Thumbnail

მარსზე გადაღებული 7 უცნაური და საიდუმლოებით მოცული ფოტოსურათი

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

მარსს კაცობრიობა ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვით მე-2 ათასწლეულიდან აკვირდება, მე-20 საუკუნის 1960-იანი წლებიდან კი წითელი პლანეტისკენ უპილოტო კოსმოსური ხომალდების გაშვება დაიწყეს. ციური სხეულის პირველი ფოტო NASA-ს ავტომატური პლანეტათაშორისი სადგურის Mariner 4 ტელეკამერამ 1965 წელს გადაიღო. მას შემდეგ იქ კიდევ ბევრი წარმატებული მისია განხორციელდა, რომელთა შედეგად არაერთი თვალწარმტაცი კადრის ხილვის შესაძლებლობა მოგვეცა.

ჩვენს სტატიაში მარსზე გადაღებული შვიდი უცნაური და საიდუმლოებით მოცული ფოტოსურათის შესახებ ვისაუბრებთ, რომელმაც სხვადასხვა დროს საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესი დაიმსახურა.

7. ქალის სახე

ფოტო: NASA/JPL

1976 წელს NASA-ს კოსმოსურმა ხომალდმა Viking 1 წითელ პლანეტაზე ქალის სახის მსგავსი გამოსახულება დააფიქსირა. საზოგადოების ნაწილმა სურათი არამიწიერი ცივილიზაციის არსებობის მტკიცებულებად მიიჩნია. სააგენტო ინფორმაციის დამალვაშიც კი დაადანაშაულეს. ეჭვების გასაფანტად, მეცნიერებმა მარსის ამ ნაწილის უკეთ შესწავლა გადაწყვიტეს და 2001 წელს მაღალი გარჩევადობის ფოტოც გადაუღეს. აღმოჩნდა, რომ საქმე ოპტიკურ ილუზიასთან გვქონდა. პლანეტის ზედაპირს ჩრდილი ისე ეცემოდა, რომ თვალების, პირისა და ცხვირის მსგავს მოხაზულობას გამოკვეთდა.

6. ადამიანის ფიგურა

ფოტო: NASA/JPL-Caltech/Cornell University 

2007 წელს NASA-ს მარსმავალმა Spirit ციური სხეულის პანორამული ხედი გადაიღო. მისი გავრცელებისთანავე საზოგადოების ყურადღება ფოტოზე გამოსახულმა უჩვეულო ფიგურამ მიიპყრო, რომელიც მოძრავ ადამიანს ჰგავდა. სინამდვილეში, სურათზე გისევის კრატერის ერთ-ერთ პლატოზე მდებარე კლდეა აღბეჭდილი. სპეციალისტების განცხადებით, მან ასეთი ფორმა ძლიერი ქარის ხანგრძლივი ზემოქმედების შედეგად მიიღო, რაც წითელი პლანეტის ამ რეგიონში საკმაოდ ხშირი მოვლენაა.

5. სინათლის სხივი

ფოტო: NASA/JPL

2014 წელს NASA-ს კოსმოსურმა აპარატმა Curiosity დედამიწაზე გეილის კრატერში გადაღებული ეს ფოტო გამოაგზავნა. სურათზე აღბეჭდილმა სინათლის სხივმა დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. არამიწიერი ცივილიზაციების არსებობაში დარწმუნებული ენთუზიასტები იმასაც კი ამტკიცებდნენ, რომ ის პლანეტის ზედაპირის ქვეშ მცხოვრები გონიერი არსებების ნახელავი იყო. თუმცა, მკვლევრები მალევე მიხვდნენ, რომ საქმე კოსმოსურ რადიაციასთან ჰქონდათ. დამუხტულმა ნაწილაკებმა კამერაში შეაღწია და ციფრული გამოსახულების ცდომილება განაპირობა.

4. კოვზი

ფოტო: NASA/JPL-Caltech 

დიდი გამოხმაურება მოჰყვა Curiosity-ის მიერ 2016 წელს გადაღებულ ამ ფოტოსაც, რომელზეც კოვზის მსგავსი ობიექტია გამოსახული. გამოითქვა მოსაზრება, რომ ის მარსზე ოდესღაც მცხოვრები ცივილიზაციის წარმომადგენელთა ნახელავი იყო. თუმცა ასეთი ფორმის მიუხედავად, სურათზე ქვიშის კრისტალებისგან დაზიანებული ქვაა აღბეჭდილი, რომელიც ადამიანებმა ნაცნობ საგანს მიამსგავსეს და არასწორად აღიქვეს. ვიზუალური მასახიათებლების საფუძველზე ობიექტების ერთმანეთთან მიმსგავსებისკენ სწრაფვა ფსიქოლოგიაში ცნობილი ფენომენია და მას პარეიდოლია ეწოდება.

3. ბარძაყის ძვალი

ფოტო: NASA/JPL-Caltech/MSSS 

პარეიდოლიის კიდევ ერთ მაგალითია მარსმავალ Curiosity-ის მიერ 2014 წელს გადაღებული ამ ფოტოსურათის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი. არაერთი ადამიანი სრული სერიოზულობით ამტკიცებდა, რომ როვერმა წითელი პლანეტის უძველესი მაცხოვრებლის ნაშთებს, კერძოდ კი ბარძაყის ძვალს მიაგნო. მათი ვარაუდი, რა თქმა უნდა, არ გამართლდა. NASA-ს მეცნიერებმა სურათზე აღბეჭდილი ქვის ასეთი ფორმა ეროზიით ახსნეს და დასძინეს, რომ მარსზე არსებული პირობების გათვალისწინებით, იქ ამ ზომის ცოცხალი ორგანიზმები უბრალოდ ვერ იარსებებდნენ.

2. ოქროს ზოდი

ფოტო: NASA/JPL-Caltech/LANL

2018 წელს წითელი პლანეტის ზედაპირზე გაშიშვლებული ქანების შესწავლისას, მარსმავალი Curiosity გლუვ და მბზინავ ქვას გადააწყდა, რომელმაც NASA-ს სპეციალისტების ყურადღება მაშინვე მიიპყრო. ერთი შეხედვით, ნატეხი ოქროს ზოდს წააგავდა, თუმცა მოგვიანებით მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ის, სავარაუდოდ, მეტეორიტის ნარჩენი იყო. აღსანიშნავია, რომ როვერს მარსის ზედაპირის გამოკვლევისას მსგავსი ობიექტები ადრეც შეხვედრია, მათ შორის 2015 და 2016 წლებში.

1. სფერული კენჭები

ფოტო: NASA/JPL-Caltech/Cornell/USGS

2004 წელს მარსმავალმა Opportunity მერიდიანის პლატოზე რკინის ოქსიდის მინერალის, ჰემატიტის სფერული კენჭები აღმოაჩინა, რომელთა წარმომავლობაც დღემდე დავის საგანია. მათი ამ სახით ფორმირება, შესაძლოა, სხვადასხვა მიზეზით იყოს გამოწვეული. მაგალითად, მეტეორიტებთან შეჯახებით, ვულკანის ამოფრქვევით, ფხვიერი ნალექის დაგროვებით ან კალციტთან ურთიერთქმედებით. არ გამორიცხავენ იმასაც, რომ ბურთულები მინერალურ აგრეგატს, კონკრეციას მიეკუთვნებოდეს, რომელიც დედამიწაზეც მრავლად გვხვდება.

კომენტარები

ბოლო ამბები