Thumbnail

ინდოეთში პაკისტანის ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი მტრედი დაიჭირეს

გოჩა ვანაძე პროფილის ფოტო
გოჩა ვანაძე

ინდოეთის ჯამუ და ქაშმირის შტატის კათუას დასახლებაში პაკისტანის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი მტრედი დაიჭირეს. ფრინველი ორი ქვეყნის საზღვრის სიახლოვეს მცხოვრები ინდოეთის მოქალაქის, გეეტა დევის სახლში შეფრინდა. პოლიციას კი ის მას შემდეგ ჩააბარეს, რაც სხეულზე ვარდისფერი საღებავით გაკეთებული აღნიშვნა, ფეხზე კი რგოლი აღმოუჩინეს, რომელზეც გაურკვეველი კოდი ეწერა.

"არ ვიცით, საიდან მოფრინდა. ადგილობრივებმა მტრედი საზღვართან ახლოს დაიჭირეს. მას ფეხზე რგოლი აქვს, რომელზეც რაღაც რიცხვებია დაწერილი. ფრინველები საერთაშორისო საზღვრებს შეუფერხებლად კვეთენ, ამიტომაც ეს ეჭვის საფუძველი გახდა", - განაცხადა კათუას პოლიციის უფროსმა, შაილენდრა კუმარ მიშრამ.

► ჰიტლერის ალიგატორი 84 წლის ასაკში მოსკოვის ზოოპარკში გარდაიცვალა

პაკისტანური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი მტრედი ამ ქვეყნის საზღვრისპირა სოფელ ბაგა-შაკარგარში მცხოვრებ ფერმერს, ჰაბიბულას ეკუთვნის. ის ამტკიცებს, რომ ფრინველები ურაზა-ბაირამის დღესასწაულის წინ შეღება და გაუშვა, ხოლო რგოლზე დაწერილი რიცხვები მისი ტელეფონის ნომერია. ფერმერმა ინდოეთის პრემიერმინისტრ ნარენდრა მოდისაც მიმართა და მტრედის უკან დაბრუნება მოსთხოვა, თუმცა ამ ქვეყნის სამართალდამცველთა ცნობით, ის გამოძიების დასრულებამდე პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ დარჩება.

ვარდისფერი საღებავით შეღებილი მტრედი პაკისტანის ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი. ფოტო: ANI

ეს ინდოეთში მტრედისთვის პაკისტანის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდების წაყენების პირველი შემთხვევა არ გახლავთ. 2015 წელს საზღვრიდან 4 კილომეტრით დაშორებულ პატარა სოფელში კიდევ ერთი ფრინველი დაიჭირეს, რომელსაც კუდზე რიცხვებთან ერთად, ურდუს ენაზე პაკისტანის ერთ-ერთი რეგიონის დასახელებაც ეწერა. 

ორ ქვეყანას შორის კონფლიქტი 1947 წელს ინდოეთისა და პაკისტანის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ დაიწყო. განხეთქილების მთავარი მიზეზი ქაშმირის რეგიონი გახლავთ, რომელზეც პრეტენზიებს ორივე მხარე აცხადებს. მეზობლებს  შორის დაპირისპირება სამ დიდ ომს და უამრავ მცირე შეტაკებას ითვლის. დროშის დაშვების ცერემონია ინდოეთისა და პაკისტანის საზღვარზე, რომელიც ყოველდღიურად მზის ჩასვლამდე ორი საათით ადრე იმართება, ამ ქვეყნების დაპირისპირებისა და თანაცხოვრების ხანგრძლივი ისტორიის ერთ-ერთი სიმბოლოა. 

კომენტარები

ბოლო ამბები