Thumbnail

COVID-19-ისგან გამოჯანმრთელებული ადამიანები ვირუსის გადამტანები არ არიან

თამარ ხმიადაშვილი პროფილის ფოტო
თამარ ხმიადაშვილი

სამხრეთ კორეის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, COVID-19-ისგან გამოჯანმრთელებული ადამიანები, რომელთა განმეორებითმა ტესტირებამ დადებითი პასუხი აჩვენა, კორონავირუსის გადამტანები არ არიან და შესაძლოა, ჰქონდეთ ანტისხეულები, რომლებიც მათ ინფიცირებისგან იცავს.

სამხრეთ კორეაში გამოჯანმრთელებულ პაციენტებს COVID-19 ახლიდან დაუდასტურდათ

მკვლევრებმა შეისწავლეს 285 პაციენტი, რომლებსაც გამოჯანმრთელებიდან 82 დღის შემდეგ ჩატარებული ტესტირებისას კორონავირუსი ისევ აღმოაჩნდათ. მათი ამოცანა იყო დაედგინათ, წარმოადგენდნენ თუ არა ეს ადამიანები საფრთხეს ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით. კვლევის პროცესში, ყველა შესაძლო კონტაქტის შემოწმების შემდეგ, ჯანდაცვის სამსახურის თანამშრომლებმა ამ პაციენტების მიერ ვინმესთვის დაავადების გადაცემის შემთხვევა ვერ გამოავლინეს.

სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში ეპიდემიოლოგები კორონავირუსზე ტესტირებისთვის ნიმუშებს იღებენ. ფოტო: KCDC

ამასთანავე აღმოჩნდა, რომ მათი ორგანიზმიდან აღებული ვირუსის ნიმუშების ლაბორატორიულ პირობებში კულტივაცია შეუძლებელია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ პაციენტები ვირუსის არაგადამდებ ან მკვდარ ნაწილაკებს გამოყოფდნენ. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, სამხრეთ კორეის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა შეცვალა სამოქმედო პროტოკოლი, რომელიც ამგვარ სიტუაციაში მყოფი ადამიანების იზოლირებას მოითხოვდა. საჭირო აღარ იქნება ასევე მათთან კონტაქტში მყოფი პირების კარანტინში გადაყვანაც.

► ნახეთ: 12 ქვეყანა, სადაც COVID 19-ით დაავადების შემთხვევა არ დაფიქსირებულა

ჯერჯერობით უცნობია, რამ განაპირობა გამოჯანმრთელებული პაციენტებისთვის განმეორებით ჩატარებული ტესტირების დადებითი შედეგი. ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენელთა განცხადებით, ამის მიზეზი, შესაძლოა, ის იყოს, რომ პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის ტესტებით ვირუსის მკვდარი ნაწილაკების გამოვლენაა შესაძლებელი. ამავე ვერსიას ემხრობა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაც, რომლის მტკიცებითაც COVID-19-ისგან გამოჯანმრთელებული ადამიანების ხელახალი შემოწმებისას მიღებული დადებითი შედეგი რეინფიცირება არ არის. ისინი მეორედ არ დაავადებულან, ტესტი კი შეცდომაში ფილტვებში დალექილმა კორონავირუსის ნარჩენებმა შეიყვანა, რომლისგანაც ორგანიზმი თანდათან იწმინდება.

კომენტარები

ბოლო ამბები