Thumbnail

მეცნიერთა აზრით, ადამიანს წვერი სახეში დარტყმისგან დასაცავად განუვითარდა

თამარ ხმიადაშვილი პროფილის ფოტო
თამარ ხმიადაშვილი

იუტას უნივერსიტეტის ბიოლოგების, ეთან ბისერისის, სტივენ ნეილვეისა და დევიდ ქერიერის დასკვნით, ადამიანის წვერი ევოლუციურად სახეში ძლიერი დარტყმების შემსუბუქებას ემსახურება. კვლევა გამოცემაში Integrative Organismal Biology გამოქვეყნდა.

მეცნიერებმა ცდის ჩასატარებლად ხელოვნური ყბის ძვალი დაამზადეს, რომელსაც 3 ტიპის - ხშირი მატყლით დაფარული, გაკრეჭილი და ამოპუტული ცხვრის ტყავი გადააკრეს. ეს მოდელები გაპარსულ, წვერშეკრეჭილ და წვერმოშვებულ სახეს იმიტირებდნენ. თითოეულმა ვარდნადი სიმძიმით 20 დარტყმა მიიღო, რომელთა სიძლიერეს დატვირთვის გადამწოდით ზომავდნენ.

როგორც მოსალოდნელი იყო, ხშირი მატყლით დაფარულმა მოდელმა დარტყმებს დანარჩენ ორზე უკეთ გაუძლო. აღმოჩნდა, რომ ყბა მოშვებული წვერით 37 პროცენტით მეტ ენერგიას შთანთქავს, ვიდრე შეკრეჭილი ან გაპარსული. ამასთანავე, მათი 45 პროცენტი ისეთი ძლიერი დარტყმების შედეგადაც კი არ დაზიანდა, რომლითაც დანარჩენი მოდელები იმტვრეოდა.

ხაბიბ ნურმაგომედოვისა და კონორ მაკგრეგორის ორთაბრძოლა. ფოტო: Brandon Magnus

თუმცა, ბიოლოგების თქმით, ცხვრის მატყლი ადამიანის წვერის საუკეთესო ანალოგი არ არის, რადგან ის გაცილებით ხშირია. ამის გარდა, ყბაში დარტყმისას ყველაზე სერიოზული ტრავმა მისი მოტეხილობა არ არის. გაცილებით მძიმე შედეგებამდე ტვინის შერყევას მივყავართ. ჯერჯერობით უცნობია, ამცირებს თუ არა დარტყმისას წვერი ტვინზე ზემოქმედებას. მომავალში მეცნიერები გეგმავენ შეამოწმონ, რა გავლენას ახდენს წვერი დარტყმის სიზუსტეზე.

ისინი ასევე აღიარებენ, რომ მათ მიერ განხორციელებული ექსპერიმენტის შედეგები წინააღმდეგობაში მოდის შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) მებრძოლთა შორის ადრე ჩატარებული კვლევის დასკვნებთან. მაშინ მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ორთაბრძოლისას წვერი ხელშესახებ უპირატესობას არ იძლევა. თუმცა, იზომებოდა გამარჯვებების და არა უშუალოდ დარტყმების რაოდენობა და შესაძლოა, წვერმოშვებული მებრძოლები მათ შედეგად ნაკლებ ზიანს იღებდნენ, ვიდრე პირგაპარსულები.

ევოლუციის თეორიის შემქმნელი, ჩარლზ დარვინი მიიჩნევდა, რომ მამაკაცს წვერი საპირისპირო სქესის მოხიბვლისა და მოზიდვის მიზნით განუვითარდა. რამდენად შეესაბამება სიმართლეს იუტას უნივერსიტეტის მეცნიერების მოსაზრება იმის შესახებ, რომ მისი დანიშნულება სახის დარტყმებისგან დაცვა იყო, მომავალში დაგეგმილი კვლევების შედეგად გავიგებთ.

კომენტარები

ბოლო ამბები