Thumbnail

მეცნიერებმა თაგვის ემბრიონში ადამიანის უჯრედები გაამრავლეს

გოჩა ვანაძე პროფილის ფოტო
გოჩა ვანაძე

ბუფალოში მდებარე ნიუ იორკის შტატის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგებმა თაგვის ემბრიონში ადამიანის ღეროვანი უჯრედები გადანერგეს. გამოცემაში Science Advances გამოქვეყნებული ნაშრომიდან ვიგებთ, რომ 17-დღიანი საინკუბაციო პერიოდის შემდეგ ეს უჯრედები გამრავლდა და თითქმის მთელ ჩანასახს მოედო.

მეცნიერებს სხვადასხვა ცხოველის ემბრიონში ადამიანის უჯრედები აქამდეც გადაუნერგავთ, თუმცა მათი ასეთი ინტენსიური გამრავლება არასდროს დაფიქსირებულა. საერთო ჯამში, ადამიანის ღეროვანმა უჯრედებმა თაგვის ჩანასახის აგებულების 4 პროცენტი შეადგინა. ისინი სისხლთან ერთად ისეთ ქსოვილშიც აღმოჩნდა, რომელიც განვითარების შემდგომ ეტაპებზე თვალებს, გულსა და ტვინს აყალიბებს. მსგავსი ექსპერიმენტების ისტორიაში ეს ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელია.

ადამიანის უჯრედებმა (მწვანე) თაგვის ემბრიონის (ლურჯი) თვალის ქსოვილი შეადგინეს. ფოტო: UBMD

ამგვარი პროგრესი შესაძლებელი მას შემდეგ გახდა, რაც გადანერგვამდე ადამიანის ღეროვანი უჯრედების განვითარება დროებით შეაფერხეს და მათი მდგომარეობა თაგვის ემბრიონულ უჯრედებთან დაასინქრონეს. შედეგად, 17 დღის შემდეგ, თაგვის ჩანასახში შეყვანილი ადამიანის 10-12 ღეროვანი უჯრედი მილიონობით უჯრედად, მათ შორის ერიტროციტებად და თვალის ქსოვილის შემადგენელ უჯრედებად გადაიქცა. 

► ილონ მასკი: Neuralink ადამიანის ტვინში ჩიპს წელიწადზე ნაკლებ დროში ჩადგამს

რამდენიმე წლის წინ ბიოლოგებმა ადამიანისა და ღორის ჰიბრიდები მიიღეს, 2019 წლის ზაფხულში კი ესპანელმა მეცნიერებმა ადამიანისა და მაიმუნის ჰიბრიდის შექმნის შესახებ განაცხადეს. როგორც წესი, ეთიკური პრობლემების გამო, ასეთ ჩანასახებს განვითარების ადრეულ ეტაპზევე ანადგურებენ, თუმცა შარშან იაპონიაში ჰიბრიდების თაგვის საშვილოსნოში გადანერგვის ნებართვა გაიცა. ვარაუდობენ, რომ ადამიანისა და ცხოველის ჰიბრიდები მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ სხვადასხვა დაავადების შესწავლისა თუ ახალი მედიკამენტების გამოცდის პროცესში.

კომენტარები

ბოლო ამბები