Thumbnail

10 რამ, რაც ბევრად ადრე გამოიგონეს, ვიდრე გეგონათ

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებამ და მედიცინის მიღწევებმა ადამიანების ცხოვრება მნიშვნელოვნად შეცვალა. თუმცა, მსგავსი პროგრესი შეუძლებელი იქნებოდა წინა ეპოქებში მოღვაწე ნოვატორების გარეშე, რომელთა აღმოჩენებსა და ვიზიონერულ პროექტებს კაცობრიობის წინსვლაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით. ჩვენს სტატიაში სწორედ მათ შესახებ ვისაუბრებთ და იმ 10 გამოგონებას გაგაცნობთ, რომელიც ბევრად ადრინდელია, ვიდრე უმეტესობას ჰგონია.

10. კომპიუტერი

ციფრული პროგრამირებადი კომპიუტერის კონცეფცია მე-19 საუკუნეში მცხოვრებმა ინგლისელმა მათემატიკოსმა, ფილოსოფოსმა და ინჟინერმა, ჩარლზ ბებიჯმა შეიმუშავა. ჯერ კიდევ 1830-იან წლებში მან პროგრამულად მართვად "ანალიტიკური მანქანაზე" დაიწყო მუშაობა - ცენტრალური პროცესორით, მეხსიერებითა და პერფობარათებით, რომლებზეც პროგრამები უნდა ჩაწერილიყო. უსახსრობისა და იმდროინდელი ტექნოლოგიური შესაძლებლობების სიმწირის გამო, ბებიჯმა მოწყობილობის მხოლოდ გამარტივებული ვერსიის აწყობა შეძლო, თუმცა 1991 წელს ლონდონის მეცნიერების მუზეუმმა გამომგონებლის პროექტის მიხედვით მანქანის სრულყოფილი, მოქმედი მოდელი ააგო. 

9. პლასტიკური ქირურგია

პლასტიკური ქირურგიის წარმოშობა ინდოელი ექიმის, სუშრუტას სახელს უკავშირდება. მისი დაბადებისა და გარდაცვალების ზუსტი თარიღები უცნობია, თუმცა ვარაუდობენ, რომ ის ქალაქ ვარანასის ტერიტორიაზე ძველი წელთაღრიცხვით 1500-600 წლებს შორის ცხოვრობდა. სუშრუტამ ბრძოლის დროს დაკარგული, სადამსჯელო ღონისძიებებისას ამპუტირებული ან სხვა მიზეზით დაზიანებული ცხვირის, ყურის ბიბილოსა და გენიტალიების აღდგენის ქირურგიული მეთოდები შეიმუშავა. მანვე დანერგა რინოპლასტიკის პროცედურაც, რომელიც შუბლიდან აღებული კანის ქსოვილის ცხვირის არეში გადატანას გულისხმობს და თანამედროვე მედიცინაში  წარმატებით გამოიყენება.

8. ელემენტი

პირველი ელემენტი ჯერ კიდევ 1800 წელს იტალიელმა ფიზიკოსმა, ალესანდრო ვოლტამ ცნობილი მეცნიერის, ლუიჯი გალვანის ნაშრომების საფუძველზე შექმნა. უწყვეტი ელექტრული დენის მისაღებად მან თუთიისა და სპილენძის ფირფიტები გამოიყენა, რომელთა შორის მარილწყალში ამოვლებული ქსოვილის ნაჭრები მოათავსა. ელექტროქიმიური პროცესების შედეგად წარმოქმნილი დენის სიმძლავრის გასაზრდელად, ვოლტამ ფირფიტები ერთმანეთის მიყოლებით ვერტიკალურად განალაგა. ნახევარი მეტრი სიმაღლის "ვოლტას სვეტი" ადამიანისთვის საგრძნობ ძაბვას ქმნიდა. სწორედ ეს გამოგონება იქცა თანამედროვე ელემენტების წინამორბედად.

7. ვაქცინა

ინგლისელ მეცნიერს, ედუარდ ჯენერს იმუნოლოგიის მამას უწოდებენ. ჯერ კიდევ 1796 წელს მან ყვავილის საწინააღმდეგო პირველი ეფექტური ვაქცინა შექმნა, რომელიც 8 წლის ჯეიმს ფიპს შეუყვანა. ამ დაავადებით მე-18 საუკუნის ევროპაში წელიწადში 400 ათასამდე ადამიანი იღუპებოდა, ინფიცირებულთა მესამედი კი ბრმავდებოდა. ბავშვის ორგანიზმმა ყვავილის მიმართ იმუნიტეტი გამოიმუშავა, ჯენერმა კი საკუთარი აღმოჩენა მთელ მსოფლიოს უსასყიდლოდ გაუზიარა. მისი მიგნების წყალობით, მომდევნო საუკუნეებში არაერთი საშიში დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინა შეიქმნა, რომელთა გარეშეც მილიონობით ადამიანი დაიხოცებოდა.

6. ფაქსი

ფაქსის აპარატი მსოფლიოში მასობრივად მე-20 საუკუნის 80-იანი წლებიდან გავრცელდა, თუმცა მისი პირველი პროტოტიპი შოტლანდიელმა ინჟინერმა, ალექსანდერ ბეინმა ჯერ კიდევ 1843 წელს დააპატენტა. გამომგონებლის მიერ საათის მექანიზმისა და ტელეგრაფის გამოყენებით კონსტრუირებული მოწყობილობა გზავნილის სადენებით გადაცემისა და ქიმიური ხსნარით გაჟღენთილ ქაღალდზე გამოტანის საშუალებას იძლეოდა. გამოსახულება ხარისხით არ გამოირჩეოდა, ვინაიდან გადამცემისა და მიმღების სინქრონიზება არ მოხერხდა, თუმცა ბეინის აპარატი სხვათა შთაგონების წყაროდ იქცა, რამაც ფაქსის შემდგომ განვითარებას დაუდო საფუძველი.

5. კონტაქტური ლინზები

კონტაქტური ლინზების შექმნას დიდი დრო და მრავალი ადამიანის შრომა დასჭირდა. მხედველობის ოპტიკური კორექციის იდეა ჯერ კიდევ  ლეონარდო და ვინჩის მიერ 1508 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში გაჟღერდა, მის არქივში კი წყლით სავსე მინის ბურთის ნახაზები აღმოაჩინეს, რომლის საშუალებითაც ცუდი მხედველობის მქონე ადამიანს უკეთ უნდა დაენახა. მე-17 საუკუნეში ამ საკითხით რენე დეკარტი ინტერესდებოდა, თუმცა გამოგონების პატივი გერმანელ ოფტალმოლოგებს, ავგუსტ მიულერსა და ადოლფ ფიკს ხვდათ წილად, რომლებმაც პირველი კონტაქტური ლინზები 1887 და 1888 წლებში ერთმანეთისგან დამოუკიდებლად დაამზადეს. ისინი მთლიან თვალს ფარავდნენ და საკმაო სიმძიმითაც გამოირჩეოდნენ, რის გამოც მფლობელს მათი ტარება მხოლოდ რამდენიმე საათის განმავლობაში შეეძლო. 

4. ტელეფონი

მე-19 საუკუნეში ტელეფონის შექმნას ერთდროულად რამდენიმე ადამიანი ცდილობდა. ჯერ კიდევ 1860 წელს იტალიელმა ანტონიო მეუჩიმ გამოაქვეყნა სტატია საკუთარი გამოგონების შესახებ, რომელსაც სადენების საშუალებით ხმის გადაცემა შეეძლო. 1861 წელს მსგავსი მოწყობილობა წარმოადგინა გერმანელმა იოჰან ფილიპ რეისმაც, თუმცა პირველმა თავისი "მოლაპარაკე ტელეგრაფი" 1876 წელს წარმოშობით შოტლანდიელმა მეცნიერმა, ალექსანდერ გრეიამ ბელმა დააპატენტა. თავდაპირველად მისი მოქმედების მანძილი 500 მეტრს არ აღემატებოდა, თუმცა უკვე 1892 წელს სატელეფონო ხაზმა ერთმანეთთან ქალაქები ნიუ იორკი და ჩიკაგო დააკავშირა. ბელი ფოტოზე სწორედ ამ ისტორიული მოვლენის დროს არის აღბეჭდილი. 

3. ჭურჭლის სარეცხი მანქანა

ამერიკელმა დიასახლისმა ჯოზეფინ გარის კოკრეინმა ჭურჭლის სარეცხი მანქანა ჯერ კიდევ 1886 წელს დააპატენტა. გამომგონებელს ისეთი მოწყობილობის შექმნა სურდა, რომელიც სამუშაოს მსახურებზე ბევრად სწრაფად და ეფექტიანად შეასრულებდა. მანქანის ასაწყობად მან ჯერ თეფშები და ჭიქები გაზომა, შემდეგ კი მათზე მორგებული სათავსები დაამზადა, რომლებიც სპილენძის ქვაბში ჩადგმულ ბორბალში მოათავსა. ბორბალს ძრავა ატრიალებდა, ქვაბის ფსკერიდან კი ცხელი, საპნიანი წყალი ისხმებოდა და ჭურჭელს რეცხავდა. ჯოზეფინ კოკრეინმა მანქანის საწარმოებლად კომპანია დაარსა, რომლის პირველი კლიენტებიც ჩიკაგოს რესტორნები და სასტუმროები გახდნენ. 

2. წყალქვეშა ნავი

წყალქვეშა ნავის პირველი პროექტი ინგლისელ მათემატიკოსსა და სამხედრო-საზღვაო ფლოტის არტილერისტს, უილიამ ბორნს ეკუთვნის. მან ჯერ კიდევ 1578 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში აღწერა ცხოველის ტყავით დაფარული ხის ხომალდი, რომელიც მთლიანად დახურული იქნებოდა და წყალქვეშ ცურვას შეძლებდა. ბორნის ეს ჩანაფიქრი 1620 წელს რეალობად ნიდერლანდელმა ინჟინერმა და გამომგონებელმა, კორნელიუს დრებელმა აქცია. მის მიერ ინგლისის მეფე ჯეიმს I-ისთვის აგებული სუბმარინა თექვსმეტამდე ადამიანს იტევდა და წყალქვეშ რამდენიმე საათის განმავლობაში შეეძლო დარჩენა.

1. ესკალატორი

პირველი მსგავსი მექანიზმი ამერიკელმა იურისტმა, ნათან ეიმსმა ჯერ კიდევ 1859 წელს დააპატენტა, თუმცა მის მიერ "მბრუნავ კიბედ" მონათლული გამოგონება - უწყვეტ ზოლზე განთავსებული საფეხურები, რომელსაც გორგოლაჭების მეშვეობით უნდა იმოძრავა და მგზავრები გადაეყვანა, არასდროს არავის გამოუყენებია. გაცილებით წარმატებული გამოდგა კიდევ ერთი ამერიკელის, ჯესი უილფორდ რენოს მიერ 1892 წელს შექმნილი მოწყობილობა, სახელწოდებით "დახრილი ამწე". სწორედ მისი პატენტის მიხედვით აიგო მსოფლიოში პირველი ესკალატორი, რომელიც ქალაქ ნიუ იორკში მდებარე კონი აილენდის პარკში ტურისტული ატრაქციონის სახით დამონტაჟდა.

კომენტარები

ბოლო ამბები