Thumbnail

სად ვუყუროთ SpaceX-ის ეკიპაჟიანი კოსმოსური ხომალდის გაშვებას?

გოჩა ვანაძე პროფილის ფოტო
გოჩა ვანაძე

ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ასტრონავტები რობერტ ბენკენი და დაგლას ჰერლი კომპანია SpaceX-ის კოსმოსური ხომალდით Crew Dragon დედამიწის ორბიტაზე 28 მაისს, თბილისის დროით 00:33 საათზე გაფრინდებიან.

SpaceX-ის კოსმოსური ხომალდის ეკიპაჟს რაკეტამდე Tesla Model X მიიყვანს

2011 წელს Space Shuttle-ის პროგრამის დახურვის შემდეგ, ეს ამერიკის მიწიდან ასტრონავტების კოსმოსში გაშვების პირველი შემთხვევა იქნება. ამასთანავე, ისტორიაში პირველად, ჩვენი პლანეტის ორბიტაზე ადამიანის გაყვანას კომერციული ორგანიზაცია უზრუნველყოფს.

დღეს 20:00 საათზე NASA კოსმოსური ხომალდის გაშვების პირდაპირ რეპორტაჟს დაიწყებს, რომლის ყურებასაც სააგენტოს YouTube არხსა და Facebook გვერდზე შეძლებთ.

ფრენა NASA-ს მისიის Demo-2 ფარგლებში განხორციელდება. რაკეტა Falcon 9 ფლორიდაში მდებარე კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრიდან აფრინდება და Crew Dragon-ს დედამიწის ორბიტაზე გაიყვანს. 28 მაისის 07:39 საათზე კი ასტრონავტების საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გადასვლაა დაგეგმილი. მისიის დასრულების შემდეგ რობერტ ბენკენი და დაგლას ჰერლი ფლორიდის აღმოსავლეთ სანაპიროსთან, ატლანტის ოკეანეში დაეშვებიან, სადაც მათ SpaceX-ის გემი დახვდება.

ამის შემდეგ Crew Dragon-ით კოსმოსში კიდევ ოთხი ასტრონავტი გაფრინდება. მომავალ მისიაში მონაწილეობას ამერიკელები მაიკლ ჰოპკინსი, ვიქტორ გლოვერი და შენონ ვოქერი, ასევე იაპონელი სოიჩი ნოგუჩი მიიღებენ.

ნახეთ: როგორი იქნებოდა გაშვების პროცესი, რაკეტები გამჭვირვალე რომ ყოფილიყო

ილონ მასკის მიერ 2002 წელს დაფუძნებული SpaceX ერთ-ერთია იმ ორი კომპანიიდან, რომლებიც NASA-მ დედამიწიდან საერთაშორისო კოსმოსურ სადგურამდე და უკან ასტრონავტების გადასაყვანად დაიქირავა. 2.6 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების კონტრაქტი კოსმოსური ხომალდით Crew Dragon და რაკეტით Falcon 9 ექვსი ასეთი მისიის განხორციელებას ითვალისწინებს. მეორე კომპანია Boeing მსგავს ფრენებს კაფსულით Starliner შეასრულებს. საავიაციო, სამხედრო და კოსმოსური ტექნიკის მწარმოებელი გიგანტი მომსახურების სანაცვლოდ 4.2 მილიარდ აშშ დოლარს მიიღებს.

Crew Dragon საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ასტრონავტების რუსული "სოუზის" ტიპის ხომალდების გამოყენების გარეშე, გაცილებით ბიუჯეტურ ფასად გასაგზავნად შეიქმნა. ახლა NASA ერთი ადამიანის ორბიტაზე გასაყვანად დაახლოებით 80 მილიონ დოლარს იხდის. ვარაუდობენ, რომ SpaceX-ის საფრენი აპარატით კოსმოსში ფრენის ღირებულება 20 მილიონი დოლარი იქნება. Crew Dragon-ის მრავალჯერადი გამოყენებით კი, დროთა განმავლობაში ამ თანხის კიდევ უფრო შემცირებაა დაგეგმილი.

კომენტარები

ბოლო ამბები