Thumbnail

პენტაგონმა ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესახებ ახალი ინფორმაცია გაავრცელა

თამარ ხმიადაშვილი პროფილის ფოტო
თამარ ხმიადაშვილი

პენტაგონის ოფიციალურ ვებგვერდზე ამოუცნობი მფრინავი ობიექტების ამსახველი სამი ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის უწყებამ ამ საკითხთან დაკავშირებული ახალი ინფორმაცია გაავრცელა. ამჯერად საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი სამხედრო-საზღვაო ძალების პილოტების მოხსენებები გახდა, რომლებშიც ისინი ამოუცნობ მფრინავ ობიექტებთან შეხვედრების დეტალებს ჰყვებიან.

"ამოუცნობი მფრინავი ობიექტი საკმაოდ პატარა, დაახლოებით ჩემოდნის ზომის იყო და ვერცხლისფერი შეფერილობა ჰქონდა. F/A-18 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავმა მას დაახლოებით 300 მეტრის მანძილზე ჩაუარა, თუმცა ობიექტის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა", - ვკითხულობთ 2014 წლის 26 მარტით დათარიღებულ მოხსენებაში.

2013 წლის ნოემბერში დაფიქსირებული ამოუცნობი მფრინავი ობიექტი კი, რომლის ფრთების შლილი დაახლოებით 150 სანტიმეტრს შეადგენდა, თეთრი ფერის იყო და დამახასიათებელი ნიშნები არ ჰქონდა. მოხსენების მიხედვით, მცირე ზომის გამო, ის შეიძლება დრონი ყოფილიყო. ამავე წლის 27 იანვარში მომხდარი კიდევ ერთი ინციდენტისას, პილოტმა ასევე თეთრი ფერის ობიექტი დაინახა, რომელიც დრონის ან რაკეტის ზომისა და ფორმის იყო.

იმის მიუხედავად, რომ ამოუცნობი მფრინავი ობიექტები დრონებად არის მოხსენიებული, იმის დადგენა, თუ ვინ მართავდა მათ, აშშ-ის თავდაცვის უწყებამ ვერ შეძლო. ხელისუფლების წარმომადგენლები უპილოტო საფრენი აპარატების ყველა ადგილობრივ ოპერატორს დაუკავშირდნენ, თუმცა მათ ამ შემთხვევების შესახებ არაფერი იცოდნენ. 

პენტაგონმა ამოუცნობი მფრინავი ობიექტების ამსახველი ვიდეომასალა პირველად მიმდინარე წლის აპრილში გაასაჯაროვა. ერთ-ერთი ვიდეო 2004 წელსაა გადაღებული. მასში ორი პილოტის მიერ სამხედრო სწავლების ფარგლებში წყნარი ოკეანის თავზე განხორციელებადი ფრენისას დაფიქსირებულ დაახლოებით 12 მეტრის სიგრძის ობიექტს ვხედავთ.

 

დანარჩენი ორი ვიდეო 2015 წლითაა დათარიღებული. ერთ-ერთი ჰაერში სწრაფად მოძრავ ობიექტს ასახავს, რომელიც ქარის საწინააღმდეგო მიმართულებით გადაადგილების დროს ბრუნვას იწყებს. იმავე წელს გადაღებული მეორე, თეთრი შეფერილობის ობიექტი კი წყნარი ოკეანის ზედაპირთან ახლოს დაფრინავს და წინა შემთხვევის მსგავსად, მოკლე დროში დიდი მანძილის დაფარვას ახერხებს. ვიდეოებში პილოტების საუბარიც ისმის, რომლის დროსაც ისინი ნანახით გაოცებას გამოხატავენ. გამოქვეყნებულ მასალაში ასახულ სამივე მოვლენას პენტაგონი "ამოუცნობ საჰაერო ფენომენად" ახასიათებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები