Thumbnail

უხანში გარეული ცხოველების საკვებად გამოყენება 5 წლით აიკრძალა

თამარ ხმიადაშვილი პროფილის ფოტო
თამარ ხმიადაშვილი

ჩინეთის ქალაქ უხანში, საიდანაც კორონავირუსის პანდემია გავრცელდა, გარეული ცხოველების საკვებად გამოყენება 5 წლით, ხოლო პეკინში, შენჯენსა და ჯუჰაიში სამუდამოდ აიკრძალა. ამის გარდა, მკაცრი კონტროლის დაწესდა მათ გამრავლებაზე. იმ ფერმერებს კი, რომელთა შემოსავლის ძირითადი წყარო ეს საქმიანობა იყო, სახელმწიფო კომპენსაციას სთავაზობს.

"მივესალმები უხანში გარეული ცხოველების საკვებად გამოყენების აკრძალვას. თუ გვსურს, მორიგი პანდემია თავიდან ავიცილოთ, ზოონოზური დაავადებების გავრცელების რისკს სრული პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ. თუმცა, 5 წლის შემდეგ ეს რისკი ისევ იარსებებს, ამიტომ აკრძალვა სამუდამოდ უნდა შენარჩუნდეს. აუცილებელია, ამ ნაბიჯს სხვა ქვეყნებიც შეუერთდნენ და მსოფლიოში გარეული ცხოველებით ვაჭრობა დასრულდეს", - განაცხადა ცხოველთა დაცვის საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენელმა, პიტერ ლიმ.

► როგორ ცხოვრობს ჩინეთის ქალაქი უხანი კარანტინის გაუქმების შემდეგ

ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, გარეული ცხოველების საკვებად გამოყენების აკრძალვასთან ერთად, უხანი ველური სახეობების თავშესაფარი გახდება. ნადირობა ნებადართული მხოლოდ ისეთი გამონაკლის შემთხვევებში დაიშვება, როგორიცაა სამეცნიერო კვლევები, პოპულაციის რეგულირება, ეპიდემიური დაავადებების კონტროლი და სხვა.

ქალაქ უხანის ბაზარში 30-ზე მეტი სახეობის გარეული ცხოველი იყიდებოდა. ფოტო: Anthony Kwan

ძიანსისა და ხუნანის პროვინციების ხელისუფლებამ შეიმუშავა პროექტი, რომლის ფარგლებშიც ადგილობრივ ფერმერებს სხვა საქმიანობაზე გადასვლაში დაეხმარება. მათ ხილის, ბოსტნეულის, ჩაის, ტრადიციულ ჩინურ მედიცინაში გამოყენებადი სამკურნალო ბალახების მოყვანა ან შინაური ცხოველებისა და ფრინველის, მაგალითად, ღორებისა და ქათმების მოშენება შეეძლებათ.

ჩინეთში შესაძლოა, ძაღლის ხორცით ვაჭრობა აიკრძალოს

კომპენსაციას მხოლოდ იმ ფერმერებზე გასცემენ, რომლებსაც გარეული ცხოველების გამრავლების ლიცენზია ჰქონდათ. ერთ მაჩვზღარბაში ისინი 630 იუანს (88 აშშ დოლარი), ციბეტინში კი 600 იუანს (84 აშშ დოლარი) მიიღებენ. ერთ კილოგრამ ბამბუკის ვირთხაში სახელმწიფო 75 იუანს (11 აშშ დოლარი), ხოლო კობრაში 120 იუანს (17 აშშ დოლარი) გადაიხდის. რაც შეეხება გარეულ იხვსა და მუნჯაკის ირემს, ფერმერები მათ სანაცვლოდ 2457 იუანს (345 აშშ დოლარი) მიიღებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები