Thumbnail

მეცნიერებმა მცენარეული პლასტმასი შექმნეს, რომელიც ერთ წელში იშლება

გოჩა ვანაძე პროფილის ფოტო
გოჩა ვანაძე

ნიდერლანდების დედაქალაქ ამსტერდამში მდებარე ბიოქიმიურმა კომპანიამ Avantium მცენარეული ნედლეულისგან პლასტმასის წარმოების ტექნოლოგია შეიმუშავა. სიმინდის, ხორბლისა და ჭარხლის შაქრისგან დამზადებული მასალა გადამუშავებადი იქნება და ერთ წელიწადში დაიშლება.

პროექტმა ისეთი ბრენდების მხარდაჭერა დაიმსახურა, როგორებიცაა Carlsberg და Coca-Cola. მათთან თანამშრომლობით მცენარეული პლასტმასისგან ბოთლების დამზადება იგეგმება. ნიდერლანდური კომპანიის მესვეურები იმედოვნებენ, რომ პოპულარული გაზიანი სასმელები ახალ შეფუთვაში მაღაზიების თაროებზე 2023 წლისთვის გამოჩნდება.

"ასეთ პლასტმასს დიდი პოტენციალი აქვს, რადგან მის დასამზადებლად წიაღისეული საწვავი არ გამოიყენება. ის გადამუშავებადია და გარემოში მოხვედრისას ჩვეულებრივ პლასტმასთან შედარებით, გაცილებით სწრაფად იშლება", - აცხადებს კომპანია Avantum-ის აღმასრულებელი დირექტორი, ტომ ვან აკენი.

პლასტმასის გადამამუშავებელი ქარხანა ტაილანდში. ფოტო: EPA

ჩვეულებრივი პლასტმასის დაშლას ასეულობით წელი სჭირდება, რის გამოც ეს პრობლემა ჩვენი პლანეტის ერთ-ერთ მთავარ ეკოლოგიურ გამოწვევად რჩება. მოცემული დროისთვის წიაღისეული საწვავისგან მსოფლიოში ყოველწლიურად 300 მილიონზე მეტი ტონა პლასტიკური მასა იწარმოება, რომელიც ძირითადად ჭიქების, ბოთლების, პაკეტებისა და სხვა ერთჯერადი ნივთების დასამზადებლად გამოიყენება. ამ პროდუქციის ძირითადი ნაწილი გადაუმუშავებელი რჩება და გარემოს აბინძურებს. 2034 წლისთვის ამ რიცხვის გაორმაგებაა მოსალოდნელი, რაც პლასტმასის წარმოების შემცირებისკენ მიმართულ მცდელობებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.

2070 წელს დედამიწის მოსახლეობის მესამედმა, შესაძლოა, გაუსაძლის სიცხეში იცხოვროს

მცენარეული პლასტმასის მწარმოებელი კომპანია დღითიდღე ფართოვდება და საკვები პროდუქტებისა თუ სასმელების ინდუსტრიაში ახალ პარტნიორებს იძენს. დასაწყისისთვის Avantium წელიწადში 5 ათასი ტონა მასალის წარმოებას აპირებს, თუმცა მისი ხელმძღვანელობის თქმით, მოთხოვნის ზრდასთან ერთად, მოწოდებაც გაიზრდება.

კომენტარები

ბოლო ამბები