Thumbnail

კორონავირუსის პანდემიის გამო Tesla-ს ელექტრომობილები გაიაფდა

გოჩა ვანაძე პროფილის ფოტო
გოჩა ვანაძე

ილონ მასკის მიერ დაფუძნებულმა კომპანიამ Tesla საკუთარი წარმოების ელექტრომობილების სამი სხვადასხვა მოდელის ფასი შეამცირა. ამის მიზეზი ავტოინდუსტრიისთვის კორონავირუსის პანდემიით მიყენებული ზარალი გახდა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში დაწესებული კატანტინისა და სოციალური დისტანციის დაცვისკენ მიმართული რეგულაციების შემსუბუქებასთან ერთად, მრეწველობის ეს დარგი გამოცოცხლებას იწყებს. გაყიდვების წასახალისებლად კომპანიამ ფასი ისეთ მოდელებზე შეამცირა, როგორიცაა Model 3, Model S და Model X.

ილონ მასკმა კორონავირუსის გამო Tesla-ს საწარმოს დახურვაზე უარი განაცხადა

Tesla Model 3 ბიუჯეტურ მოდელად ითვლება. 2 ათასი აშშ დოლარით გაიაფების შემდეგ, მისი ფასი 37,990 აშშ დოლარი გახდა. სედანის ტიპის Model S-ის ღირებულება 5 ათასი აშშ დოლარით შემცირდა და 74,990 აშშ დოლარი შეადგინა. 5 ათასი აშშ დოლარით გაიაფდა ასევე Model X-იც, რომელიც კომპანიის მიერ წარმოებული ყველაზე ძვირადღირებული ელექტრომობილია. დღეისთვის მისი ფასი 79,990 აშშ დოლარია.

აღსანიშნავია, რომ არ შეცვლილა Tesla-ს მიერ ცოტა ხნის წინ გამოშვებული ახალი სერიის Model Y მანქანების ღირებულება. მათი შეძენის მსურველებმა კვლავინდებურად 52,990 აშშ დოლარი უნდა გადაიხადონ.

აშშ-ის მასშტაბით, Tesla-ს 1,870 სწრაფი დამუხტვის სადგური და 16,585 დამტენია განლაგებული. 

ფასდაკლება თავდაპირველად მხოლოდ ჩრდილოეთ ამერიკის ბაზარზე გავრცელდება, თუმცა მომავალში პოტენციური კლიენტების ამ ფორმით წახალისება ჩინეთშიც იგეგმება. Tesla-მ ასევე დააანონსა, რომ ახალი მომხმარებლებისთვის ელექტრომობილების სწრაფი დამტენებით სარგებლობა ფასიანი იქნება.

2019 წლის ნოემბერში ილონ მასკმა საზოგადოებას Tesla-ს კიდევ ერთი ახალი პროდუქტი, ფუტურისტული ელექტროპიკაპი Cybertrack წარუდგინა. ის იმავე მასალისგანაა დამზადებული, რისგანაც მასკის მიერ დაფუძნებული კიდევ ერთი კომპანიის, SpaceX-ის კოსმოსური ხომალდი Starship. მანქანის ღირებულება 39,900 აშშ დოლარიდან იწყება და ძრავების რაოდენობის მიხედვით 69,900 აშშ დოლარამდე აღწევს. მსურველები მის შეძენას 2021 წლიდან შეძლებენ.

ნახეთ: დიზაინერებმა Tesla-ს ელექტროპიკაპის სამხედრო მოდელები შექმნეს

კორონავირუსის პანდემიის განმავლობაში ამერიკული ავტომანქანების გაყიდვის მაჩვენებელი თითქმის განახევრდა. კრიზისის გამო ისეთ კომპანიებს, როგორებიცაა General Motors და Ford მომხმარებლებისთვის გრძელვადიანი საშეღავათო პერიოდებისა და ნულოვანი საპროცენტო განაკვეთების შეთავაზება უწევთ. თუმცა, Tesla-ს მიერ წარმოებული ელექტრომობილები გამონაკლისი აღმოჩნდა. მათი გაყიდვები მსოფლიო მასშტაბით 40,3 პროცენტით გაიზარდა.

კომენტარები

ბოლო ამბები