Thumbnail

ჰიტლერის ალიგატორი 84 წლის ასაკში მოსკოვის ზოოპარკში გარდაიცვალა

თამარ ხმიადაშვილი პროფილის ფოტო
თამარ ხმიადაშვილი

მსოფლიოში უხუცესი ალიგატორი სახელად სატურნი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მოსკოვის ზოოპარკმა გაავრცელა, სადაც ლეგენდარული რეპტილია 75 წლის განმავლობაში ბინადრობდა. თავისი სახეობის წარმომადგენლებს შორის, რომლებიც ველურ ბუნებაში საშუალოდ 30-50 წლის ასაკამდე აღწევენ, სატურნმა ყველაზე დიდხანს იცოცხლა, თუმცა ეს მისი ისტორიის ყველაზე უჩვეულო ნაწილი არ არის.

► მამაკაცი, რომელიც კარანტინიდან სათევზაოდ გაიპარა, ნიანგმა შეჭამა

1936 წელს აშშ-ის მისისიპის შტატში დაბადებული ალიგატორი მალევე შეიპყრეს და ბერლინის ზოოპარკში გადაიყვანეს, სადაც ის მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე უზრუნველად ცხოვრობდა. ლეგენდის თანახმად, ის გამორჩეულად უყვარდა ადოლფ ჰიტლერს, რომელიც დაწესებულების ხშირი სტუმარი იყო. 1943 წელს მოკავშირეთა ავიაციის მიერ გერმანიის დედაქალაქზე მიტანილი იერიშის დროს, ზოოპარკის 16 ათასი ბინადრიდან დაღუპვას მხოლოდ 96 გადაურჩა. მათ შორის იყო სატურნიც, რომელიც დაბომბვის დროს დანგრეული აკვარიუმიდან გაპარვა მოახერხა და სამი წლით გაუჩინარდა. 

ლეგენდის თანახმად, ალიგატორი სახელად სატურნი ადოლფ ჰიტლერის განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობდა.

მიმალვაში მყოფი ალიგატორი 1946 წელს ბრიტანელმა ჯარისკაცებმა აღმოაჩინეს და საბჭოთა ოკუპაციის ზონაში მდებარე ქალაქ ლაიპციგში წითელ არმიას გადასცეს. ამავე წელს ის რუსეთში ჩაიყვანეს და მოსკოვის ზოოპარკში მოათავსეს. იქ იმ დროს მხოლოდ ორი ნიანგი ბინადრობდა, რამაც 3.5 მეტრი სიგრძისა და 200 კილოგრამი წონის რეპტილიის მიმართ საყოველთაო ინტერესი განაპირობა.

გერმანიიდან ჩამოყვანილ ალიგატორს მოსკოვის ზოოპარკის ვიზიტორებმა "ჰიტლერი" შეარქვეს, თუმცა მოგვიანებით მას გაცილებით კეთილხმოვანი სახელი "სატურნი" შეურჩიეს. ის მშვიდი ხასიათის ცხოველი იყო, იშვიათ შემთხვევებში კი უკმაყოფილებას საკვების მისაწოდებლისა და ვოლიერის დეკორაციების ღრღნით გამოხატავდა. როგორც დაწესებულების საპატიო ბინადარს, სატურნს კვების რაციონი მისი სურვილისამებრ შეურჩიეს. რეპტილია კვირაში ორჯერ თევზით, კურდღლებითა და ვირთხებით იკვებებოდა. მას საყვარელი მომვლელებიც ჰყავდა, რომლებსაც მარტივად ცნობდა და ჯაგრისით მასაჟის გაკეთების უფლებასაც აძლევდა.

► მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ გველებს ერთმანეთთან დამეგობრების უნარი შესწევთ

ლეგენდარულ ალიგატორს ცხოვრების ორი თანამგზავრი ჰყავდა. პირველი, სახელად შიპკა, მოსკოვის ზოოპარკს 1950 წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა აჩუქა. ის სატურნზე 13 წლით უმცროსი იყო, თუმცა სიცოცხლე მასზე ბევრად ადრე დაასრულა. რეპტილიამ მისი სიკვდილი ისე განიცადა, რომ გარკვეული დროის განმავლობაში საკვების მიღებაზე უარს ამბობდა. რაც შეეხება მეორე ცოლს, ის სატურნს 2005 წელს ჩამოუყვანეს.

 

სატურნი მოსკოვის ზოოპარკში სიკვდილს რამდენჯერმე გადაურჩა. 1980-იან წლებში მისი აკვარიუმის თავზე ჭერი ჩამოიქცა, თუმცა თავშესაფარში მყოფ ალიგატორს ბეტონის ნამტვრევები არ მოხვედრია. შემდეგ მთვრალმა დამთვალიერებელმა გასაღვიძებლად თავში ქვა ესროლა და იმდენად სერიოზულად დააზიანა, რომ ვეტერინარები მისი სიცოცხლის გადასარჩენად სამი თვე იბრძოდნენ. მოგვიანებით კი რეპტილია ტურისტთა ჯგუფის მიერ ნასროლი შუშის ბოთლებით დაიჭრა. 1990-იან წლებში მას ახალი აკვარიუმი აუშენეს, თუმცა სატურნმა საცხოვრებელი ადგილის გამოცვლა გააპროტესტა და ოთხთვიანი შიმშილობა გამოაცხადა.

► ნახეთ: უკანასკნელი ტასმანიური მგლის ამსახველი ვიდეომასალა

1993 წლის კონსტიტუციური კრიზისის დროს, როცა მოსკოვის ქუჩებში ტანკები გამოჩნდნენ და მათი გადაადგილებით გამოწვეულმა ვიბრაციამ ზოოპარკამდეც მიაღწია, მომვლელების თქმით, სატურნი ტიროდა. როგორც ჩანს, ხმაურმა ალიგატორს ბერლინისთვის ბრძოლის პერიპეტიები გაახსენა.

2015 წლიდან რეპტილიის სპონსორი სამოსის მწარმოებელი ფრანგული კომპანია Lacoste გახდა, რომლის ემბლემაზეც ნიანგია გამოსახული.

მოსკოვის ზოოპარკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სატურნისგან ფიტულს დაამზადებენ და დარვინის სახელმწიფო მუზეუმის საგამოფენო სივრცეში განათავსებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები