Thumbnail

ნახეთ: აშშ-მ საიდუმლო კოსმოსური თვითმფრინავი Boeing X-37 გაუშვა

თამარ ხმიადაშვილი პროფილის ფოტო
თამარ ხმიადაშვილი

ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საჰაერო ძალებმა ფლორიდის შტატში მდებარე კანავერალის კონცხიდან უპილოტო კოსმოსური თვითმფრინავი Boeing X-37B გაუშვა. ეს ამ საიდუმლო საფრენი აპარატის რიგით მეექვსე მისიაა. 

თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა მისიასთან დაკავშირებით მხოლოდ რამდენიმე დეტალი გაამხილეს. მათი თქმით, X-37B დედამიწის ორბიტაზე ხელოვნურ თანამგზავრს გაიყვანს და კოსმოსში მზის ენერგიის გარდაქმნის ტექნოლოგიას გამოცდის. ამის გარდა, დაგეგმილია მცენარეთა თესლებსა და სხვა მასალებზე რადიაციის ზემოქმედების შესწავლა. მისიის ხანგრძლივობის შესახებ მედიისთვის ინფორმაცია არ მიუწოდებიათ. 

► ნახეთ: როგორი იქნებოდა გაშვების პროცესი, რაკეტები გამჭვირვალე რომ ყოფილიყო

"COVID-19-ის მსხვერპლთა ხსოვნისა და პანდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე მყოფთა პატივისცემის ნიშნად. ამერიკა ძლიერია", - ეწერა რაკეტაზე Atlas V, რომლითაც ორბიტული თვითმფრინავი კოსმოსში გაუშვეს.

 

კომპანია Boeing-ის მიერ აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებისთვის აგებული უპილოტო კოსმოსური თვითმფრინავის სიგრძე დაახლოებით 9 მეტრია, წონა კი 5 ტონა. ორბიტაზე ყოფნისას ის ენერგიას მზის ელემენტების საშუალებით იღებს. პენტაგონის მფლობელობაში ორი ასეთი საფრენი აპარატია, რომლებმაც კოსმოსში საერთო ჯამში 7 წელზე მეტი დაჰყვეს.

► NASA-ს 7 საუკეთესო აპლიკაცია სმარტფონებისთვის

პროგრამა X-37 აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტომ (NASA) 1999 წელს დაიწყო, 2004 წელს კი ის აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის დაქვემდებარებაში გადავიდა. უპილოტო კოსმოსური თვითმფრინავები საიდუმლო მისიებს დედამიწის ორბიტაზე 2010 წლიდან ასრულებენ. კოსმოსში ისინი ხუთჯერ United Launch Alliance-ის რაკეტით Atlas V, ხოლო ერთხელ კომპანია SpaceX-ის Falcon 9-ით გაუშვეს. უკანასკნელი მისია, რომელიც რეკორდული დროის, 780 დღის განმავლობაში გაგრძელდა, 2019 წლის ოქტომბერში დასრულდა

გაზიარება

კომენტარები

ბოლო ამბები