Thumbnail

SpaceX-მა ამერიკელი ასტრონავტები კოსმოსში გაუშვა

ამერიკელი ასტრონავტები, რობერტ ბენკენი და დაგლას ჰერლი კომპანია SpaceX-ის ხომალდით Crew Dragon კოსმოსში გაფრინდნენ.

ილონ მასკის კომპანიის მიერ შექმნილი რაკეტა Falcon 9 ფლორიდაში მდებარე კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრიდან 30 მაისს, თბილისის დროით 23:22 საათზე აფრინდა. 2011 წელს Space Shuttle-ის პროგრამის დახურვის შემდეგ, ეს ამერიკის მიწიდან ასტრონავტების კოსმოსში გაშვების პირველი შემთხვევაა. ამასთანავე, ისტორიაში პირველად, ჩვენი პლანეტის ორბიტაზე ადამიანის გაყვანა კომერციულმა ორგანიზაციამ უზრუნველყო.

 

ფრენა ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) მისიის Demo-2 ფარგლებში ხორციელდება. 31 მაისს, 18:29 საათზე ასტრონავტების საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გადასვლაა დაგეგმილი. მისიის დასრულების შემდეგ კი რობერტ ბენკენი და დაგლას ჰერლი ფლორიდის აღმოსავლეთ სანაპიროსთან, ატლანტის ოკეანეში დაეშვებიან, სადაც მათ SpaceX-ის გემი დახვდება. 

► ნახეთ: როგორი იქნებოდა გაშვების პროცესი, რაკეტები გამჭვირვალე რომ ყოფილიყო

ილონ მასკის მიერ 2002 წელს დაფუძნებული SpaceX ერთ-ერთია იმ ორი კომპანიიდან, რომლებიც NASA-მ დედამიწიდან საერთაშორისო კოსმოსურ სადგურამდე და უკან ასტრონავტების გადასაყვანად დაიქირავა. 2.6 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების კონტრაქტი კოსმოსური ხომალდით Crew Dragon და რაკეტით Falcon 9 ექვსი ასეთი მისიის განხორციელებას ითვალისწინებს. მეორე კომპანია Boeing მსგავს ფრენებს კაფსულით Starliner შეასრულებს. საავიაციო, სამხედრო და კოსმოსური ტექნიკის მწარმოებელი გიგანტი მომსახურების სანაცვლოდ 4.2 მილიარდ აშშ დოლარს მიიღებს.

Crew Dragon საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ასტრონავტების რუსული "სოუზის" ტიპის ხომალდების გამოყენების გარეშე, გაცილებით ბიუჯეტურ ფასად გასაგზავნად შეიქმნა. დღემდე NASA ერთი ადამიანის ორბიტაზე გასაყვანად დაახლოებით 80 მილიონ დოლარს იხდიდა. SpaceX-ის საფრენი აპარატით კოსმოსში ფრენის ღირებულება 20 მილიონი დოლარი იქნება. Crew Dragon-ის მრავალჯერადი გამოყენებით კი, დროთა განმავლობაში ამ თანხის კიდევ უფრო შემცირებაა დაგეგმილი.

კომენტარები

ბოლო ამბები