Thumbnail

ავსტრალიაში აღმოჩენილი ნამარხი უკბილო დინოზავრის იშვიათ სახეობას ეკუთვნის

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

მელბურნში მდებარე სუინბერნის სახელობის ტექნიკურ უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა ავსტრალიაში აღმოჩენილი დინოზავრის ნამარხი ძვლის შესწავლისას დაადგინეს, რომ ის იშვიათ სახეობას, ელაფროზავრს ეკუთვნოდა. მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოპოვებულ ნიმუშებს შორის, ამ უძველესი ცხოველის ნაშთი ერთ-ერთია იმ ორიდან, რომელიც ცარცული პერიოდიდანაა შემორჩენილი.

► ქარვაში ყველაზე პატარა დინოზავრის თავის ქალა აღმოაჩინეს

დინოზავრის ხერხემლის 5-სანტიმეტრიანი მალა 2015 წელს მელბურნის მუზეუმის მიერ ვიქტორიის შტატში წარმოებული გათხრებისას აღმოაჩინეს. დღემდე მიიჩნეოდა, რომ ის მფრინავი რეპტილიის, პტეროზავრის აგებულებას შეესაბამებოდა, თუმცა პალეონტოლოგთა კვლევამ სხვა შედეგი აჩვენა.

"პტეროზავრის კისრის მალები საკმაოდ განსხვავებულია. ჩვენთვის ცნობილი ყველა ნიმუში თავის მხარეს ჩაღრმავებულია და ბურთისმაგვარი, ამოზნექილი დაბოლოება აქვს. ამ მალის ორივე მხარეს კი ფოსოებია განთავსებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ამ სახეობას ეკუთვნის", - აცხადებს ნაშრომის თანაავტორი, ადელ პენტლენდი.

2015 წელს აღმოჩენილი დინოზავრის კისრის მალა. ფოტო: 
Swinburne University of Technology

მეცნიერთა დასკვნით, ძვალი ტეროპოდების გვარის წარმომადგენლის, ელაფროზავრის სხეულის ნაწილია. ჩვენს პლანეტაზე 110 მილიონი წლის წინ მობინადრე ეს არსება ხორცისმჭამელ ტირანოზავრებსა და ველოცირაპტორებს ენათესავება, თუმცა თავად, სავარაუდოდ, ხორცით არ იკვებებოდა. ისინი გრძელი კისრით, მოკლე წინა კიდურებითა და მცირე ზომის სხეულით გამოირჩეოდნენ. თავის ქალის აგებულების მიხედვით კი შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ ამ სახეობის ზრდასრულ დინოზავრებს კბილების ნაცვლად რქოვანი ნისკარტი ჰქონდათ.

► პალეონტოლოგებმა დედამიწის ისტორიაში ყველაზე საშიში ადგილი გამოავლინეს

აღსანიშნავია ისიც, რომ მსგავსი ცხოველების უმეტესობა, ძირითადად, იურულ პერიოდში ბინადრობდა, ხოლო მკვლევართა მიერ გამოვლენილი ელაფროზავრი ბევრად გვიანდელ, ქვედა ცარცულ პერიოდს ეკუთვნის. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ავსტალიაში მძვინვარე ხანძრების გამო შეწყვეტილ საველე სამუშაოებს მალე დაუბრუნდებიან და უძველესი ნამარხებით მდიდარი ადგილების შესწავლას გააგრძელებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები