Thumbnail

COVID-19-ის შესახებ ვებგვერდის შემქმნელი: 8 მილიონი დოლარი არ მჭირდება

თამარ ხმიადაშვილი პროფილის ფოტო
თამარ ხმიადაშვილი

COVID-19-ის სტატისტიკის აღმრიცხველი ყველაზე პოპულარული ვებგვერდის შექმნელმა, 17 წლის ამერიკელმა სკოლის მოსწავლემ, ავი შიფმენმა საკუთარ საიტზე რეკლამის განთავსებაზე და ამის სანაცვლოდ 8 მილიონი აშშ დოლარის მიღებაზე უარი თქვა.

"მე მხოლოდ 17 წლის ვარ, 8 მილიონი დოლარი არ მჭირდება. არ მინდა ფული სპეკულაციით ვიშოვო", - აცხადებს შიფმენი გამოცემა Business Insider-თან საუბარში.

ვებგვერდი, რომელსაც ყოველდღიურად დაახლოებით 30 მილიონი უნიკალური ვიზიტორი ჰყავს, მომხმარებლებს კორონავირუსის პანდემიის შესახებ ამომწურავ ინფორმაციას აწვდის. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობის გარდა, მისი საშუალებით დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და სამთავრობო უწყებების მიერ გავრცელებული უახლესი მონაცემების გაგებაა შესაძლებელი. აქვე მიიღებთ რჩევებს ვირუსისგან თავდასაცავად საჭირო ჰიგიენის წესების შესახებ და ისარგებლებთ ისეთი ხელსაწყოებით, როგორიცაა COVID-19-ით დაავადების შემთხვევაში გადარჩენის შანსების კალკულატორი.

17 წლის ავი შიფმენის მიერ შექმნილ, კორონავირუსის პანდემიისადმი მიძღვნილ ვებგვერდზე მსოფლიოს ყველა ქვეყნის მონაცემებია ხელმისაწვდომი.

ავი შიფმენმა, რომლის ვებგვერდსაც შექმნიდან დღემდე საერთო ჯამში 700 მილიონი ადამიანი ესტუმრა, რეკლამის განთავსების შესახებ არაერთი შეთავაზება მიიღო. მათგან ერთ-ერთი 8 მილიონი აშშ დოლარის გადახდას ითვალისწინებდა, თუმცა ახალგაზრდა დეველოპერის თქმით, პანდემიის დასრულების შემდეგ ის საიტის გაუქმებას გეგმავს და არ სურს, კონტრაქტში გაწერილი ვალდებულებების გამო, მისი შენარჩუნება ან შეცვლა მოუხდეს. ამასთანავე, რეკლამა ვებგვერდის მუშაობას შეანელებს, რაც ვიზიტორებს, რომლებსაც სწრაფ ინტერნეტზე წვდომა არ აქვთ, საჭირო ინფორმაციის მიღებისას პრობლემებს შეუქმნის.

შიფმენის განცხადებით, ვებგვერდზე რეკლამის განთავსების შემთხვევაში 30 მილიონი აშშ დოლარის გამომუშავება შეუძლია, თუმცა ეს მისი მიზანი არ არის. მან საიტს მხოლოდ შემოწირულობების ღილაკი დაამატა, რომლის საშუალებითაც ამ თანხის ძალზე მცირე ნაწილის მიღებას თუ შეძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები