მათ ტრანსპორტირების სხვა გზებიც სცადეს, თუმცა დაძველებული, გამომშრალი მცენარე მიიღეს, რომელსაც პანდები არ ჭამდნენ. ზრდასრული გიგანტური პანდა დღეში 40 კილოგრამამდე ბამბუკს მიირთმევს, რომელიც მისი კვების რაციონის 99 პროცენტს შეადგენს.

► კარანტინის გამო დაკეტილ აკვარიუმში თევზებს დეპრესია დაეწყოთ

"პანდების დიპლომატიის" პრაქტიკა, რომლის ფარგლებშიც ჩინეთი გიგანტურ პანდებს მეგობრობის ნიშნად სხვა ქვეყნებს უგზავნის, ჯერ კიდევ 685 წლიდან, ტანის დინასტის ეპოქიდან არსებობს. მაშინ ამ ქვეყნის პირველმა იმპერატორმა ქალმა, ვუ ზეტიანმა ჩინეთის სიმბოლოდ მიჩნეული ორი ცხოველი იაპონიის იმპერატორ ტენმუს უსახსოვრა. თავად ეს ტერმინი კი პირველად ცივი ომის დროს გამოიყენეს, როდესაც ჩინეთმა 24 პანდა 9 სხვადასხვა სახელმწიფოში გააჩუქა.

გიგანტური პანდები ცენტრალური ჩინეთის მთებში მდებარე ცივ და ნესტიან ტყეებში ბინადრობენ. მათი სხეულის სიგრძე 1,9 მეტრამდე, წონა კი 160 კილოგრამამდე აღწევს. დათვისებრთა ოჯახის წარმომადგენელი ძუძუმწოვარი ცხოველი წითელ წიგნშია შეტანილი. ველურ ბუნებაში მათი რაოდენობა 2 ათასზე ნაკლებია.

კომენტარები

ბოლო ამბები