Thumbnail

კარანტინის გამო დაკეტილ აკვარიუმში თევზებს დეპრესია დაეწყოთ

გოჩა ვანაძე პროფილის ფოტო
გოჩა ვანაძე

ავსტრალიის ქუინსლენდის შტატის ქალაქ კერნსის აკვარიუმში მობინადრე თევზებს დეპრესიის ნიშნები აღენიშნებათ. ისინი უსიცოცხლო და გულგრილები გახდნენ, ზოგიერთმა დასამალად ბნელ კუთხეებს მიაშურა, დამთვალიერებელთა ფავორიტი, გიგანტური ქორჭილა სახელად ჩენგი კი რამდენიმე კვირის განმავლობაში უმადობას უჩიოდა.

ახალი კვლევა მოწმობს, რომ გარდატეხის ასაკი ძაღლებსაც აქვთ

ეს მას შემდეგ მოხდა, რაც კორონავირუსის პანდემიის გამო მიმდინარე წლის მარტში დაწესებულება დაიხურა. საზღვაო ბიოლოგთა აზრით, ცვლილება აკვარიუმის ბინადართა ქცევასა და განწყობაში სწორედ მათ საცხოვრებელ გარემოში ვიზიტორების ნაკლებობამ გამოიწვია.

"ბევრი ვერ აცნობიერებს, რომ თევზებს აკვარიუმს მიღმა ადამიანების დანახვა შეუძლიათ და მათთან ინტერაქციით კარგადაც ერთობიან. ისინი საკმაოდ ცნობისმოყვარენი არიან, სახეებსა და სხვადასხვა ფერის ტანსაცმელზე დაკვირვება უყვართ, ვიზიტორების მიმოსვლა კი მათი სტიმულირების ერთ-ერთი საშუალებაა", - აცხადებს კერნსის აკვარიუმის თანამშრომელი, საზღვაო ბიოლოგი პოლ ბერნსი.

გიგანტური ქორჭილა სახელად ჩენგი აკვარიუმში ვიზიტორების ნაკლებობის გამო მოწყენილობას უჩივის. ფოტო: ABC

აკვარიუმის ბინადართა დეპრესიიდან გამოსაყვანად, დაწესებულების ხელმძღვანელობამ დამატებითი მყვინთავი დაიქირავა, რომელიც თევზებთან ერთად იცურავებს და მათ გართობას შეეცდება.

"ჩვენ ლეოპარდისებრი ზვიგენებიც გვყავს, რომლებსაც თამაში და მოფერება პატარა ლეკვებივით მოსწონთ. ჩვეულებრივ აქ ორი მყვინთავი მუშაობს, თუმცა შექმნილი ვითარების გამო, თევზების დამატებითი სტიმულირებისთვის, მესამეც დავიქირავეთ", - ამბობს აკვარიუმის აღმასრულებელი დირექტორი, დანიელ ლეიპნიკი.

მეცნიერებმა მოსიარულე ზვიგენების 4 ახალი სახეობა აღწერეს

მეცნიერებისთვის წყლის ბინადართა ასეთი ქცევა უცხო არ გახლავთ. დეპრესიას მათ ორგანიზმში სეროტონინისა და დოპამინის დონის ცვალებადობა განაპირობებს. ბედნიერების ჰორმონების სახელით ცნობილი ამ ქიმიური ნივთიერებების ნაკლებობა განწყობის ცვლილებას ადამიანებშიც იწვევს. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი მკვლევარი ანტიდეპრესანტების ეფექტურობას სწორედ თევზების საშუალებით ამოწმებს. იმ შემთხვევაში, თუ პრეპარატი დადებითად მოქმედებს, ისინი აქტიურად ცურავენ და გარემოთი ინტერესდებიან, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აკვარიუმის ფსკერზე ან კუთხეში თითქმის უმოძრაოდ ტივტივებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები