Thumbnail

SpaceX-ის კოსმოსური ხომალდის ეკიპაჟს რაკეტამდე Tesla Model X მიიყვანს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

კომპანია SpaceX-ის პირველ ეკიპაჟიან მისიაში მონაწილე ასტრონავტები, რობერტ ბენკენი და დაგლას ჰერლი რაკეტა Falcon 9-ის ასაფრენ კომპლექსამდე ავტომობილით Tesla Model X იმგზავრებენ. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) ხელმძღვანელმა, ჯიმ ბრიდენშტაინმა განაცხადა.

"ყველასთვის სასიხარულო ახალი ამბავი მაქვს. მისიის Demo-2 ფარგლებში ბენკენსა და დაგლასს ასაფრენ კომპლექსამდე Model X მიიყვანს", - ვკითხულობთ ბრიდენშტაინის მიერ ტვიტერზე გამოქვეყნებულ პოსტში.

მანქანის პროტოტიპი კომპანიების SpaceX და Tesla დამფუძნებელმა, სამხრეთაფრიკული წარმოშობის ამერიკელმა მილიარდერმა, ილონ მასკმა საზოგადოებას ჯერ კიდევ 2012 წელს წარუდგინა, ასტრონავტებმა კი ის პირველად მიმდინარე წლის იანვარში, ფლორიდაში მდებარე კენედის სახელობის კოსმოსურ ცენტრში გამოცადეს. NASA-სთან თანამშრომლობის აღსანიშნად, Model X-ის უკანა მინაზე სააგენტოს ლოგოა გამოსახული, კართან კი მისი ცნობილი ემბლემა.

კოსმოსურ ხომალდამდე Crew Dragon ამერიკელ ასტრონავტებს Tesla Model X მიიყვანს

ფოტო: NASA

კოსმოსურ ხომალდამდე Crew Dragon ამერიკელ ასტრონავტებს Tesla Model X მიიყვანს

ფოტო: NASA

კოსმოსურ ხომალდამდე Crew Dragon ამერიკელ ასტრონავტებს Tesla Model X მიიყვანს

ფოტო: NASA

კოსმოსურ ხომალდამდე Crew Dragon ამერიკელ ასტრონავტებს Tesla Model X მიიყვანს

ფოტო: NASA

აღსანიშნავია, რომ ამერიკული ეკიპაჟისთვის ეს რაკეტის გასაშვებ პლატფორმამდე მსუბუქი ავტომობილით მისვლის პირველი შემთხვევა იქნება. აქამდე კოსმოსურ მისიებში მონაწილე ასტრონავტები ფრენამდე ფურგონებითა და სპეციალურად მოდიფიცირებული ტრაილერებით გადაადგილდებოდნენ.

ნახეთ: დიზაინერებმა Tesla-ს ელექტროპიკაპის სამხედრო მოდელები შექმნეს

ამჟამად ბენკენი და ჰერლი სავალდებულო კარანტინში იმყოფებიან. ეს სტანდარტული პროცედურა ჯერ კიდევ "აპოლოს" პროგრამის ფარგლებში დაინერგა. ისინი იზოლაციაში ორი კვირას დაჰყოფენ, რის შემდეგაც ფრენისთვის მოსამზადებლად ფლორიდაში, კანავერალის კონცხზე მდებარე კენედის სახელობის კოსმოსურ ცენტრში გადაინაცვლებენ.

მიმდინარე წლის 27 მაისს SpaceX-ის ხომალდს Crew Dragon ჩვენი პლანეტის ორბიტაზე რაკეტა Falcon 9 გაიყვანს. ეს 2011 წლის შემდეგ ამერიკის მიწიდან ასტრონავტების კოსმოსში გაშვების პირველი შემთხვევა იქნება. რობერტ ბენკენი და დაგლას ჰერლი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე 28 მაისს გადავლენ, მისიის დასრულების შემდეგ კი ატლანტის ოკეანეში, ფლორიდის აღმოსავლეთ სანაპიროსთან დაეშვებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები