Thumbnail

COVID-19-ის ვაქცინამ ცდის პირველ ეტაპზე დადებითი შედეგი აჩვენა

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ამერიკული ბიოტექნოლოგიური კომპანია Moderna-ს მიერ შექმნილმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ, კოდური სახელწოდებით mRNA-1273, ადამიანებზე ჩატარებული ცდის პირველ ეტაპზე დამაიმედებელი შედეგი აჩვენა. კომპანიას, აშშ-ის ჯანდაცვის ეროვნულ ინსტიტუტთან თანამშრომლობით, უახლოეს მომავალში დამატებითი კვლევები აქვს დაგეგმილი, რომელთა წარმატებით დასრულების შემთხვევაშიც პრეპარატი საგანგებო სიტუაციებში გამოსაყენებლად მიმდინარე წლის შემოდგომაზე იქნება ხელმისაწვდომი.

ცდის ძირითადი მიზანი ვაქცინის უსაფრთხოების დადგენა იყო. მასში 18-დან 55 წლამდე ასაკის 45-მა ჯანმრთელმა მოხალისემ მიიღო მონაწილეობა, რომელთა ორგანიზმში პრეპარატის სხვადასხვა დოზა - 25, 100 და 250 მიკროგრამი შემთხვევითობის პრინციპით შეიყვანეს. მკვლევართა თქმით, ვაქცინაციის შედეგად სასურველი იმუნური რეაქცია გამოვლინდა. ცდის ყველა მონაწილის ორგანიზმმა ანტისხეულები გამოიმუშავა, ჭარბი დოზით გამოწვეული გვერდითი ეფექტი კი მხოლოდ სამ მათგანს დაუდასტურდა.

კომპანიის მიერ ჩატარებული ცდის ფარგლებში, ვაქცინა პირველად 43 წლის ჯენიფერ ჰალერის ორგანიზმში შეიყვანეს. ფოტო: Ted S. Warren

მეცნიერებმა ყურადღება გამანეიტრალებელ ანტისხეულებზე გაამახვილეს, რომელთაც ვირუსის უჯრედში შეღწევისა და გამრავლების პროცესის შეჩერება შეუძლიათ. ცდის 15 მონაწილეს ეს ცილები COVID-19-ისგან გამოჯანმრთელებული პაციენტების მსგავსი ან უფრო მეტი რაოდენობით აღმოაჩნდა.

► Microsoft კორონავირუსით ინფიცირებულთა სისხლში 250 დოლარს გადაიხდის

ადამიანების გარდა, მკვლევრებმა ვაქცინა თაგვებზეც გამოცადეს, რამაც ვირუსის ფილტვებში გავრცელებას შეუშალა ხელი. კომპანიის განცხადებით, მეორე ეტაპზე 600 მოხალისის ვაქცინაცია იგეგმება, ხოლო ივლისის თვეში დაგეგმილ კვლევაში მონაწილეობას ათასობით ადამიანი მიიღებს. სავარაუდოდ, mRNA-1273-ს ფართოდ გამოყენება 2021 წლის დასაწყისისთვის იქნება შესაძლებელი, როცა მისი ეფექტურობა საბოლოოდ დამტკიცდება.

აღსანიშნავია, რომ Moderna-ს გარდა, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემუშავებაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში კიდევ არაერთი დაწესებულება მუშაობს. მათ შორისაა ამერიკული კომპანია Inovio და ოქსფორდის უნივერსიტეტთან არსებული ედვარდ ჯენერის სახელობის ინსტიტუტი, რომელთა პრეპარატებიც ასევე გამოცდის ეტაპზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები