Thumbnail

მსოფლიოს უხუცესი მამაკაცი 112 წლის ასაკში გარდაიცვალა

თამარ ხმიადაშვილი პროფილის ფოტო
თამარ ხმიადაშვილი

მსოფლიოს უხუცესი მამაკაცი, ინგლისელი ბობ ვეიტონი 112 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მისი ოჯახის წევრებმა გაავრცელეს. მათივე ცნობით, სიკვდილის მიზეზი ონკოლოგიური დაავადება გახდა. 

"ბობი ყველა ჩვენგანისთვის მისაბაძი მაგალითი იყო. მას მთელ მსოფლიოში უამრავი მეგობარი ჰყავდა და მიმღებლობის, ერთმანეთზე ზრუნვისა და სიყვარულის სჯეროდა. ბევრს კითხულობდა და პოლიტიკაზე, თეოლოგიასა და ეკოლოგიაზე საუბარი უყვარდა. მადლიერები ვართ, რომ ის ჩვენთვის სიცოცხლის ბოლომდე კეთილ, გონებამახვილ და ჭკვიან მამად, ბაბუად და დიდი ბაბუად რჩებოდა", - ვკითხულონთ ვეიტონის ოჯახის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

112 წლის ბობ ვეიტონი თავის სახელოსნოშია გადაღებული, სადაც ის ხის ნაკეთობებს ამზადებდა.

ბობ ვეიტონი მსოფლიოს უხუცესი მამაკაცად მას შემდეგ აღიარეს, რაც მისი წინამორბედი, გინესის რეკორდსმენი იაპონელი ჩიტეცუ ვატანაბე 2020 წლის თებერვალში 112 წლის ასაკში გარდაიცვალა. ყოფილი ინჟინერი და მასწავლებელი იორკშირის საგრაფოს ქალაქ ჰალში 1908 წლის 29 მარტს დაიბადა, ცხოვრების ბოლო წლებში კი ჰემფშირის საგრაფოში მდებარე ქალაქ ალტონის მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრობდა. ბობს ოთახში პატარა სახელოსნო ჰქონდა მოწყობილი, სადაც ხის ნაკეთობებს ამზადებდა, რომელთა გაყიდვიდან მიღებულ თანხებსაც ქველმოქმედებას ახმარდა.

კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გამო, ბოლო დაბადების დღე ვეიტონმა იზოლაციაში აღნიშნა. აღსანიშნავია, რომ მან უარი განაცხადა დედოფალ ელისაბედ მეორის მისალოც ბარათზე, რადგან, მისი თქმით, ასეთი უკვე ათზე მეტი ჰქონდა და გადასახადების გადამხდელთა ხარჯზე კიდევ ერთის მიღება აღარ სურდა. გარდაცვლილს 3 შვილი, 10 შვილიშვილი და 25 შვილთაშვილი ჰყავდა.

კომენტარები

ბოლო ამბები