Thumbnail

ნახეთ: ანტარქტიდაზე თოვლი მწვანედ შეიფერა

გოჩა ვანაძე პროფილის ფოტო
გოჩა ვანაძე

კემბრიჯის უნივერსიტეტის ბიოლოგებმა გამოცემაში Nature Communications გამოქვეყნებულ ნაშრომში უცნაური მოვლენა აღწერეს. ანტარქტიკის ნახევარკუნძულსა და მის მიმდებარე კუნძულებზე თოვლი მწვანედ შეიფერა.

თოვლის გამწვანების მიზეზი მიკროსკოპული წყალმცენარე აღმოჩნდა, რომელიც სამხრეთ პოლარულ წრეში ტემპერატურის ზრდის გამო, ადვილად გამრავლდა. მეცნიერებმა დაახლოებით 1700 ყვავილობის კერა აღმოაჩინეს. დათბობის გარდა, წყალმცენარის გავრცელებაზე გავლენა ზღვის ფრინველებმა და ძუძუმწოვრებმა მოახდინეს, რომელთა ექსკრემენტები მისთვის ბუნებრივ სასუქად იქცა. მწვანე უბნების 60 პროცენტი პინგვინების კოლონიიდან 5 კილომეტრის მანძილზეა განლაგებული. ბევრი წყალმცენარეა ასევე იმ ადგილებში, სადაც სელაპები ზღვიდან ნაპირზე გამოდიან.

მწვანე ფერის წყალმცენარეები ანტარქტიკის ნახევარკუნძულზე. ფოტო: Matt Davey

ანტარქტიდის კონტინენტის შემადგენლობაში შემავალ ნახევარკუნძულზე წყალმცენარის ყვავილობა იმდენად თვალშისაცემია, რომ ის დედამიწის ხელოვნურმა თანამგზავრებმაც დააფიქსირეს. სატელიტური მონაცემებისა და საკუთარი კვლევის შედეგების შეჯერებით, მეცნიერებმა მისი გავრცელების რუკა შეადგინეს. ყვავილობის კერები, რომლებიც ჯამში 1,9 კილომეტრზეა გადაჭიმული, ყოველწლიურად 479 ტონა ნახშირორჟანგს შთანთქავს, რაც დიდი ბრიტანეთის გზებიდან 875 ათასი მანქანის მოშორებას უდრის.

ეს წელს ანტარქტიკაში თოვლის წყალმცენარეების ყვავილობის პირველი შემთხვევა არ არის. თებერვალში გალინდეზის კუნძულზე მდებარე აკადემიკოს ვერნანდსკის სახელობის კვლევით სადგურთან წითლად შეფერილი თოვლი აღმოაჩინეს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ანტარქტიკაში ტემპერატურის მატებასთან ერთად, ასეთი ადგილების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.

დაახლოებით 1700 ყვავილობის კერა 1,9 კილომეტრზეა გადაჭიმული. ფოტო: Matt Davey

ანტარქტიკის ნახევარკუნძულზე ძალზე სწრაფად თბება. მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის მონაცემებით, უკანასკნელ 50 წელიწადში იქ ჰაერის ტემპერატურა დაახლოებით 3 °C-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის 6 თებერვალს კი არგენტინულ სამეცნიერო-კვლევით სადგურზე ესპერანსა რეკორდულად მაღალი ჰაერის ტემპერატურა 18,3 °C დაფიქსირდა. ეს იმას ნიშნავს, რომ დედამიწის ერთ-ერთ ყველაზე ცივ ადგილსა და მზიანი კალიფორნიის ქალაქ სან დიეგოში ამ დღეს, ფაქტობრივად, ერთნაირი ტემპერატურა იყო.

კომენტარები

ბოლო ამბები