Thumbnail

ნახეთ: რობოტი ძაღლი ცხვრის ფარას მწყემსავს

ამერიკული კომპანიის Boston Dynamics მიერ წარმოებული რობოტი ძაღლი Spot ახალ ზელანდიაში ცხვრების სამწყემსად გამოიყენეს. გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ სეირნობს ის ბაღში, გადაადგილდება ბორცვებსა და გორაკებზე, გადადის ხის ხიდზე და ნამდვილი ნაგაზივით უვლის ცხვრებს. ყველაფერ ამას მოწყობილობა ინფრაწითელი კამერების, თანამედროვე კარტოგრაფიული ტექნოლოგიებისა და სენსორების მეშვეობით აკეთებს. 

ექსპერიმენტი ახალზელანდიურმა კომპანიამ Rocos ჩაატარა, რომელიც Spot-ის სისტემურ უზრუნველყოფაზეა პასუხისმგებელი. აღმოჩნდა, რომ რობოტ ძაღლს დამატებით ისეთი დავალებების შესრულება შეუძლია, როგორიცაა მოსავლის აღება, ნათესების დათვალიერება და რეალური დროის რეჟიმში რუკების შედგენა. კომპანიაში აცხადებენ, რომ მალე ერთდროულად რამდენიმე ასეთი მოწყობილობის დისტანციურად მართვა გახდება შესაძლებელი. ამასთანავე, სისტემა რობოტებს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ფუნქციონირების საშუალებას მისცემს, რაც დიდი ფერმებისა და რანჩოების მართვაზე პასუხისმგებელი ადამიანების დროს დაზოგავს. 

 

კომპანიამ Boston Dynamics ოთხფეხა რობოტი საზოგადოებას 2016 წლის ივნისში წარუდგინა, 2019 წლის სექტემბრიდან კი მისი გაყიდვები დაიწყო. Spot-ის ერთ-ერთი პირველი მფლობელი ცნობილი ტელეწამყვანი, ადამ სევეჯი გახლდათ, რომელიც მოწყობილობას რამდენიმე კვირის განმავლობაში ცდიდა და სხვადასხვაგვარ ექსპერიმენტსაც ატარებდა. თუმცა, რობოტი ძაღლით მხოლოდ ის არ დაინტერესებულა. ნავთობის მომპოვებელი კომპანია Aker BP მას ნორვეგიაში მდებარე ჭაბურღილზე, აშშ-ის მასაჩუსეტსის შტატის პოლიცია კი გამნაღმველთა დასახმარებლად იყენებს. Spot სინგაპურის პარკებშიც პატრულირებს და კორონავირუსის პანდემიის გამო მოქმედი სოციალური დისტანცირების წესების დაცვას აკონტროლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები