Thumbnail

ნახეთ: მსოფლიოში უძველესი ანალოგური კომპიუტერი

გოჩა ვანაძე პროფილის ფოტო
გოჩა ვანაძე

კუნძულ ანტიკითერასთან ჩაძირული სავაჭრო გემის ნარჩენების შესწავლისას ნაპოვნი მექანიზმი დედამიწაზე შექმნილი პირველი ანალოგური კომპიუტერია. მსოფლიოში უძველესი გამომთვლელი მანქანა, რომელიც "ანტიკითერას მექანიზმის" სახელითაა ცნობილი, ძველი წელთაღრიცხვის II-I საუკუნით თარიღდება.

1900 წლის 4 აპრილს ეგეოსის ზღვის ფსკერზე ბერძენმა მყვინთავმა ანტიკური პერიოდის რომაული ხომალდი აღმოაჩინა. მასზე დატვირთული სიძველეების სიღრმიდან ამოტანა თითქმის ერთი წლის განმავლობაში გრძელდებოდა. ბრინჯაოსა და მარმარილოს სკულპტურები, ორნამენტებით დამშვენებული ავეჯი, უძველესი მუსიკალური ინსტრუმენტები, იუველირული თუ კერამიკული ნაწარმი, მონეტები და სხვა არტეფაქტები შესანახად ათენის ეროვნულ არქეოლოგიურ მუზეუმს გადაეცა. მათ შორის იყო ჟანგითა და ნიჟარებით დაფარული ბრინჯაოს ნატეხები, რომლებიც მაშინ დაზიანებული ქანდაკების ნაწილებად მიიჩნიეს.

უძველესი გამომთვლელი მანქანის ფრაგმენტები ათენის ეროვნულ არქეოლოგიურ მუზეუმში ინახება. 

1902 წელს ათენის მუზეუმში ექსპონატების დათვალიერებისას არქეოლოგმა ვალერიოს სტაისმა ერთ-ერთზე მოულოდნელად კბილანები აღმოაჩინა. მან ძიება განაგრძო და დაადგინა, რომ საქმე უცნობი მექანიზმის ფრაგმენტებთან ჰქონდა. ის ბრინჯაოს 30-ზე მეტ კბილა თვალს შეიცავდა, რომლებიც სწორკუთხა ხის კორპუსში იყო მოქცეული. ასევე ბრინჯაოსგან დამზადებულ წინა და უკანა პანელებზე კი ისრიანი ციფერბლატები იყო განთავსებული.

თავად სტაისი ფიქრობდა, რომ საქმე ასტრონომიულ საათთან ჰქონდა, თუმცა მომდევნო წლებში მეცნიერებმა უძველესი მექანიზმის დანიშნულების შესახებ ბევრი სხვადასხვა ვარაუდი გამოთქვეს. ამ დებატებში გარდატეხა ბრიტანელმა მკვლევარმა, მეცნიერებათა ისტორიის პროფესორმა, დერეკ ჯონ დე სოლა ფრაისმა შეიტანა. ფრაგმენტების საფუძვლიანი შესწავლის შემდეგ მან დაადგინა, რომ მოწყობილობა ციური სხეულების განლაგების პროგნოზირებისთვის გამოიყენებოდა. მისი მოსაზრებით, მთავარი კბილა თვალი 365 დღისგან შემდგარი კალენდარული წლის მსვლელობას ასახავდა და ცალკეულ პატარა დეტალებსაც ამოძრავებდა, რომლებიც თავის მხრივ მთვარისა და მზის მოძრაობას აჩვენებდნენ.

1959 წელს ბრიტანელმა მეცნიერმა, დერეკ ჯონ დე სოლა ფრაისმა ანტიკითერას მექანიზმის ფუნქციები განსაზღვრა.

ფრაისმა ანტიკითერას მექანიზმი რენტგენის აპარატის საშუალებით შეისწავლა და მისი სქემა ააგო, 1959 წელს კი გამოცემაში Scientific American მოწყობილობის დეტალური აღწერა გამოაქვეყნა, რომლის საფუძველზეც ბრიტანელმა მესაათემ, ჯონ გლივმა მუშა მოდელი ააწყო.

1997 წელს ლონდონის მეცნიერებათა მუზეუმის მექანიკური მოწყობილობების სპეციალისტმა, მაიკლ რაითმა უძველესი მექანიზმის მორიგი კვლევა ჩაატარა. მან ფრაისის ზოგადი დასკვნები დაადასტურა, თუმცა დამატებით დაადგინა, რომ ძველ ბერძნებს ამ ხელსაწყოს საშუალებით არა მხოლოდ მთვარისა და მზის, არამედ იმ დროს ცნობილი ხუთი პლანეტის - მერკურის, ვენერის, მარსის, იუპიტერისა და სატურნის მოძრაობის მოდელირებაც შეეძლოთ. თანამედროვე კომპიუტერების მსგავსად, მოწყობილობა შეყვანილ მონაცემებს ამუშავებდა და ურთულეს გამოთვლებს ასრულებდა.

 

ამის შემდეგ მეცნიერებმა ანტიკითერას მექანიზმის სხვა დეტალებიც საფუძვლიანად შეისწავლეს და მისი ფუნქციების უმრავლესობა დაადგინეს. 2017 წელს კი სპეციალური კომპიუტერული პროგრამით იმ ადგილის კოორდინატებიც განისაზღვრა, სადაც ის შეიქმნა ან გამოიყენებოდა - როდოსი ან სირაკუზა. მოწყობილობით 42 ასტრონომიული მოვლენის თარიღის გაგება იყო შესაძლებელი. ის ასევე იძლეოდა ინფორმაციას მთვარისა და მზის დაბნელებების შეფერილობისა და დიდ სპორტულ ღონისძიებებამდე, მაგალითად, ოლიმპიადამდე დარჩენილი დროის შესახებ.

სამწუხაროდ, ანტიკითერას მექანიზმის შესახებ ბევრი დეტალი დღემდე უცნობია. არ ვიცით მისი გამომგონებლის ვინაობაც. მეცნიერთა მოსაზრებით, ასეთი რთული მოწყობილობის შექმნა შეუძლებელი იქნებოდა წინამორბედი, უფრო მარტივი კონსტრუქციების გარეშე, მაგრამ ისინი ამ დრომდე ნაპოვნი არ არის. თუმცა, ერთი რამ ცხადია, უძველესი გამომთვლელი მანქანის აღმოჩენამ ანტიკური ეპოქის მეცნიერების შესახებ ჩვენი წარმოდგენები ძირეულად შეცვალა და თანამედროვე მკვლევრები ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა.

კომენტარები

ბოლო ამბები