Thumbnail

მექსიკაში მშენებარე აეროპორტის ტერიტორიაზე მამონტის ძვლები აღმოაჩინეს

თამარ ხმიადაშვილი პროფილის ფოტო
თამარ ხმიადაშვილი

არქეოლოგებმა მექსიკის დედაქალაქის სიახლოვეს, გენერალ ფელიპე ანხელესის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის სამშენებლო მოედანზე 60-ამდე მამონტის ძვალი აღმოაჩინეს. ნაპოვნია ასევე კოლუმბამდელ ეპოქაში დაკრძალული 15 ადამიანის ნაშთი. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს აღმოჩენა მათ მეხიკოს ველის ევოლუციის უკეთ შესწავლაში დაეხმარება.

► უკანასკნელმა მამონტებმა მუტაციის გამო ყნოსვის უნარი დაკარგეს

ქვეყნის ანთროპოლოგიისა და ისტორიის ეროვნულმა ინსტიტუტმა ამ ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრები გასული წლის ოქტომბერში დაიწყო. აღმოჩენის ადგილზე ადრე დამშრალი ტბა სალტოკანი მდებარეობდა, რომლის ნაპირზე მზარდი ბალახი და ლერწამი კოლუმბიურ მამონტებს იზიდავდა. ეს ძუძუმწოვარი თანამედროვე აფრიკულ სპილოზე დიდი იყო და მას, მეცნიერთა ვარაუდით, ბეწვი არ ფარავდა. ის ჩრდილოეთ და ცენტრალური ამერიკის ტერიტორიაზე პლეისტოცენის ეპოქაში ბინადრობდა, რომელიც დაახლოებით 12 ათასი წლის წინ დასრულდა. მკვლევრები ვარაუდობენ, რომ მამონტები ტბის ტალახში გაიჭედნენ და ისე დაიხოცნენ, თუმცა არც იმას გამორიცხავენ, რომ ადგილობრივ მაცხოვრებლებს ტალახი გიგანტური ცხოველის დასაჭერ ბუნებრივ ხაფანგად გამოეყენებინათ.

მექსიკაში მშენებარე აეროპორტის ტერიტორიაზე აღმოჩენილი მამონტის ძვლები. ფოტო: NIAH

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის ნოემბერში, აღმოჩენის ადგილიდან რამდენიმე კილომეტრით დაშორებულ ქალაქ ტულტეპეკთან, არქეოლოგებმა მამონტის დასაჭერ ხაფანგებს მიაგნეს, რომლებითაც ამ ადგილზე 15 ათასი წლის წინ მცხოვრები ადამიანები სარგებლობდნენ. 80 სანტიმეტრიდან 2.5 მეტრამდე სიღრმის ორმოებში სულ 14 მამონტის ძვლები აღმოაჩინეს. მკვლევართა ვარაუდით, მონადირეები ცხოველებს ხაფანგებისკენ იტყუებდნენ და შემდეგ ხოცავდნენ. ამ აღმოჩენებმა შესაძლოა, შეცვალოს წარმოდგენა იმის შესახებ, რომ ჩვენი წინაპრები მამონტის ხორცს საკვებად იშვიათად იყენებდნენ.

მეცნიერებმა უძველესი ევროპელი ჰომო საპიენსის ძვლები აღმოაჩინეს

ანთროპოლოგიისა და ისტორიის ეროვნულმა ინსტიტუტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, არქეოლოგიური გათხრები 2022 წლამდე გაგრძელდება და აეროპორტის მშენებლობას არ შეაფერხებს.

კომენტარები

ბოლო ამბები