Thumbnail

ნახეთ: უკანასკნელი ტასმანიური მგლის ამსახველი ვიდეომასალა

თამარ ხმიადაშვილი პროფილის ფოტო
თამარ ხმიადაშვილი

ავსტრალიის ეროვნულმა აუდიო და ვიდეო არქივმა ამ კონტინენტზე, ტასმანიასა და ახალ გვინეაში ოდესღაც მობინადრე ჩანთოსანი ცხოველის, თილაცინის ამსახველი ვიდეომასალა გაავრცელა. 1935 წელს გადაღებულ კადრებში ამ სახეობის უკანასკნელი წარმომადგენელი, სახელად ბენჯამინი, ტასმანიის კუნძულზე მდებარე ქალაქ ჰობარტის ზოოპარკის ვოლიერშია აღბეჭდილი.

თილაცინს ხშირად ტასმანიურ მგელს ან ვეფხვს უწოდებენ. მოყავისფრო-მოყვითალო შეფერილობის ცხოველს ძლიერი ყბა, უკანა ტანზე მუქი ფერის ზოლები, მუცელზე კი ჩანთა ჰქონდა, რომლითაც ახალშობილ ნაშიერებს დაახლოებით 3 თვის განმავლობაში ატარებდა. ხორცისმჭამელი ძუძუმწოვარი კენგურუებით, მღრღნელებითა და პატარა ფრინველებით იკვებებოდა.

უკანასკნელი ცნობილი თილაცინი, სახელად ბენჯამინი, ტასმანიის კუნძულზე მდებარე ქალაქ ჰობარტის ზოოპარკში ბინადრობდა.

ეს ჩანთოსანი ცხოველი კონტინენტური ავსტრალიის ყველა რეგიონში ბინადრობდა, სანამ 3 ათასი წლის წინ გადაშენდებოდა. მეცნიერები ამის მიზეზად კლიმატის ცვლილებას, ეპიდემიურ დაავადებებს, ადამიანების მიერ მათზე ნადირობას, ველურ ძაღლ დინგოსთან კონკურენციასა თუ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზის ერთობლიობას ასახელებენ.

► პაბლო ესკობარის ბეჰემოთები კოლუმბიის ეკოსისტემას ანადგურებენ

თილაცინი მხოლოდ კუნძულ ტასმანიაზე შემორჩა, სადაც მე-18 საუკუნესა და მე-19 საუკუნის დასაწყისში საკმაოდ მრავალრიცხოვანი პოპულაცია ჩამოაყალიბა. თუმცა, ცხვარზე ხშირი თავდასხმების გამო, 1830-იან წლებში ადგილობრივმა ფერმერებმა ამ მტაცებელი ცხოველის მასობრივი განადგურება დაიწყეს. ამას კუნძულზე შემოტანილი ძაღლის ჭირის ეპიდემიაც დაემატა და შედეგად, მე-20 საუკუნის დასაწყისისთვის ველურ ბუნებაში მხოლოდ რამდენიმე თილაცინი დარჩა. მათგან უკანასკნელი მონადირეებმა 1930 წელს მოკლეს, ექვსი წლის შემდეგ კი სიბერისგან ჰობარტის ზოოპარკში მობინადრე ბოლო ჩანთოსანი მგელიც მოკვდა.

 

იმის მიუხედავად, რომ თილაცინი გადაშენებულად ითვლება, ტასმანიის ტყეებში მასთან შეხვედრის შესახებ ინფორმაცია დღემდე ვრცელდება. 2005 წელს ერთ-ერთმა ავსტრალიურმა გამოცემამ მილიონ აშშ დოლარამდე ფულადი პრემიაც კი დააწესა მათთვის, ვინც ცოცხალ ჩანთოსან მგელს დაიჭერდა, მაგრამ ჯილდოსთვის არავის მოუკითხავს.

► ქვიზი: ბინადრობს თუ არა ეს ცხოველი საქართველოში?

2017 წელს მედიაში გაჩნდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ კეიპ-იორკის პარკში ფოტოხაფანგმა თილაცინის მსგავსი ცხოველები დააფიქსირა, თუმცა მათი ბინადრობის ადგილის საიდუმლოდ შენახვის მიზნით, სურათები ფართო საზოგადოებისთვის არ წარუდგენიათ. ტასმანიის ხელისუფლების მიერ გავრცელებულ ანგარიშში კი 2016-19 წლებში ჩანთოსან მგელთან შეხვედრის 8 შემთხვევაზეა საუბარი.

კომენტარები

ბოლო ამბები