Thumbnail

ნახეთ: ქალაქ უხანში COVID-19-ზე ტესტირება 6 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა

ჩინეთის ქალაქ უხანში, საიდანაც კორონავირუსის პანდემია დაიწყო, 6 მილიონზე მეტ ადამიანს COVID-19-ზე ტესტირება ჩაუტარდა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო  რაც 35-დღიანი წყვეტის შემდეგ, ხუბეის პროვინციის დედაქალაქში დაავადების 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ვირუსის ხელახალი გავრცელების თავიდან ასაცილებლად, უხანის თითოეულ რაიონს მაცხოვრებელთა რაოდენობისა და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით შექმნილი დეტალური გეგმის წარდგენა დაევალა, რომლითაც მასობრივი ტესტირების დროს უნდა ეხელმძღვანელათ. შიდა მოხმარების დოკუმენტში ეს პროცესი "10-დღიანი ბრძოლის“ სახელით იყო მოხსენიებული. მის ფარგლებში ქალაქის მთელი მოსახლეობის, 11 მილიონი ადამიანის ტესტირება დაიგეგმა. მოხდა ათასობით მედიცინის მუშაკის მობილიზება და გაიხსნა სპეციალური პუნქტები, რომელთა დანიშნულებაც უმოკლეს ვადაში რაც შეიძლება მეტი ადამიანის შემოწმებაა.

ქალაქ უხანის მთელ მოსახლეობას COVID-19-ზე ტესტირება უტარდება

მთელი ქალაქის მასშტაბით კორონავირუსზე ტესტირებისთვის განკუთვნილი ასობით პუნქტი ამოქმედდა. 
ფოტო: Getty Images

ქალაქ უხანის მთელ მოსახლეობას COVID-19-ზე ტესტირება უტარდება

მოქალაქეები ეპიდემიოლოგებთან წინასწარ მინიჭებული რიგის ნომრებით ხვდებიან.
ფოტო: Barcroft Media

ქალაქ უხანის მთელ მოსახლეობას COVID-19-ზე ტესტირება უტარდება

ტესტირებისას პრიორიტეტი მჭიდრო დასახლებებში მცხოვრებ მოქალაქეებსა და ხანდაზმულებს ენიჭებათ.
ფოტო: Barcroft Media

ქალაქ უხანის მთელ მოსახლეობას COVID-19-ზე ტესტირება უტარდება

10 დღის განმავლობაში ქალაქის 11 მილიონი მაცხოვრებლის შემოწმება იგეგმება.
ფოტო: Reuters

ქალაქ უხანის მთელ მოსახლეობას COVID-19-ზე ტესტირება უტარდება

ტესტირება ქალაქის ყველა უბანში ტარდება. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და ხანდაზმულ მოქალაქეებთან კი ეპიდემიოლოგები სახლებში მიდიან.
ფოტო: Barcroft Media

ქალაქ უხანის მთელ მოსახლეობას COVID-19-ზე ტესტირება უტარდება

რამდენიმე ადამიანისგან აღებულ ბიოლოგიურ ნიმუშებს ერთ სინჯარაში ათავსებენ, დადებითი პასუხის შემთხვევაში კი თითოეულს განმეორებითი ტესტი ჩაუტარდება.
ფოტო: Reuters

ქალაქ უხანის მთელ მოსახლეობას COVID-19-ზე ტესტირება უტარდება

6.5 მილიონი ადამიანის ტესტირებისას აღებული ბიოლოგიური ნიმუშები ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია.
ფოტო: Barcroft Media

ქალაქ უხანის მთელ მოსახლეობას COVID-19-ზე ტესტირება უტარდება

ამ დროისთვის შემოწმებამ დაავადების 206 ახალი შემთხვევა გამოავლინა. აღსანიშნავია, რომ ყველა პაციენტი უსიმპტომოა. 
ფოტო: Getty Images

უხანში ინფიცირებულთა რიცხვის კლების გამო 76 დღის განმავლობაში მოქმედი კარანტინი 8 აპრილს გაუქმდა. აღდგა ტრანსპორტის მოძრაობა, გაიხსნა ზოგიერთი საგანმანათლებლო დაწესებულება, მოქალაქეებს კი სამსახურეობრივი საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა მიეცათ. ამის მიუხედავად, ძალაში რჩება ისეთი პრევენციული ღონისძიებები, როგორიცაა დამცავი ნიღბის ტარება, ტემპერატურის შემოწმებები და მასობრივი თავყრილობების აკრძალვა. მოსახლეობის მიერ სოციალური დისტანციის დაცვას პოლიცია მკაცრად აკონტროლებს. ხუბეის პროვინციიდან გასვლისა და მის ტერიტორიაზე შემოსვლის უფლებაც მხოლოდ ჯანმრთელ და ინფიცირებულებთან კონტაქტის არმქონე პირებს აქვთ. ეს მათ სმარტფონებში სავალდებულო წესით ჩაწერილი აპლიკაციით კონტროლდება.

► როგორ ცხოვრობს ჩინეთის ქალაქი უხანი კარანტინის გაუქმების შემდეგ

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, COVID-19 ჩინეთის ქალაქ უხანში 2019 წლის 8 დეკემბერს გავრცელდა, არაოფიციალური ინფორმაციით კი კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ხუბეის პროვინციაში ჯერ კიდევ 17 ნოემბერს აღინიშნა. საერთო ჯამში დაავადებულთა რიცხვმა ქვეყანაში 82 ათასს გადააჭარბა, 4600-ზე მეტი ადამიანი კი გარდაიცვალა. თუმცა, აშშ-ის დაზვერვის სამსახურმა თეთრ სახლს წარუდგინა ანგარიში, რომლის მიხედვით ჩინეთი ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რეალურ რაოდენობას მალავს. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი კორონავირუსის თავდაპირველი ეპიცენტრიდან გაჟღერებულ რიცხვებს "შემსუბუქებული" უწოდა.

კომენტარები

ბოლო ამბები