Thumbnail

აშშ-ის ყოველი მეხუთე მოქალაქე COVID-19-ის ვაქცინაზე უარს ამბობს

საინფორმაციო სააგენტო Associated Press-ისა და საზოგადოებრივი აზრის კვლევის ეროვნული ცენტრის (NORC) მიერ ერთობლივად ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებაზე უარს ყოველი ხუთიდან ერთი ამერიკელი აცხადებს.

ამავე კვლევის მიხედვით, ქვეყნის მოქალაქეთა მხოლოდ ნახევარია დარწმუნებული იმაში, რომ COVID-19-ის ვაქცინის გამოგონების შემთხვევაში, მას აუცილებლად გაიკეთებს. გამოკითხულთა 31 პროცენტს ეს ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ აქვს.

"ვაქცინაციასთან დაკავშირებით ბევრ ამერიკელს ამ დროისთვის ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს, თუმცა არსებობს უამრავი შესაძლებლობა იმისთვის, რომ მოქალაქეები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მნიშვნელობასა და უსაფრთხოებაში დავარწმუნოთ", - აცხადებენ NORC-ის წარმომადგენლები.

მანიფესტანტი პლაკატით "არა ვაქცინას"  კალიფორნიაში კარანტინის დასრულების მოთხოვნით გამართულ აქციაზე.

გადაუწყვეტელთა ასეთი მაღალი მაჩვენებელი მხოლოდ ანტივაქსერების დამსახურება არ გახლავთ. გამოკითხვაში მონაწილეთა ნაწილმა გამოთქვა შეშფოთება, რომ ვაქცინაზე მუშაობის მაღალი ტემპის გამო, მისი გვერდითი ეფექტების საფუძვლიანად გამოკვლევა ვერ მოესწრება. ვაქცინაციის წინააღმდეგი ყოველი ათი ადამიანიდან ოთხს კი ეშინია, რომ ახალი კორონავირუსი სწორედ ამ გზით შეეყრება.

რაც შეეხება მათ, ვინც COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნის შემთხვევაში, პრეპარატის გაკეთებას აპირებს - ყოველი ათიდან შვიდი მიიჩნევს, რომ ვაქცინაციის გარეშე ცხოვრება ჩვეულ რეჟიმს ვერ დაუბრუნდება და ეს ოჯახის, ახლობლებისა და საკუთარი თავის დასაცავადაა აუცილებელი. 

აღსანიშნავია ისიც, რომ კვლევის შედეგები განსხვავდება ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით. 60 წლის ასაკზე უფროსი ადამიანების 67 პროცენტი აცხადებს, რომ ვაქცინას აუცილებლად გაიკეთებს, 60 წლამდე გამოკითხულთა შორის კი ეს მაჩვენებელი მხოლოდ 40 პროცენტს შეადგენს. 

ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსის პანდემის მსხვერპლთა რაოდენობამ უკვე 100 ათასს გადააჭარბა. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ შეიმუშავა პროგრამა, რომლის საფუძველზეც, ვაქცინის შექმნის შემთხვევაში, ქვეყანა 300 მილიონ დოზას შეიძენს. ჯანდაცვის დეპარტამენტი კი მილიარდზე მეტი აშშ დოლარით აფინანსებს საერთაშორისო ფარმაცევტულ გიგანტს AstraZeneca, რომელიც ოქსფორდის უნივერსიტეტთან არსებულ ედვარდ ჯენერის სახელობის ინსტიტუტთან ერთად, ვაქცინის შექმნაზე მუშაობს. აღსანიშნავია, რომ მათ გარდა COVID-19-ის საწინააღმდეგო პრეპარატის შექმნას არაერთი დაწესებულება ცდილობს. მათ შორისაა ბიოტექნოლოგიური კომპანიები Inovio და Moderna, რომელთა ვაქცინები უკვე გამოცდის ეტაპზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები