Thumbnail

Microsoft კორონავირუსით ინფიცირებულთა სისხლში 250 დოლარს გადაიხდის

თამარ ხმიადაშვილი პროფილის ფოტო
თამარ ხმიადაშვილი

კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების ნაწილს დაავადების სიმპტომები საერთოდ არ აღენიშნება, ნაწილი კი მძიმე მდგომარეობაში სუნთქვის აპარატზეა მიერთებული და გამოსაჯანმრთელებლად ხანგრძლივ მკურნალობას საჭიროებს. ტექნოლოგიური გიგანტი Microsoft, კიდევ ერთ ამერიკულ კომპანიასთან Adaptive Biotechnologies თანამშრომლობით, მასშტაბურ კვლევას გეგმავს, რომლის მეშვეობითაც მეცნიერები COVID-19-ზე ადამიანის იმუნური სისტემის სხვადასხვაგვარი საპასუხო რეაქციის მიზეზის დადგენას იმედოვნებენ.

კვლევაში მონაწილეობას აშშ-ში მცხოვრები ათასი ადამიანი მიიღებს, რომელთა შერჩევა მათ მიერ ვირტუალური კითხვარის შევსების შემდეგ მოხდება. ასაკობრივი ზღვარი 18-იდან 89 წლამდეა. მსურველებს შეხება უნდა ჰქონდეთ კორონავირუსით ინფიცირებულ პირებთან, ცხოვრობდნენ მათთან ერთად ან უვლიდნენ დამცავი ეკიპირების გარეშე, ან თავად უნდა ჰქონდეთ COVID-19-ის დადასტურებული დიაგნოზი.

აშშ-ის ვაშინგტონის შტატის ქალაქ რედმონდში მდებარე Microsoft-ის სათაო ოფისი.

საგანგებო დამცავ კოსტიუმებში ჩაცმული მკვლევრები შერჩეულ აპლიკანტებთან სახლებში მივლენ და ვენიდან სისხლს, ასევე ყელიდან ან ცხვირიდან ბიოლოგიურ ნიმუშებს აუღებენ. კვლევის საწყისი ეტაპის თითოეულ მონაწილეს 50 აშშ დოლარის ღირებულების სასაჩუქრე ბარათი გადაეცემა. მომდევნო ორი თვის განმავლობაში მათ შესაძლებლობა ექნებათ, სისხლი კიდევ ოთხჯერ ჩააბარონ და ჯამში 250 აშშ დოლარი გამოიმუშავონ.  

კვლევისას მეცნიერები ფოკუსირებას T ლიმფოციტებზე გეგმავენ, რომლებიც მკერდუკანა ჯირკვალში ყალიბდებიან და ორგანიზმის იმუნურ რეაქციას უზრუნველყოფენ. მათ სურთ, COVID-19-ით დაავადებული და გამოჯანმრთელებული ადამიანების უჯრედები ერთმანეთს შეადარონ და დაადგინონ, აქვთ თუ არა მათ ინფექციის წინააღმდეგ გრძელვადიანი იმუნიტეტის შეიმუშავების უნარი. კომპანიების წარმომადგენელთა თქმით, კვლევის წინასწარი შედეგები მიმდინარე წლის ივნისში გახდება ხელმისაწვდომი. მათი ვარაუდით, შესაძლებელია ასევე კორონავირუსზე ტესტირების მესამე, T ლიფოციტებზე დაფუძნებული მეთოდის შექმნაც მოხერხდეს. 

კომენტარები

ბოლო ამბები