Thumbnail

LEGO-ს კვლევის მიხედვით, ბავშვებს ასტრონავტობაზე მეტად იუთუბერობა სურთ

თამარ ხმიადაშვილი პროფილის ფოტო
თამარ ხმიადაშვილი

სათამაშოების მწარმოებელი კომპანია LEGO-ს შეკვეთით ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთსა და ჩინეთში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ დასავლეთში მცხოვრებ ბავშვებს ასტრონავტობაზე მეტად იუთუბერობა სურთ. 

კვლევაში მონაწილეობა სამ ქვეყანაში მცხოვრებმა 8-დან 12 წლამდე ასაკის სამი ათასმა ბავშვმა მიიღო. მათ ჩამოთვლილი 5 პროფესიიდან - ასტრონავტი, მუსიკოსი, სპორტსმენი, მასწავლებელი და იუთუბერი, ყველაზე სასურველი უნდა აერჩიათ.

აღმოჩნდა, რომ ამერიკელი და ბრიტანელი ბავშვების თითქმის 30 პროცენტს იუთუბერობა ან ვლოგერობა - ინტერნეტში ატვირთული ვიდეოებით პოპულარობის მოპოვება და შემოსავლის მიღება სურს. მეორე ადგილზე მასწავლებლის პროფესია გავიდა, შემდეგ სპორტსმენისა და მუსიკოსის, ასტრონავტობა კი სასურველ საქმიანობად მხოლოდ 11 პროცენტმა აირჩია. რაც შეეხება ჩინეთს, იქ გამოკითხულთა უმეტესობა, 56 პროცენტი სწორედ ასტრონავტის კარიერითაა დაინტერესებული, ხოლო იუთუბერის პროფესიას ყველაზე ნაკლებმა ბავშვმა, 18 პროცენტმა მისცა ხმა.

"აპოლოს"  მისიის მონაწილე ასტრონავტის, ბაზ ელდრინის ნატურალური ზომის ფიგურა LEGO-ს კუბებისგანაა აწყობილი.

რამ განაპირობა კვლევის ასეთი შედეგები ჯერჯერობით უცნობია. შესაძლოა, ასტრონავტის პროფესიის მიმართ ინტერესის ნაკლებობა დასავლეთში მცხოვრებ ბავშვებში იმით იყოს გამოწვეული, რომ ამერიკელები "აპოლოს" მისიის ფარგლებში მთვარეზე უკვე იყვნენ და საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზეც მუდმივი წარმომადგენლობა ჰყავთ. რაც შეეხება ჩინეთს, ცნობილია, რომ ამ ქვეყნის განათლების სისტემა აქცენტს მეცნიერებისა და კოსმოსის კვლევის მნიშვნელობაზე აკეთებს. 

ასეა თუ ისე, LEGO ცდილობს, ბავშვებში კოსმოსისადმი ინტერესი გააღვივოს. კომპანიამ კონსტრუქტორების რამდენიმე კომპლექტიც კი გამოუშვა, რომელიც "აპოლოს" პროგრამას ეძღვნება. ამის გარდა, მშენებელთა ათკაციანმა გუნდმა დაახლოებით 300 საათი დახარჯა კუბებით ასტრონავტ ბაზ ელდრინის ნატურალური ზომის მოდელის ასაგებად. ის ნილ არმსტრონგთან ერთად 1969 წლის ისტორიულ მისიაში მონაწილეობდა, რომლის ფარგლებშიც აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის სააგენტომ (NASA) მთვარეზე პირველი ადამიანები გაგზავნა.

კომენტარები

ბოლო ამბები