Thumbnail

SpaceX-ის ხომალდით ასტრონავტების კოსმოსში გაშვება გადაიდო

კომპანია SpaceX-ის კოსმოსური ხომალდის Crew Dragon გაშვება, რომელიც 27 მაისს თბილისის დროით 00:33 საათზე იყო დაგეგმილი, უამინდობის გამო გადაიდო. მას დედამიწის ორბიტაზე ასტრონავტები რობერტ ბენკენი და დაგლას ჰერლი უნდა გაეყვანა. 

ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კოსმოსური ხომალდის გაშვების შემდეგი შესაძლებლობა 30 მაისს თბილისის დროით 23:22 საათზე იქნება. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კლიმატური პირობები მისიისთვის ამ დღესაც არასახარბიელო იქნება, მომდევნო მცდელობა 31 მაისს შედგება. 

ასტრონავტები რობერტ ბენკენი და დაგლას ჰერლი რაკეტა Falcon 9-ის ასაფრენ კომპლექსამდე ავტომობილით Tesla Model X მივიდნენ. ვიდეო: SpaceX

2011 წელს Space Shuttle-ის პროგრამის დახურვის შემდეგ, ეს ამერიკის მიწიდან ასტრონავტების კოსმოსში გაშვების პირველი შემთხვევა იქნება. ამასთანავე, ისტორიაში პირველად, ჩვენი პლანეტის ორბიტაზე ადამიანის გაყვანას კომერციული ორგანიზაცია უზრუნველყოფს.

ფრენა NASA-ს მისიის Demo-2 ფარგლებში განხორციელდება. რაკეტა Falcon 9 ფლორიდაში მდებარე კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრიდან აფრინდება და Crew Dragon-ს დედამიწის ორბიტაზე გაიყვანს. რის შემდეგაც ასტრონავტების საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გადასვლაა დაგეგმილი. მისიის დასრულების შემდეგ რობერტ ბენკენი და დაგლას ჰერლი ფლორიდის აღმოსავლეთ სანაპიროსთან, ატლანტის ოკეანეში დაეშვებიან, სადაც მათ SpaceX-ის გემი დახვდება.

მას შემდეგ, რაც ასტრონავტები კოსმოსურ ხომალდში Crew Dragon ჩასხდნენ, რაკეტის გაშვებისთვის მზადყოფნა გამოცხადდა. ვიდეო: SpaceX

ბენკენისა და ჰერლის შემდეგ Crew Dragon-ით კოსმოსში კიდევ ოთხი ასტრონავტი გაფრინდება. მომავალ მისიაში მონაწილეობას ამერიკელები მაიკლ ჰოპკინსი, ვიქტორ გლოვერი და შენონ ვოქერი, ასევე იაპონელი სოიჩი ნოგუჩი მიიღებენ.

► ნახეთ: როგორი იქნებოდა გაშვების პროცესი, რაკეტები გამჭვირვალე რომ ყოფილიყო

ილონ მასკის მიერ 2002 წელს დაფუძნებული SpaceX ერთ-ერთია იმ ორი კომპანიიდან, რომლებიც NASA-მ დედამიწიდან საერთაშორისო კოსმოსურ სადგურამდე და უკან ასტრონავტების გადასაყვანად დაიქირავა. 2.6 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების კონტრაქტი კოსმოსური ხომალდით Crew Dragon და რაკეტით Falcon 9 ექვსი ასეთი მისიის განხორციელებას ითვალისწინებს. მეორე კომპანია Boeing მსგავს ფრენებს კაფსულით Starliner შეასრულებს. საავიაციო, სამხედრო და კოსმოსური ტექნიკის მწარმოებელი გიგანტი მომსახურების სანაცვლოდ 4.2 მილიარდ აშშ დოლარს მიიღებს.

"დღეს ვერ გავფრინდებით", - დაგეგმილ დრომდე 16 წუთით ადრე ასტრონავტებს გაშვების გაუქმების შესახებ შეატყობინეს. ვიდეო: NASA

Crew Dragon საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ასტრონავტების რუსული "სოუზის" ტიპის ხომალდების გამოყენების გარეშე, გაცილებით ბიუჯეტურ ფასად გასაგზავნად შეიქმნა. ახლა NASA ერთი ადამიანის ორბიტაზე გასაყვანად დაახლოებით 80 მილიონ დოლარს იხდის. ვარაუდობენ, რომ SpaceX-ის საფრენი აპარატით კოსმოსში ფრენის ღირებულება 20 მილიონი დოლარი იქნება. Crew Dragon-ის მრავალჯერადი გამოყენებით კი, დროთა განმავლობაში ამ თანხის კიდევ უფრო შემცირებაა დაგეგმილი.

კომენტარები

ბოლო ამბები