Thumbnail

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ გველებს ერთმანეთთან დამეგობრების უნარი შესწევთ

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

კანადაში მდებარე უილფრიდ ლორიეს სახელობის უნივერსიტეტში მომუშავე ფსიქოლოგის, მორგან სკინერისა და ქცევითი ეკოლოგიის სპეციალისტის, ნოამ მილერის მიერ ქვეწარმავლებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ მათ ერთმანეთთან დამეგობრების უნარი შესწევთ. გამოცემაში Behavioral and Sociobiology გამოქვეყნებული ნაშრომი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვანი კვლევებიდან, რომლებიც გველების სოციალურ ურთიერთობებს ხდის ფარდას.

► მეცნიერებმა კოალების აქამდე უცნობი ქცევა დააფიქსირეს

გველები განმარტოების მოყვარულ, ცივ ცხოველებად მიიჩნევიან, თუმცა მათ შორის არსებული ურთიერთობები, შესაძლოა, უფრო კომპლექსური იყოს, ვიდრე აქამდე გვეგონა. მეცნიერების მიერ 40 აღმოსავლური ზოლიანი ანკარის შესწავლისას აღმოჩნდა, რომ ერთ სივრცეში თანაცხოვრებისას ისინი ძუძუმწოვრების, მათ შორის ადამიანების მსგავსად, სამეგობრო წრეს აყალიბებენ და კონტაქტიც ერთსა და იმავე ინდივიდებთან აქვთ.

მკვლევრებმა თითოეული ქვეწარმავალი სხვადასხვა ფერის საღებავით მონიშნეს და სპეციალურად შემოღობილ ადგილში მოათავსეს, რომელშიც 4 განცალკევებული პლასტმასის თავშესაფარი იყო განთავსებული. 8-დღიანი დაკვირვების განმავლობაში გველები 3-8 ინდივიდისგან შემდგარ ჯგუფებში გაერთიანდნენ, რომლებშიც იმ შემთხვევაშიც კი ბრუნდებოდნენ, როდესაც სკინერი და მილერი მათ ადგილმდებარეობას უცვლიდნენ.

 

ქვეწარმავლებში ერთგვარი კოლექტიური მენტალობის არსებობაც გამოიკვეთა. მკვლევრებმა გაზომეს დრო, რომელსაც ესა თუ ის გველი თავშესაფრის გარეთ ატარებდა. შედარებით გამბედავი ინდივიდები ტერიტორიას აქტიურად სწავლობდნენ, მაშინ როდესაც მორცხვები უსაფრთხო ზონაში დარჩენას ამჯობინებდნენ. ამის მიუხედავად, ერთად შეკრებისას, გამბედავი ანკარებიც კი დროის დაახლოებით 94 პროცენტს თავშესაფარში მორცხვებთან ერთად ატარებდნენ. 

► ახალი კვლევა მოწმობს, რომ გარდატეხის ასაკი ძაღლებსაც აქვთ

მეცნიერთა აზრით, გველების მხრიდან ამგვარი ქცევა, სავარაუდოდ, ველურ პირობებში გადარჩენისა და სითბოს შენარჩუნების სტრატეგიაა და დაწყვილების სურვილს არ უკავშირდება, რადგან "მეგობრის" არჩევისას უპირატესობას საპირისპირო სქესს არ ანიჭებენ. ისინი იმედოვნებენ, რომ ახალი აღმოჩენა ამ არსებების უკეთ გაცნობაში დაგვეხმარება და მათ შესახებ საზოგადოებაში დამკვიდრებულ სტერეოტიპებს შეცვლის.

კომენტარები

ბოლო ამბები